ლუკა გაგნიძე, მოსკოვის დინამო
Aa
Aa

ბრწყინვალე გოლი და უცვლელი პრობლემა - გაგნიძე ისევ სკამზე დასვეს

რუსეთის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მოსკოვის „დინამოს’’ ნახევარმცველმა ლუკა გაგნიძემ მოსკოვის „ლოკომოტივს’’ ბრწყინვალე გოლი გაუტანა და ქომაგებს თავი ამ გოლით შეახსენა, თუმცა რეალურად მას კვლავ უწევს ბრძოლა რეგულარული სათამაშო დროის მისაღებად. სტატისტიკურად მოგიყვებით, რა ხდება ლუკასთან დაკავშირებით.

რუსეთის ჩემპიონატის პირველ ტურში მთავარმა მწვრთნელმა მარცელ ლიჩკამ „ფაკელთან’’ 2 წუთი ათამაშა, მეორე ტურში „ლოკომოტივთან’’ სასტარტოში იყო, მაგარი გოლი გაიტანა, ყვითელი ბარათი მიიღო და 71-ე წუთზე შეცვალეს. ამ ორი ტურის შემდეგ რუსეთის თასზე მოსკოვის „სპარტაკთან’’ წაგებულ (3:0) მატჩში სასტარტოში მოხვდა, მე-60 წუთზე, 1:0-ზე, შეცვალეს. ამის შემდეგ ლიჩკამ კვლავ სკამზე სასტარტოს მიღმა დატოვა, ჩემპიონატის ბოლო ორ ტურში არ უთამაშია.

მოკლედ, 21 წლის ტალანტი, რომელსაც ნამდვილად შეეძლო ევროპაში წარმატებული კარიერა შეექმნა, რუსეთში მეტწილად სკამზე ჯდომა უწევს, როტაციის ფეხბურთელია, თუმცა ასაკიდან გამომდინარე, 21 წლისაა, კარიერის მიმართულების შეცვლის დრო აქვს, რუსეთში წლები დაკარგა, მაგრამ ფინანსურად ძლიერი რუსული კლუბიდან თავის დაღწევა, ამის სურვილი მოთამაშეს რომც ჰქონდეს, მაინც ძალიან რთული იქნება. მით უმეტეს რომ რუსულმა კლუბმა მის სანაცვლოდ თბილისის „დინამოს’’ საკმაოდ სოლიდური თანხა, 1.5 მილიონი ევრო გადაუხადა. რუსები ასეთი ტრანსფერის შემდეგ ფეხბურთელს მარტივად არ დათმობენ, რაც რუსული კლუბების მხრიდან ქართველ ფეხბურთელებთან დაკავშირებით არაერთხელ გამოჩნდა.

გასული სეზონის მიწურულს გაგნიძემ Metaratings-თან საუბარში განაცხადა: „არ შემიძლია ვთქვა რომ სათამაშო დროით კმაყოფილი ვარ. ყველა ფეხბურთელს, ასაკის მიუხედავად, თამაში სურს. მთავარ მწვრთნელ მარცელ ლიჩკასთან კარგი ურთიერთობა მაქვს - არავითარი პრობლემა. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯში ვართ. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ითამაშებს და ვინ არა''.

საბოლოოდ, მოსკოვის „დინამომ'' ჩემპიონობისთვის ბრძოლა „ზენიტთან'' და „კრასნოდართან'' დათმო, მესამე ადგილზე გავიდა, გაგნიძემ კი თითქმის მთელი სეზონი სკამზე გაატარა, რუსეთის ჩემპიონატში მხოლოდ 194 წუთი ითამაშა, 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და სასტარტოში მხოლოდ ერთხელ მოხვდა. როცა უთამაშებლობა რეგულარულ ხასიათს იღებს, გამოსავალი ახალი გუნდია, სადაც მის მიმართ ნდობა ექნებათ. სამწუხაროა, რომ ჯერ ეს გამოსავალი ვერ მოიძებნა, რადგან საქმე ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელს ეხება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები