მძიმე ტრავმას გადაურჩა - მექვაბიშვილი ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარება
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და კრაიოვას „უნივერსიტატიას’’ ქართველი ფეხბურთელი ანზორ მექვაბიშვილი ჯვარედინი მყესის გაწყვეტას გადაურჩა. 23 წლის ნახევარმცველი 6 კვირას გამოტოვებს, რაც ნიშნავს რომ სექტემბერში ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარება.
გუშინ რუმინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირველადი ვერსიით ქართველმა ლეგიონერმა ჯვარედინი გაიწყვიტა, თუმცა დღეს გამოკვლევა ჩაუტარდა და გაწყვეტა არ დადასტურდა. მან ტრავმა რუმინეთის ჩემპიონატის გასულ ტურში ბუქარესტის „დინამოსთან’’ მიიღო, ორთაბრძოლისას დაშავდა. გაწყვეტის შემთხვევაში მას დაახლოებით 6 თვე გაუცდებოდა, რაც ძალიან დიდი დროა.
საყრდენი ნახევარმცველი თბილისის „დინამოს'' აღზრდილია, გასულ ზამთარში „დინამომ'' კრაიოვას „უნივერსიტატიაში'' გაყიდა. ფეხბურთელმა რუმინულ კლუბში 28 მატჩში 1 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა. ასევე შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ზე თურქეთთან და ჩეხეთთან სასტარტოში ითამაშა, პორტუგალიასთან - ცვლილებაზე გამოვიდა.