სანდრო ალთუნაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ლუკა გაგნიძე, ნიკა გაგნიძე, გიორგი ქოჩორაშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი აბურჯანია, შოთა ნონიკაშვილი, ნიკა კვეკვესკირი
Aa
Aa

სანიოლი ნაკრებში აბურჯანიას დააბრუნებს? - როგორი იქნება ნახევარდაცვის ცენტრი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი უახლოეს დღეებში ნაკრების სიას დაასახელებს. დიდი ალბათობით ფრანგი სპეციალისტი ნაკრებში გიორგი აბურჯანიას დააბრუნებს, რომელსაც ესპანეთთან 1:7 მარცხის შემდეგ ნაკრებში აღარ უთამაშია.

აბუს გამოძახება ამ ეტაპზე ოპტიმალური ვარიანტი ჩანს. მით უმეტეს იმის ფონზე, რომ მისი სამი კონკურენტიდან 1 უგუნდოდაა, 1 ტრავმირებულია და 2 უთამაშებელია.

სანდრო ალთუნაშვილმა „ვოლფსბერგერის’’ სასტარტოში ადგილი დაკარგა, ავსტრიის ბუნდესლიგის სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ 47 წუთი ითამაშა (მსაჯის მიერ დამატებული დრო არ იგულისხმება). ნიკა კვეკვესკირი უგუნდოდაა და შესაბამისად უთამაშებელია (იხილეთ). ანზორ მექვაბიშვილმა ტრავმა მიიღო, ჯვარედინი მყესის გაწყვეტას გადაურჩა, თუმცა დაახლოებით ექვს კვირას გამოტოვებს (იხილეთ). აქედან გამომდინარე, სამი საყრდენი, რომლებიც ევრო 2024-ზე ნაკრებთან იყვნენ, დიდი ალბათობით სიაში ვერ მოხვდება. რაც შეეხება მოსკოვის „დინამოს’’ ფეხბურთელ ლუკა გაგნიძეს, მას რუსულ კლუბში კვლავ არ ათამაშებენ და მისი აშკარა რეგრესის ფონზე ლუკას სიაში მოხვედრის შანსი მინიმალურია (იხილეთ).

აბურჯანიასთან დაკავშირებით განსხვავებული ვითარებაა, ბრაზილიელი რონალდოს მიერ წამოწყებული საინტერესო პროექტის, პორტუგალიური ავს-ის წევრი გახდა და პორტუგალიის ჩემპიონატის საწყის სამ ტურში სასტარტოში ითამაშა, სამივე მატჩში შეცვალეს, თუმცა მთავარია რომ ავს-ის მთავარი მწვრთნელი ვიტორ კამპელოსი ენდობა და თურქეთში გატარებული რთული პერიოდის შემდეგ ფორმაში შესვლის შესაძლებლობას აძლევს.

შესაძლოა, სანიოლმა ნაკრებში ნიკა გაგნიძე გამოიძახოს, რომელიც გასულ თვეში გორის „დილადან'' უკრაინულ „კოლოსში'' გადავიდა. თუ ვილი სიაში შეიყვანს, ნიკა ნაკრების დებიუტანტი იქნება. 23 წლის ფეხბურთელი უკრაინული გუნდის სასტარტო შემადგენლობაში რეგულარულად თამაშობს, ხუთ შეხვედრაში 1 საგოლე პასი შეასრულა (იხილეთ).  

ასევე, ლადო მამუჩაშვილის გამოძახებაც შესაძლებელია, რომელიც ახლახან მოლდოვურ „შერიფში'' გადავიდა და მთავარ კონკურენტ „პეტროკუბთან'' სასტარტოში ითამაშა. კიდევ ერთი ვარიანტი შოთა ნონიკაშვილია, რომელმაც „იბერიას'' რიგებში კონფერენს ლიგაზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა და თბილისურმა კლუბმა უკრაინულ „ჩერკასიში'' გაყიდა.

ვფიქრობ, ოთარ კიტეიშვილთან და გიორგი ქოჩორაშვილთან ერთად სიაში აბუც მოხვდება. კიტეიშვილმა და ქოჩორაშვილმა სეზონი კარგად დაიწყეს, თავიანთ გუნდებში მუდმივად თამაშობენ და გამორჩეულები არიან, გოლი ორივემ შეაგდო. ანალოგიურად, გიორგი ჩაკვეტაძე შესანიშნავ ფორმაშია, რომელიც საქართველოს ნაკრების შეტევის განვითარებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ჩემპიონშიფის პირველ ტურში გოლი შეაგდო, მეორე ტურში საგოლე პასი შეასრულა, ორივე შეხვედრაში საუკეთესოდ დასახელდა. მიუხედავად იმისა, რომ მესამე ტურში „დერბისთან'' მატჩი ჩააგდო, გამარჯვების გოლის შექმნაში მონაწილეობდა (იხილეთ).

მასალაში გამოყენებულია Nakrebi.ge-ს ფოტო (აბურჯანია)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები