შენგელიას ბრწყინვალე სტატისტიკა - დელასი ქართველს დიდ ნდობას უცხადებს
საბერძნეთის სუპერლიგის ახალი სეზონი ლევან შენგელიამ ოფი-ში ძალიან კარგად დაიწყო, სამ თამაშში 1 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა. სადებიუტო მატჩში „ვოლოსს’’ გაუტანა, შემდეგ „არისთან’’ 2 საგოლე პასი შეასრულა, გუშინ კი „ლევადიაკოსთან’’ მატჩის მიწურულს მისი საგოლე გადაცემით ვასილიოს ლამპროპულოსმა თამაში გადაარჩინა. მოკლედ, სამ მატჩში ლევანის აქტივში 4 საგოლე მოქმედებაა და შესაძლოა ვილი სანიოლმა ოქტომბრის მატჩებისთვის გამოიძახოს.
CrystalSport-ის ცნობით, ლევანი ოფი-ში თავს კარგად გრძნობს, ახალ თანაგუნდელებთან და მთავარ მწვრთნელ ტრაიანოს დელასთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. დელასისგან ნდობას გრძნობს, რაც მას სტაბილურად შედეგიანი თამაშისთვის ძალიან სჭირდებოდა. ოფი-ში თავს ისე კარგად გრძნობს, როგორც 2018-19 წლებში თბილისის „დინამოში'' იყო, როცა გუნდს ესპანელი ჩისკო წვრთნიდა და მაშინ შენგელია ძალიან შედეგიანი იყო.
ოფი-ს მთავარი მწვრთნელი ტრაიანოს დელასი შენგელიას დიდ ნდობას უცხადებს, რაც იმაშიც გამოიხატა, რომ „ლევადიაკოსთან’’ მატჩში, როცა ოფი მატჩის ბოლომდე 0:1-ს აგებდა, დელასმა თითქმის ყველა შემტევი შეცვალა, მხოლოდ შენგელია და ცენტრფორვარდი იუნგი დატოვა მინდორზე. საბოლოოდ, შენგელიას მინდორზე დატოვებამ გაამართლა და გუნდმა თამაში გადაარჩინა.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მარცხენა „ვინგბექის’’ პოზიციაზე სექტემბრის თვეში ლუკა ლოჩოშვილმა ითამაშა. ასევე, ამ პოზიციაზე გიორგი წიტაიშვილი და ირაკლი აზაროვი განიხილებიან, თუმცა ბოლო პერიოდში აზაროვს „შახტარში’’ სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, უკრაინის ჩემპიონატის გასულ ტურში ლვოვის „კარპატისთან’’ სკამზე იჯდა, ისევე როგორც ჩემპიონთა ლიგაზე „ბოლონიასთან’’. აქედან გამომდინარე, შესაძლოა სანიოლმა აზაროვის ნაცვლად შენგელია გამოიძახოს.
შეგახსენებთ, ლევანი კლუბში მარჯვენა გარემარბად თამაშობს, ეროვნულ ნაკრებში - მარცხენა „ვინგბექად''. ვილი სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში პოზიცია მაროკოსთან ამხანაგურ შეხვედრაში შეუცვალა (2022 წელს) და მას შემდეგ მხოლოდ მარცხენა „ვინგბექის'' პოზიციაზე განიხილავს.