მატჩის შემდეგ ჰენდერსონი მოვიდა და შემაქო - ოდიშარია აიაქსთან გამარჯვებაზე
გასულ კვირაში ლატვიურმა რფს-მა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, ევროპა ლიგაზე ამსტერდამის „აიაქსი'' 1:0 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო ლაშა ოდიშარია იყო, რომელმაც მარცხენა „ვინბგექის'' პოზიციაზე 90 წუთი ითამაშა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მარჯვენა გარემარბი CrystalSport-ს „აიაქსთან'' გამარჯვებაზე ესაუბრა.
- ერთი წელია ლატვიაში გადახვედი, საქართველოდან წასვლიდან დღემდე, „აიაქსთან'' გამარჯვებამდე, ამ ერთწლიან პერიოდში, რა პიროვნული თვისებები დაგეხმარა პროგრესში და ამ პროგრესის სტაბილურად შენარჩუნებაში?
- ახალ გუნდთან ადაპტაცია, ტრავმა და მცირე ხნით უთამაშებლობა. აი ასეთი გამოწვევებით დაიწყო გასული წელი, ბევრი სირთულე გავიარე, თუმცა ამ პროცესებმა მომცა ძალა და უფრო მეტად გამაძლიერა. მენტალური სიმტკიცე, შრომისმოყვარეობა და მიზნისკენ მუდმივი სწრაფვა ის ძირითადი ფაქტორები იყო, რომლებიც დამეხმარა ამ პერიოდში არა მხოლოდ პროგრესში, არამედ მის სტაბილურად შენარჩუნებაში.
- როცა იცი რომ ასეთი დონის ფეხბურთელების წინააღმდეგ ითამაშებ, შესაძლოა ღელავდე, ნერვიულობდე, მაგრამ ისიც ფაქტია რომ გამოცდილებას ნელ-ნელა აგროვებ. გაგიჭირდა ემოციების კონტროლი თამაშის წინ ან მინდორზე თამაშის მიმდინარეობისას?
- ნამდვილად განსაკუთრებული მომენტია, როცა იცი რომ ასეთი ფეხბურთელების წინააღმდეგ ასეთ დიდ ტურნირზე უნდა ითამაშო, ბუნებრივია ამ ყველაფერს ნერვიულობა ახლავს, მაგრამ ეს ნორმალურიცაა. თამაშამდე საკუთარ თავს ვახსენებდი, რომ ასეთ თამაშებზე ბავშვობიდან ვოცნებობდი და დღეს უკვე მათთან ერთად ამ ყველაფრის ნაწილი ვიყავი. ამაზე ფიქრმა მოტივაცია და განწყობა ამიმაღლა, რაც თამაშის დროს ძალიან დამეხმარა.
- ფლანგზე ბერტრანდ ტრაორეს წინააღმდეგ ითამაშე. ჩემი აზრით საკმაოდ კარგად ითამაშე, მაგრამ შენ როგორ შეაფასებ მასთან დაპირისპირებას?
- ბერტრანდ ტრაორე მაღალი დონის ფეხბურთელია, რომელსაც ტექნიკა, სისწრაფე და გამოცდილება აქვს. ვფიქრობ ამ შეხვედრაში იყო მომენტები, როცა საკმაოდ კარგად გავართვი თავი, თუმცა ნამდვილად ბევრი მაქვს სასწავლი და დასახვეწი, განსაკუთრებით მსგავსი დონის ფეხბურთელებთან, ასეთი თამაშებიდან კი ძალიან ბევრს ვსწავლობ.
View this post on Instagram
- მაღალი შეფასება მიიღე, გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყავი. კომპლიმენტები ხომ არ მიიღე თანაგუნდელების, მწვრთნელის ან მეტოქე ფეხბურთელების მხრიდან?
- დიახ, მატჩის შემდეგ რამდენიმე კომპლიმენტი მივიღე მწვრთნელისგან და თანაგუნდელებისგან, რაც ძალიან სასიამოვნო იყო. ყველაზე დასამახსოვრებელი ჯორდან ჰენდერსონისგან იყო, მატჩის შემდეგ გასახდელთან რასმუსენს მაისურს ვუცვლიდი, როცა ჰენდერსონი მოვიდა, კარგი თამაშისთვის შემაქო და წარმატებები მისურვა.
- ერთხელ შორიდან დაარტყი. ეს მწვრთნელის დავალება იყო თუ ინდივიდუალურად მიიღე გადაწყვეტილება?
- იმ მომენტში დარტყმის გადაწყვეტილება ჩემით მივიღე, მაგრამ მწვრთნელის დავალებაც დაახლოებით იგივე იყო, რომ ყველა შეტევა ბოლომდე დაგვესრულებინა, რადგან ბურთის დაკარგვის შემთხვევაში „აიაქსი“ სწრაფად გადმოვიდოდა შეტევაში და ბევრ პრობლემას შეგვიქმნიდა.
- ევროპა ლიგის ფლეი-ინში გასვლის შანსი აღარ გაქვთ, მაგრამ ძალიან ძლიერ გუნდებთან ტოლსწორად ითამაშეთ. საერთო ჯამში როგორ შეაფასებ შენს თამაშს ევროპა ლიგაზე?
- დიახ, სამწუხაროდ ფლეი-ინში გასვლის ყველანაირი შანსი დავკარგეთ, მაგრამ ევროპა ლიგაზე სადებიუტო სეზონს მაინც დადებითად შევაფასებდი, რადგან ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე ტოპ კლუბების წინააღმდეგ თამაშით.
- გაქვს მოლოდინი, რომ შესაძლოა შემდეგ შეკრებაზე ვილი სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში გამოგიძახოს?
- ნაკრებში თამაში ჩემი უდიდესი ოცნებაა და ეს არაერთხელ მითქვამს, მაგრამ ვფიქრობ სწორი არ იქნება ამ თემაზე ჩემგან ბევრი ფიქრი თუ როდის გამომიძახებენ. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მოედანზე ვაჩვენო ჩემი შესაძლებლობები და ყოველდღიურად გავაუმჯობესო ჩემი თამაში. როცა ჩათვლიან რომ გუნდს ვჭირდები, მე მზად ვარ ნებისმიერ მომენტში ჩემი მაქსიმუმი გავიღო ეროვნული ნაკრებისთვის.
Transfermarkt-ის ინფორმაციით, ლაშა ოდიშარია რფს-ის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია. 2024 წლის ზამთარში თბილისის „დინამოდან'' 350 000 ევროდ დაიმატეს.
CrystalSport-ის ინფორმაციით, ოდიშარიას მიმართ ინტერესი რამდენიმე კლუბს აქვს, თუმცა დიდი ალბათობით ზაფხულამდე რფს-ში დარჩება. საკლუბო დონეზე სტაბილურობის პარალელურად ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე კარგი თამაში მის მიმართ ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის.
ლატვიის ჩემპიონატის 2024 წლის სეზონში ოდიშარიამ 23 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა. პირველივე სეზონში ლატვიის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა.
ევროპა ლიგის მიმდინარე სეზონში ძირითად ეტაპზე შვიდივე შეხვედრაში სასტარტოში იყო, „გალათასარაის'' გოლი გაუტანა. მეტწილად მარცხენა „ვინგბექის'' პოზიციაზე თამაშობს. ევროპა ლიგის დასკვნით ტურში რფს-ის მეტოქე კიევის „დინამო'' იქნება (ჰამბურგი, 31 იანვარი, 00:00).