სანიოლმა გვითხრა, ერთ გუნდად შეკვრა დიდი გამოწვევაა - ინტერვიუ ლევან შენგელიასთან
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბერძნული ოფი-ს ფეხბურთელი ლევან შენგელია CrystalSport-ს საკლუბო და სანაკრებო თემებზე ესაუბრა. მარჯვენა გარემარბმა, რომელიც ეროვნულ ნაკრებში მარცხენა „ვინგბექის’’ პოზიციაზე თამაშობს, ახალი სეზონი ახალ კლუბში, ბერძნულ ოფი-ში დაიწყო, სამ შეხვედრაში 1 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა, საგოლე გადაცემების რაოდენობით სუპერლიგაში საუკეთესოა. აქედან გამომდინარე, შესაძლოა ვილი სანიოლმა ოქტომბრის მატჩებისთვის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახოს, მით უმეტეს, რომ ობიექტურად, დაცვასა და შეტევაში თამაშის თვალსაზრისით, ეროვნულ ნაკრებში მარცხენა „ვინგბექის’’ პოზიციაზე ყველაზე დაბალანსებული ვარიანტია.
ახალ გუნდზე
„ზაფხულში არ მინდოდა გადაწყვეტილება ნაადრევად მიმეღო. მსურდა შემდეგ კლუბთან დაკავშირებით დარწმუნებული ვყოფილიყავი, ამის გამო სექტემბრის სანაკრებო მატჩებისთვის მომზადება ვერ მოვასწარი. როცა თამაშობ და იცი რომ მზად ხარ, შემდეგ ელოდები გამოძახებას და როცა მზად არ ხარ, ამის მოლოდინი არ გაქვს.
საბედნიეროდ, ოფი-ში ყველაფერი იდეალურად მიდის, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. იმედია, ასე გაგრძელდება. მთავარ მწვრთნელ ტრაიანოს დელასთან საფეხბურთო საკითხებში თანამოაზრე ვარ. რაც მთავარია, ჩემს პოზიციაზე ვთამაშობ, რაც ძალიან მიხარია. აქ გადმოსვლა სწორი გადაწყვეტილება იყო, ახლა უკვე კარგ კონდიციებში ვარ, შედეგთან ერთად განწყობაც შესანიშნავია’’.
მთავარი მწვრთნელის, ტრაიანოს დელასის ფაქტორი
ოფი-ში მთავარი მწვრთნელი ტრაიანოს დელასია, რომელიც საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად 2004 წლის ევროპის ჩემპიონია. კარიერის მიწურულს, 2008-10 წლებში თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ „ანორთოსისში'' თამაშობდა.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე, მთავარი მწვრთნელი რა სტილის თამაშს ითხოვს. აქ გადმოსვლამდე „პანეტოლიკოსში’’ ვთამაშობდი, სადაც შემტევისთვის თავის გამოჩენა რთული იყო. სხვა მენტალიტეტის გუნდი ვიყავით, მხოლოდ შედეგზე ორიენტირებული. აქ ორივეს ითხოვენ, შედეგსაც და თამაშის ხარისხსაც. როცა ვხვდები, რომ ჩემს კარგ თამაშს და ჩემს ცუდ თამაშს სწორ ანალიზს უკეთებენ, უფრო მოტივირებული ვარ. ვიცი რომ აზრი აქვს, რას როგორ გავაკეთებ. კარგია რომ დელასს დიდი ფეხბურთი უთამაშია, ეს იგრძნობა დეტალებში, როცა რაღაცას გიხსნის. წინა კლუბში, „პანეტოლიკოსში’’ ამ მხრივ იდეალური ვითარება არ ყოფილა’’.
დელასი შენგელიას თემურ ქეცბაიაზეც ესაუბრა: „დელასი და მისი ასისტენტი თემურს კარგად იცნობენ. როგორც დელასმა მითხრა, კარიერის მიწურულს თემურმა სთხოვა, რომ „ანორთოსისში'' დახმარებოდა. თემურს ძალიან კარგად ახასიათებენ''.
თამაში „ვინგბექის'' პოზიციაზე
„პირველად „ვინგბექის’’ პოზიციაზე ბელგიაში ვითამაშე, მარჯვენა ფლანგზე („ლოვენი’’, 2021-22). ამ კუთხით იქ ოდნავ რაღაცებს მივეჩვიე, მაგრამ სიმართლე გითხრა, არც მე ვიცოდი, მარცხენა „ვინგბექზე’’ როგორ ვითამაშებდი. უბრალოდ, მაქსიმუმს ვცდილობდი და სიტუაციებს უფრო მეტად ვაკვირდებოდი, რადგან სულ სხვა ვითარებებში ხარ, როცა „ვინგბექი’’ ხარ და სულ სხვაა გარემარბად თამაში. ბევრად განსხვავებული პოზიციაა. მიხარია, თუ კარგად გავართვი თავი. ალბათ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ახლა ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც კი ოდესმე ყოფილა. მიხარია რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ, თუნდაც „ვინგბექის’’ პოზიციაზე’’.
უთამაშებლობა და ბევრი პოზიტივი ევრო 2024-ზე
ლევან შენგელიამ საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალსა და ფინალში სასტარტოში ითამაშა, ლუქსემბურგთან საგოლე პასი შეასრულა, საბერძნეთთანაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა ტრავმის გამო 86-ე წუთზე შეცვალეს. ევროპის ჩემპიონატზე ყველა მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა, არ უთამაშია. ფეხბურთელი თვლის, რომ ამ სირთულის (უთამაშებლობას გულისხმობს) გადალახვაში ის ბევრი პოზიტივი დაეხმარა, რაც ნაკრებში და ნაკრების გარშემო იყო.
„ევრო 2024-ზე 1 წუთიც არ მითამაშია. რა თქმა უნდა, მარტივი არ იყო, მაგრამ ნაკრებია, მით უმეტეს უკვე 28 წლის ვარ, გამოცდილებაც ბევრი დავაგროვე როგორც რთულ, ასევე კარგ ვითარებებში. ეს გეხმარება. იმას თუ არ ჩავთვლით, რომ არ მითამაშია, ნაკრებში ძალიან ბევრი პოზიტივი იყო, რაც დამეხმარა და ამის ხარჯზე უთამაშებლობის გადატანა უფრო მარტივი იყო.
წინ კიდევ ბევრი თამაშია, ნაკრებში ყველა თამაში საინტერესოა და ამით არაფერი შეცვლილა. კონკრეტულ მომენტში რა როგორ იქნება ვერ გათვლი. მთავარია იმსახურებდე და მზად იყო, ფეხბურთში ასეა, ხან რთული მომენტებია, ხან ყველაფერი კარგად არის, მაგრამ ეს ფეხბურთის ნაწილია, რასაც უკვე შევეჩვიეთ. რთულია, მაგრამ მით უმეტეს ნაკრებში სხვა ვალდებულებებია, შენს თავზე წინ სხვა რაღაცებს აყენებ, რაც სწორია. ყველა ასე ვიქცევით, ამის გამოცაა ერთიანობა ნაკრებში''.
ერთიანობა ეროვნულ ნაკრებში
„ჩემი აზრით ყველას დამსახურებაა, რომ გუნდი შეკრულია, ყველას თავისი პატარა წვლილი შეაქვს. ვილისაც აღუნიშნავს, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა და გამოწვევა, თუნდაც ისეთ დიდ ნაკრებში როგორიც საფრანგეთია. შენი ქვეყნის საუკეთესო მოთამაშეები რამდენიმე დღეს ერთად ატარებენ, მათი ერთ გუნდად შეკვრა მწვრთნელის ერთ-ერთი ფუნქციაა, თუ რამდენად კარგად ახერხებს ფეხბურთელთა გაერთიანებას და რამდენადაა გუნდში ერთსულოვნება.
რაც მთავარია, ჩვენთან ნაკრებში, ყველა ტოპ ვარსკვლავი თავმდაბალია და ნაკრებისთვის მაქსიმუმს აკეთებს, რასაც ხალხი ხედავს. ამის გამოც არის ასეთი დიდი მხარდაჭერა, რაც ბოლო ორ თამაშში გამოჩნდა. ამას ყველა ვუფრთხილებდით, ახალი მიზნები გვაქვს, რასაც ასეთი ამაღლებული განწყობით უფრო მარტივად მივაღწევთ’’.
2019 წლიდან მოყოლებული ლევან შენგელიამ ეროვნულ ნაკრებში 17 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი შეაგდო და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ლევან შენგელიასთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ იხილოთ:
შენგელიას ბრწყინვალე სტატისტიკა - დელასი ქართველს დიდ ნდობას უცხადებს
შეუჩერებელია და გუნდის საკვანძო მოთამაშედ იქცა - ბერძნული Gazzetta შენგელიაზე