რატომ ავიყვანე ფსიქოლოგი? - ინტერვიუ ლაშა ოდიშარიასთან
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებისა და ლატვიური რფს-ის გარემარბმა ლაშა ოდიშარიამ CrystalSport-თან ინტერვიუში კარიერის მნიშვნელოვან მომენტებზე ისაუბრა.
22 წლის ფეხბურთელი, რომელმაც გასულ კვირაში ევროპა ლიგაზე „აინტრახტთან’’ მარცხენა „ვინგბექად’’ ითამაშა, გასულ ზამთარში თბილისის „დინამოდან’’ რფს-ში გადავიდა და ამ სეზონში ევროპა ლიგაზე თამაშობს, განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში რეგულარულად სასტარტოშია, ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა და ნაკრების ისტორიულ წარმატებაში (ევროპის ჩემპიონატის ფლეი-ოფში გასვლა) მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. გადამწყვეტ შეხვედრაში ხორვატიას შევხვდებით და თუ ამ ბარიერს დავძლევთ, ზედიზედ მეორედ ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვითამაშებთ, რაც უდიდესი წარმატება იქნება.
- 21-წლამდე ნაკრებმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია, ფლეი-ოფში გავიდა. ყველა შეხვედრაში ითამაშე, მეტწილად სასტარტოში იყავი. როგორ ფიქრობ, რა ფაქტორებმა განაპირობა გუნდის წარმატება?
- წარმატების მთავარი ფაქტორი ერთიანობა, საქმისადმი დამოკიდებულება და რწმენა იყო, რომ ამ ყველაფრის გაკეთება შეგვეძლო. ყველა მოთამაშემ და სამწვრთნელო შტაბმა მაქსიმალური ენერგია და შრომა ჩავდეთ, რომ ამ შედეგისთვის მიგვეღწია. გარდა ამისა, სწორი ტაქტიკური ანალიზი და თითოეული თამაშისთვის შემუშავებული კონკრეტული გეგმა ყოველთვის ძალიან დიდ უპირატესობას გვაძლევდა მოედანზე.
- სექტემბერში მოლდოვასთან 3:0 მოვიგეთ და შემდეგ ნიდერლანდებთან ვითამაშეთ. ბევრმა აღნიშნა, რომ ამ მატჩებში შენი პროგრესი ძალიან აშკარა იყო. როგორ ხედავ შენს განვითარებას ამ ეტაპზე, რა კომპონენტებში დაიხვეწე, მას შემდეგ რაც ლატვიაში გადახვედი?
- ამ თამაშებში ნამდვილად გამოჩნდა ჩემი პროგრესი და ვფიქრობ, რომ ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ ლატვიაში ჩამოსვლის შემდეგ უფრო დავიხვეწე როგორც ფიზიკურად, ისე ტაქტიკურად. საგრძნობლად გაიზარდა ჩემი სისწრაფე და მოედანზე გადაადგილების მანძილი, რაც თამაშში ჩემს ჩართულობას და აქტიურობას ძალიან ზრდის.
როგორც კი ლატვიაში ჩამოვედი, პირველი რაც ვარჯიშებზე ვიგრძენი, ძალიან მაღალი ტემპი იყო, ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ინტენსივობას ვარჯიშზე, რომელიც თამაშთან მიახლოებულია. ასევე, როცა დრო მაქვს თამაშიდან თამაშამდე ყოველთვის ვვარჯიშობ ფიზმომზადების მწვრთნელთან ინდივიდუალურად, რადგან უფრო გავაუმჯობესო ფიზიკური მონაცემები.
- როგორია შენი მოლოდინი ფლეი-ოფის თამაშთან დაკავშირებით. რა ფაქტორებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ხორვატიის ბარიერის დაძლევა შეგვიძლია?
- ფლეი-ოფში ხორვატიის სახით ძალიან ძლიერ მეტოქეს ვეთამაშებით, თუმცა ვფიქრობ ჩვენს გუნდს აქვს რეალური შანსი, რომ ეს ბარიერი დაძლიოს. პირველი, რაც ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს, ჩვენი თავდადება და ერთიანობაა, რომელიც მთელი ციკლის განმავლობაში ყველა შეხვედრაში გამოვავლინეთ. მეორე ის ტაქტიკური ნაწილია, რომელზეც ვისაუბრე, სულ მალე გვეცოდინება ყველაფერი მათი სათამაშო სტილის, შემადგენლობის, ძლიერი და სუსტის მხარეების შესახებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორებია ასეთ პრინციპულ მატჩებში. მჯერა, ევროპის ჩემპიონატზე გასვლა შეგვიძლია.
- როგორ ფიქრობ, მზად ხარ ეროვნული ნაკრებისთვის? თუ კიდევ გჭირდება პროგრესი?
- ეროვნულ ნაკრებში თამაში უდიდესი პასუხისმგებლობაა, ჩემთვის ეს დიდი ოცნებაა. ვფიქრობ, ჯერ კიდევ არის კომპონენტები, რაშიც მოსამატებელი მაქვს, მაგრამ თუ ჩათვლიან, რომ შემიძლია გუნდის დახმარება, მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო ჩემი გუნდისთვის და ჩემი ქვეყნისთვის ნებისმიერ მომენტში.
- გოლი „გალათასარაისთან’’ ევროპა ლიგაზე, ამ გოლით თამაში გადაარჩინე. იკარდი, მერტენსი, ტორეირა - როცა ასეთ ფეხბურთელებთან თამაშობ და მათი გუნდის კარში იტან, შენს თავდაჯერებაზე როგორ აისახა?
- ეს ნამდვილად თავდაჯერებულს გხდის და თვითშეფასებას ძალიან გიზრდის, ასევე გაძლევს მოტივაციას და იმედს, რომ განაგრძო ზრდა უფრო მაღალ საფეხურზე ასასვლელად.
- ზოგადად, ცაციები მარჯვენა ფეხით კარგად ვერ თამაშობენ, მაგრამ შენზე ამას ვერ ვიტყვი. თუნდაც „აინტრახტთან'' იყო მომენტები, როცა მარჯვენათი ბურთი კარგად „ამოგქონდა''. სუსტ ფეხზე განსაკუთრებულად მუშაობ?
- განსაკუთრებული არაფერი. უბრალოდ, ვარჯიშებზე ყოველთვის ვცდილობ, რომ რაც შეიძლება ხშირად ვითამაშო სუსტი ფეხით, „დინამო 2''-ში ყოფნისას ჩემმა მწვრთნელმა ვლადიმერ კაკაშვილმა დამაწყებინა კედელთან მუშაობა სუსტი ფეხის გასაუმჯობესებლად, თითქმის ყოველდღე 30 წუთით ადრე მივდიოდი და ვცდილობდი დამეხვეწა მარჯვენა ფეხით თამაში.
- „აინტრახტთან’’ მარცხენა „ვინგბექად’’ ითამაშე. ბავშვობიდან მოყოლებული როგორ იცვლებოდა შენი პოზიციები?
- 16-წლამდე ცენტრფორვარდი ვიყავი, შემდეგ დამაყენეს მარცხენა გარემარბის პოზიციაზე, სადაც ახლაც მიწევს ხოლმე თამაში. მარჯვენა გარემარბად „დინამოს’’ ძირითად გუნდში დავიწყე თამაში, სადაც ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს, რადგან მარჯვენა ფეხითაც შემიძლია კარგად თამაში. ზოგადად სხვადასხვა პოზიციაზე თამაში ძალიან ავითარებს მოთამაშის უნარებს, რფს-ში რამდენიმე თამაში მარცხენა მცველადაც კი ვითამაშე.
- შეგიძლია კარგად დამანახო მარტვილის „მერანისა’’ და თბილისის „დინამოს’’ როლი შენს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში?
- ჩემს ფეხბურთელად ჩამოყალიბებას საფუძველი მარტვილის „აკადემიაში’’ ჩაეყარა, სადაც თითქმის 10 წელი ვიყავი, ამის შემდეგ იყო „დინამოს’’ აკადემია, რომელმაც ჩემი პროფესიული კარიერის საწყის ეტაპზე უდიდესი გამოცდილება მომცა. აკადემიამ ძალიან ბევრი რამ მასწავლა და ჩემს ტაქტიკურ განვითარებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა, სწორედ აქ ვისწავლე როგორ შემერჩია მოედანზე სწორი პოზიციები, როგორ დამებალანსებინა თამაში შეტევიდან დაცვაში, როგორ გავმხდარიყავი გუნდური მოთამაშე. . ტაქტიკურ მომზადებასთან ერთად ფიზიკური სიძლიერე და გამძლეობაც თანდათანობით გავაუმჯობესე, რაც ჩემთვის ყოველთვის პრობლემური იყო ხოლმე.
- „სალხინოდან’’ „დინამო 2’’-ში გადახვედი და შემდეგ მარტვილის „მერანში’’ დაბრუნდი. მარტვილში რატომ გადახვედი, სათამაშო პრაქტიკის მიზნით? თუ სხვა მიზეზი იყო?
- „სალხინოდან’’ „დინამო 2’’-ში გადასვლის შემდეგ სწორედ 6 თვეში ისევ მარტვილში დავბრუნდი 6- თვიანი იჯარით, ამის მთავარი მიზეზი ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობა იყო. ძალიან გამიჭირდა ახალ გარემოში ადაპტაციის გავლა, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელებთან და მწვრთნელებთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა, ამ პერიოდში კომფორტის ზონის დატოვებას მარტივად ვერ შევეგუე, რამაც ჩემს თამაშებზე გავლენა იქონია. 6-თვიანი იჯარა გამოვიყენე იმისთვის რომ ფსიქოლოგიურად გავზრდილიყავი და უფრო ძლიერი დავბრუნებოდი კლუბს, რაც ნამდვილად გამომივიდა.
- ცენტრში ხშირად იწევ ხოლმე, მარტო ფლანგზე არ მოქმედებ. ეს ტაქტიკის ნაწილია თუ ინდივიდუალურად იღებ გადაწყვეტილებას?
- როდესაც ცენტრში შევდივარ უფრო მეტი შესაძლებლობა და გაგრძელება მაქვს შეტევისთვის, რაც როგორც თავდამსხმელს დიდ უპირატესობას მანიჭებს, არის თამაშები როდესაც ეს ყველაფერი ტაქტიკის ნაწილია და ეს არის მიზეზი ჩემი ცენტრში შეწევის.
- როგორ მოხვდი „დინამოს’’ აკადემიაში, რაიმე კონკრეტული თამაში იყო, სადაც თავი კარგად წარმოაჩინე?
- მე ვთამაშობდი მარტვილის „მერანში’’ 17-წლამდელთა ოქროს ლიგას, სადაც თბილისის „დინამოსთან’’ ორი კარგი შეხვედრა ჩავატარე, რამაც „დინამოს’’ სკაუტების დაინტერესება გამოიწვია. 2020 წლის იანვარში მიმიწვიეს სინჯებზე, სადაც სამწუხაროდ ტრავმირებული ჩავედი და საქმეში ვერ მნახეს. საბედნიეროდ, ზაფხულში „დინამოში’’ გადაწყვიტეს, რომ შეექმნათ „დინამო 2’’, დამირეკეს რომ იანვარში ჩაშლილი სინჯის გამო შემეძლო ჩავსულიყავი და გუნდთან ერთად 2-კვირიანი მომზადება გამევლო. ტრავმის გამო თითქმის 6 თვე უვარჯიშებელი ვიყავი და ნაწილობრივ ინდივიდუალურად და რამდენიმე ვარჯიში გუნდთან ერთად ჩავატარე. 10 დღის შემდეგ „დინამოს’’ პირველ გუნდთან ტესტ მატჩი ჩაინიშნა, სადაც ხელმძღვანელობამ და ყველა მწვრთნელმა თავი მოიყარა.
ვიცოდი რომ ეს თამაში ჩემთვის შანსი იყო, რომ ბავშვობის ოცნება ამესრულებინა და საქართველოს ყველაზე ტიტულიან კლუბში გადავსულიყავი, საბოლოოდ, მხოლოდ 20 წუთი ვითამაშე იმდროინდელი ჩემი ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე, მაგრამ ეს 20 წუთი საკმარისი აღმოჩნდა ჩემი შესაძლებლობების გამოსაჩენად და კარიერის თბილისის „დინამოში’’ გასაგრძელებლად.
- მე როგორც ვიცი ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი ხარ, რომელსაც სპორტის ფსიქოლოგი ჰყავს საბა ეფრემიძის სახით. რა მომენტში დაინახე, რომ ფსიქოლოგი გჭირდებოდა და რას მეტყვი ამ პროცესზე, როგორ მიდის თქვენი თანამშრომლობა? რა კუთხით დაგეხმარა სპორტის ფსიქოლოგი?
- სპორტის ფსიქოლოგთან მუშაობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს პროცესი ჩემს თამაშსა და ზოგადად პროფესიულ ცხოვრებაზე დადებითად მოქმედებს. სპორტის ფსიქოლოგის საჭიროება მაშინ დავინახე, როცა მივხვდი, რომ მნიშვნელოვანი თამაშების წინ ემოციების კონტროლი და ფსიქოლოგიური მომზადება მჭირდებოდა. საბასთან თანამშრომლობა მშვენივრად მიმდინარეობს. ის მეხმარება გავუმკვლავდე საფეხბურთო გამოწვევებს, წნეხს, ნებისმიერ ვითარებაში დადებითად ვიფიქრო და გამოვიყენო ჩემი ძლიერი მხარეები. ასევე, ვმუშაობთ იმ ასპექტებზე, რომლებშიც გაუმჯობესება მესაჭიროება.
- შენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა რჩევას მისცემ ფეხბურთელებს, რომლებიც ჯერ საქართველოს ჩემპიონატში თამაშობენ და უცხოეთში კარიერის გასაგრძელებლად ემზადებიან?
- საკუთარი თავის უნდა სჯეროდეთ და მთელი თავიანთი დრო დაუთმონ იმ საქმის კეთებას, რომელიც უდიდეს სიამოვნებას ანიჭებთ, შეიძლება რაცაღ ეტაპზე მარცხიც იყოს, მაგრამ მიუხედავად ყოველი მარცხისა და დაბრკოლებისა, ეს ყველაფერი განვითარებისთვის უნდა გამოიყენონ, ანუ მენტალური კუთხით გაძლიერდნენ, რადგან როდესაც უცხოეთში აგრძელებ კარიერას ძალიან მნიშვნელოვანია კლუბისთვის თუ რამდენად ძლიერი და მდგრადი ხარ. როცა ყველაფერი ისე არ მიდის როგორც გინდა და ეს ასეც ხდება ხოლმე, წაიქცევი, მაგრამ მთავარი ისაა, თუ რამდენად სწრაფად წამოდგები ფეხზე.
რფს-ში ლაშას თანაგუნდელი ლუკა სილაგაძეა, რომელიც ამ ეტაპზე უფრო მეტად როტაციაშია.
- როცა ლატვიის ჩემპიონატში გადახვედი, მე ვფიქრობდი რომ უფრო ძლიერ საფეხბურთო ლიგაში თამაში შეგეძლო. ამ სეზონში რფს ევროპა ლიგაზე გავიდა, რაც დიდი წარმატებაა. როგორია კლუბის ცხოვრება, რა ფაქტორებმა მოგიყვანათ ამ წარმატებამდე?
- როცა გავიგე რომ შემოთავაზება ლატვიიდან მქონდა, ცოტა გამიკვირდა, რადგან ბევრი არაფერი ვიცოდი ლატვიური ფეხბურთის შესახებ, მაგრამ როდესაც კლუბის სახელი მითხრეს, ყველანაირი ინფორმაცია მოვძებნე და მივხვდი, რომ აშკარად ძალიან მაღალი დონის კლუბზე იყო საუბარი, რომელიც წლიდან წლამდე პროგრესირებს და ეს ყველაფერი შედეგებშიც ისახება. საბოლოოდ, გადავწყვიტეთ, რომ რფს-ში კარიერის გაგრძელება სწორი არჩევანი იქნებოდა, რადგან დიდი იყო იმის შანსი, რომ კლუბი ევროტურნირების ჯგუფში შესულიყო. კლუბის წარმატების გასაღები ჩემი აზრით ერთიანი გარემო და დისციპლინაა. ყველა მოთამაშე მაქსიმალურად ფოკუსირებულია საერთო მიზანზე. კლუბის მენეჯმენტი მთლიანად გრძელვადიან განვითარებაზეა მიმართული. ეს არ არის უბრალოდ ერთი სეზონის ამბიცია, არამედ ეს არის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ყოველწლიურად კლუბის ახალ ეტაპზე გადასვლას.
განვითარებისთვის და პროგრესისთვის რფს ძალიან მეხმარება, მწვრთნელები ყოველთვის მზად არიან საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაგიზიარონ, რათა მოედანზე თავი უკეთესად წარმოაჩინო. მეც ყოველდღიურად ვმუშაობ საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე. კონკრეტულად 4 კომპონენტის ტაქტიკური, ტექნიკური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური უნარების.
ლატვიის ჩემპიონატის 2024 წლის სეზონში ლაშა ოდიშარიამ 22 მატჩში (10 სასტარტოში) 903 წუთი ითამაშა და 2 გოლი გაიტანა. ზაფხულში რფს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ნორვეგიულ „ბოდიო გლიმტთან'' დამარცხდა, თუმცა შემდეგ ევროპა ლიგაზე გადაერთო, „სანტა კოლომა'' და აპოელ-ი გამოთიშა და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. ოდიშარიამ ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩში სასტარტოში ითამაშა, „სტიაუასთან'' და „აინტრახტთან'' მატჩის მიწურულს შეცვალეს, ხოლო მეორე ტურში „გალათასარაისთან'' გოლი გაიტანა, რფს მარცხისგან იხსნა და მატჩის ბოლომდე მოედანზე იყო.