პოლონურ კლუბებს უარი უთხრა - შესაძლოა, კვეკვესკირი სამშობლოში დაბრუნდეს
CrystalSport-ის ცნობით, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ნიკა კვეკვესკირმა პოლონეთის ექსტრაკლასას რამდენიმე გუნდს უარი უთხრა. აღნიშნული გუნდები მიმდინარე სეზონში ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლებენ და ასეთ გუნდებში თამაში ფეხბურთელმა არ ისურვა. ასევე გეტყვით, რომ CrystalSport-ის ცნობით, ნიკა მოლაპარაკებას ბრატისლავას „სლოვანთან’’ აწარმოებდა, მაგრამ შეთანხმება არ შედგა.
Geo Team-ის ინფორმაციით, ნიკა კვეკვესკირის დამატების სურვილი თბილისის „დინამოსა’’ და გორის „დილას’’ აქვთ, თუმცა ამ ეტაპზე მოთამაშეს გადაწყვეტილება არ მიუღია.
კვეკვეს აღნიშნულ გუნდებში უთამაშია, თბილისის „დინამოში’’ ალექს გარსიას მწვრთნელობისას წარმატებული პერიოდიც ჰქონდა, თუმცა დუშან უჰრინის მწვრთნელობისას მეორე გუნდში დააქვეითეს, გარკვეული პერიოდი „ცხინვალში'' გაატარა, მაგრამ ფორმის აღდგენა უჩა სოსიაშვილის გაწვრთნილ გორის „დილაში'' მოახერხა, როცა გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახდა (2014-15). შემდეგ კარიერა აზერბაიჯანში გააგრძელა, 2016 წელს ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს და მას შემდეგ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელია.
ეროვნულ ნაკრებში 61 მატჩი ჩაატარა (16 ცვლილებაზე) და 3 საგოლე პასი შეასრულა, საბერძნეთთან გადამწყვეტი პენალტი გაიტანა და ამ პენალტით საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვდა.
შეგახსენებთ, გასული სეზონის შემდეგ ნიკამ პოზნანის „ლეხთან'' კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტია.