გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი
Aa
Aa

მორიგი გამარჯვება: ქლევერლი ჩაკვეტაძეს ბოლომდე ენდო და გაუმართლა

ინგლისის ჩემპიონშიფის მესამე ტურში „უოტფორდი’’ შინ „დერბი ქაუნთისთან’’ 0:1-ს აგებდა, ჩაკვეტაძის გუნდმა გოლი მეორე წუთზე გაუშვა, 31-ე წუთზე ბაიომ აკრობატულ ნახტომში ბრწყინვალე გოლი გაიტანა, ანგარიში გათანაბრდა. 76-ე წუთზე მუსა სისოკომ („ტოტენჰემის'' ყოფილი ფეხბურთელი) გამარჯვების გოლი გაიტანა და „უოტფორდმა'' ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო, სამი ტურის შემდეგ ქლევერლის გუნდის აქტივში 9 ქულაა. ახლა მთავარია რამდენად მოახერხებს გუნდი სტაბილურობის შენარჩუნებას.

ისევე როგორც საწყის ორ ტურში, ჩაკვეტაძე ამჯერადაც სასტარტოში იყო. 45-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, როცა მეტოქის სწრაფი კონტრშეტევა ჩაშალა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩაკვე საუკეთესო თვისებებს ვერ ავლენდა, რადგან მეტოქე საკმაოდ მჭიდროდ მოქმედებდა და თავისუფალი სივრცეები არ იყო, ტომ ქლევერლი ქართველ ფეხბურთელს ბოლომდე ენდო, შეუცვლელად ათამაშა. ქლევერლის ამ დამოკიდებულებამ გაამართლა, გამარჯვების გოლისას სისოკოს დარტყმამდე ჯერ ქართველი ფეხბურთელი ცდილობდა გოლის გატანას, მცველმა დაუფარა და სისოკომ ამ ვითარებით ისარგებლა, მეკარეს პოზიცია დაკარგული ჰქონდა.

ჩემპიონშიფის პირველ ტურში ჩაკვემ „მილუოლს’’ გაუტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ანალოგიურად, მეორე ტურში „სტოკ სიტისთანაც’’ საუკეთესო იყო, საგოლე პასი შეასრულა. რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, საუკეთესო თვისებები ვერ გამოავლინა, საერთო ჯამში თამაში ჩააგდო, თუმცა გადამწყვეტ გოლზე დიდი გავლენა მოახდინა, სისოკოს დარტყმისას მეკარეს პოზიცია დაკარგული ჰქონდა.

3 ტურის შემდეგ „სანდერლენდი'' და „უოტფორდი'' 9-9 ქულით ჩემპიონშიფს ლიდერობენ. მე-4 ტურში „უოტფორდი'' „შეფილდ იუნაიტედს'' ესტუმრება (პირველი სექტემბერი, 18:00).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები