ლაშა ოდიშარია
Aa
Aa

თავმდაბალი ბიჭი მოედანზე თავხედი ხდება | უცნობი ამბები ოდიშარიაზე

ლატვიური რფს-ის მთავარი მწვრთნელი ვიქტორ მოროზი CrystalSport-ს მისი გუნდის ქართველი ფეხბურთელის, ლაშა ოდიშარიას შესახებ ვრცლად ესაუბრა.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მარჯვენა გარემარბმა ევროპა ლიგის ძირითად ეტაპზე მარცხენა „ვინგბექად'' ითამაშა, მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს, „გალათასარაის'' გაუტანა, ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში დაეხმარა, ჯორდან ჰენდერსონთან დაპირისპირებისას კრეატიული აზროვნებითა და ტექნიკური უნარებით შთამბეჭდავი მომენტები შექმნა, შემდეგი ტრანსფერისთვის კარგ საფუძველს ქმნის და ზოგადად განვლილი პერიოდიდან გამომდინარე მედიის მხრიდან ყურადღებას იმსახურებს. ჩვენ უკვე გამოვაქვეყნეთ ლაშასთან ჩაწერილი ორი ინტერვიუ, ახლა კი რფს-ის მთავარ მწვრთნელს, ვიქტორ მოროზს ვესაუბრეთ.

როცა ლაშას დამატება გადაწყვიტეთ (2024 წლის დასაწყისი), რა იყო თქვენი გადაწყვეტილების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორები?

- ლაშა გასული წლის ზამთარში შემოგვიერთდა, რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერება გვინდოდა, კანდიდატებს განვიხილავდით, ერთ-ერთი ლაშა იყო. მას შემდეგ რაც ლაშას მონაწილეობით რამდენიმე თამაშს ვუყურეთ, დავრწმუნდით რომ მას შეეძლო  ამ როლისთვის შესაბამისი კანდიდატი ყოფილიყო, განვითარების კარგი პერსპექტივით. მისი ტექნიკური უნარები, შეტევაში კრეატიულად მოქმედება, სათამაშო დისციპლინის დაცვა და ფიზიკური მონაცემები. პოზიტიური შეფასებები ჰქონდა მის პროფესიონალიზმსა და ადამიანურ თვისებებს.

- როგორ შეაფასებთ ლაშას პროგრესს ბოლო ერთწლიან პერიოდში, მას შემდეგ რაც ის თქვენი გუნდის მოთამაშე გახდა?

რა თქმა უნდა, გვესმოდა რომ ლაშას ადაპტაციისთვის გარკვეული დრო სჭირდებოდა. შეგუება ახალ რეალობასთან, ახალ ქვეყანასთან, ჩემპიონატთან და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, არ ვჩქარობდით, კლუბის თითოეული წევრი ცდილობდა მის დახმარებას, რომ თავი სახლში ეგრძნო და ეს რაც შეიძლება მალე მომხდარიყო.

 ლაშა თავის მოვალეობებს პასუხისმგებლობით მოეკიდა და სეზონის შუაში დიდი ნაბიჯი გადადგა წინ, ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე გახდა გუნდის ყველზე მნიშვნელოვან მატჩებში, ჩემპიონატსა და ევროპულ ტურნირებზე. პლუს, ბედნიერი ვარ მისი წარმატებით საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში, სადაც ის ასევე მნიშვნელოვანი ფიგურაა.

- რა პიროვნულ თვისებებს ავლენდა ლაშა, როცა მას ან მის გუნდს რთული პერიოდი ჰქონდა?

 - კლუბში მასზე ვერავინ დაიწუწუნებს. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად ძალიან კულტურული, განათლებული და კარგი მანერების (მადლობა მის მშობლებს !) მქონე ახალგაზრდაა. ფეხბურთელების მიმართ მაღალი მოთხოვნები გვაქვს, თითოეულ ვითარებაში ყველაფერი უნდა გაიღონ, მაქსიმუმი გააკეთონ, მათ შორის ვარჯიშზე. ეს ადვილი არაა, მას შემდეგ რაც ჩვენი გუნდის წევრი ხდები, მხოლოდ გამარჯვებებისკენ უნდა ისწრაფო.

ლაშამ სწრაფად გაიაზრა ეს სპეციფიკა, სეზონის შუიდან ჩვენ ყველამ დავიწყეთ იმის აღნიშვნა, რომ მას, მისი თანაგუნდელების მსგავსად, ესმოდა რომ არ არსებობს ვითარება, სადაც შეიძლება დანებდე, მაგრამ საჭიროა ბრძოლის ბოლომდე გაგრძელება. მე შემიძლია ვთქვა, რომ ლაშა გამარჯვებულის მენტალიტეტის ჩამოყალიბების გზაზეა.

 

ლაშას პოზიცია შეუცვალეთ, მარჯვენა გარემარბი მარცხენა „ვინგბექის’’ პოზიციაზე ათამაშეთ. რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება? ლაშას რა უნარებმა მოახდინა თქვენს გადაწყვეტილებაზე გავლენა?

- გვესმოდა რომ ევროპა ლიგაზე ასეთ ძლიერ გუნდებთან იგივე სტილით ვერ ვითამაშებდით, როგორც ეს ეროვნულ ჩემპიონატში იყო, თუ რა თქმა უნდა გვინდოდა რომ კონკურენტუნარიანი ვყოფილიყავით. აქედან გამომდინარე, სქემა და სტილი შევცვალეთ, აქცენტი დაცვით ფეხბურთსა და კონტრშეტევებზე გავაკეთეთ.

რამდენიმე ფეხბურთელს მათი ჩვეული პოზიცია უნდა შეეცვალათ და ახალ პოზიციასთან ადაპტირებულიყვნენ. ლაშას მაღალ სისწრაფეზე თამაშის კარგი გამძლეობა აქვს, შეუპოვარია და მამაცია ორთაბრძოლებში, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ძალიან ყურადღებიანია და სწრაფად ითვისებს ინფორმაციას. ვარჯიშებსა თუ მატჩებში ამ პოზიციაზე გამოვცადეთ და მან ამ პოზიციაზე კონკურენცია მოიგო.

- ლაშას ფსიქოლოგი ჰყავს. ასევე, დამატებით ფიტნეს მწვრთნელთან ვარჯიშობს. ხედავთ მასში ძლიერ მოტივაციასა და ენთუზიაზმს, რომ მან მაღალ დონეზე, ტოპ 5 ლიგაში ითამაშოს?

-  სამწვრთნელო სტაფის ერთ-ერთი ამოცანა, შედეგთან ერთად, ფეხბურთელების პროგრესია. თუ ჩვენი მიზნები ემთხვევა და ფეხბურთელებს შეუძლიათ შედეგი აჩვენონ, შემდეგ უფრო ცნობილი კლუბების ყურადღებას მიიქცევენ. ლაშას შემთხვევაში, მას სჭირდება სწრაფვა უფრო მეტისკენ და დარწმუნებული ვარ ის ამბიციური პიროვნებაა.

2024 წლის სეზონში ლაშა ოდიშარიამ ლატვიის ჩემპიონატი და თასი მოიგო. საერთო ჯამში, აღნიშნულ ტურნირებში 26 მატჩში 3 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა.

 

- თქვენი აზრით, რა სისუსტეების აღმოფხვრა, რა თვისებების განვითარება სჭირდება იმისთვის, რომ ტოპ ლიგას მიაღწიოს?

-  მისი აღზრდიდან გამომდინარე, ლაშა ძალიან მეგობრული, თავმდაბალი და მოკრძალებულია. როცა მინდორზე გადის, იცვლება და კარგი გაგებით თავხედი ხდება. მას სჭირდება განვითარება, საკუთარ თავს მეტი უნდა მოსთხოვოს, ლიდერობა თავის თავზე აიღოს, უფრო თავდაჯერებული გახდეს. რაც შეეხება თამაშს, ლაშას ყველაფერში სჭირდება განვითარება, რადგან სრულყოფილებისკენ სვლისას ლიმიტი არ არსებობს და ის ბავშვი აღარაა.

 - როგორ შეაფასებთ ლაშას თამაშს „აიაქსთან’’ მატჩში?

- „აიაქსთან’’ ითამაშა როგორც კარგი ევროპული დონის მოთამაშემ. მან თავი გაართვა დაცვითი ფეხბურთელის მიმართ არსებულ მოთხოვნებს, მაგრამ გადასვლის ფაზებსა და მოედნის მესამედში შეეძლო უფრო მეტად ეფექტიანი ყოფილიყო ისეთი გიგანტის წინააღმდეგაც კი როგორიც ეს „აიაქსია’’.

ესაა ჩვენი სპეციფიკა, ფენომენალური გამარჯვება მთელი ლატვიური ფეხბურთისთვის, ვცდილობთ ვიპოვოთ მომენტები, სადაც ფეხბურთელებს შეუძლიათ უკეთესები იყვნენ.

ლაშას შემთხვევაში ეს არის იმიტომ, რომ ჩვენ გვჯერა მას უფრო მეტის გაკეთება შეუძლია. გავიმეორებ, მან ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ მნიშვნელოვანია ისწრაფოდე იმისკენ, რომ ასე კარგად რეგულარულად თამაშობდე. ეს  პროგრესის გასაღებია.

- თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს ლაშას კარიერის ჭერი, კარიერის მაქსიმუმი?

- არ შემიძლია პროგნოზის გაკეთება. ლაშას შეუძლია წინ წავიდეს, მომავალში პროგრესი აჩვენოს. მას კვლავ სჭირდება სწავლა და ზრდა. ეს ყველაფერი ფეხბურთელზეა დამოკიდებული. ჩვენ ვეცდებით დავეხმაროთ ჩვენთან ყოფნის განმავლობაში.

მე ყოველთვის ამაყი და ბედნიერი ვარ, როცა ფეხბურთელი კარიერულ კიბეზე ნაბიჯს დგამს, მაგრამ ცოტა სამწუხაროა, როცა გუნდი ძლიერ ფეხბურთელს კარგავს.

- შეგიძლიათ გაიხსენოთ ლაშასთან დაკავშირებული რაიმე საინტერესო ან სახალისო ისტორია (ქომაგებისთვის უცნობი)?

- არ ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სასაცილოა, მაგრამ ეს იყო ვითარება, რომელმაც ლაშა უკეთ გამაცნო. ზაფხულში პირველი თამაში თასზე ჩავატარეთ. პირველი ტაიმის შემდეგ ვაგებდით და ძლიერი წვიმა დაიწყო. შესვენებისას ის ფეხბურთელები შევცვალე, რომელთაც არ ჰქონდათ ბუცები რკინის შიპებით. ლაშა ერთ-ერთი იყო. თამაში მოვიგეთ. შემდეგ დღეს მივედი ლაშასთან, როგორც ახალგაზრდა ფეხბურთელთან,  იმის ასახსნელად, რამდენად მნიშვნელოვანია ეს (რკინის შიპები) პროფესიონალისთვის და რამდენად ბევრს ნიშნავს გადამწყვეტ მატჩში. გარდა ამისა, მან პირველ ტაიმში კარგად ითამაშა. მადლობა გადამიხადა გაკვეთილისთვის და ასევე მითხრა, რომ მან უკვე შეუკვეთა ბუცები რკინის შიპებით. შემოდგომასა და ზამთარში, ძალიან რბილ მინდვრებზე, მან უკვე მიაღწია შედეგებს რკინის შიპებიანი ბუცებით, მათ შორის „გალათასარაისთან’’ მატჩში გატანილი გოლით.

Transfermarkt-ის ინფორმაციით, ლაშა ოდიშარია რფს-ის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია. 2024 წლის ზამთარში თბილისის „დინამოდან'' 350 000 ევროდ დაიმატეს.

ევროპა ლიგის ძირითად ეტაპზე რვავე მატჩი სასტარტოში ითამაშა, 80 წუთზე ნაკლები დრო მოედანზე მხოლოდ ერთ მატჩში გაატარა, მისი გოლით გუნდი „გალათასარაისთან'' მარცხისგან იხსნა, კარგი გამოცდილება დააგროვა და უფრო ძლიერი კლუბების ყურადღება დაიმსახურა. CrystalSport-ის ინფორმაციით, ოდიშარიას მიმართ ინტერესი რამდენიმე კლუბს აქვს, თუმცა დიდი ალბათობით ზაფხულამდე რფს-ში დარჩება. საკლუბო დონეზე სტაბილურობის პარალელურად ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე კარგი თამაში მის მიმართ ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის.

CrystalSport-მა ლაშა ოდიშარიასთან ორი ინტერვიუ შემოგთავაზათ:

რატომ ავიყვანე ფსიქოლოგი? - ინტერვიუ ლაშა ოდიშარიასთან

მატჩის შემდეგ ჰენდერსონი მოვიდა და შემაქო - ოდიშარია აიაქსთან გამარჯვებაზე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მატჩის შემდეგ ჰენდერსონი მოვიდა და შემაქო - ოდიშარია აიაქსთან გამარჯვებაზე
მატჩის შემდეგ ჰენდერსონი მოვიდა და შემაქო - ოდიშარია აიაქსთან გამარჯვებაზე