ვერც ახალი მწვრთნელი დაარწმუნა - ტორინო მზადაა საზონოვი გაყიდოს
Tuttosport-ის ინფორმაციით, „ტორინო’’ მზადაა საბა საზონოვთან დაკავშირებით წინადადებები განიხილოს. ტურინული კლუბი როგორც იჯარისთვის, ასევე ფეხბურთელის გაყიდვისთვის მზადაა.
საბამ „მილანთან’’ მატჩი ჩააგდო (იხილეთ). გასულ სეზონში საბას ივან იურიჩთან მუშაობისას „ტორინოში’’ მცირე სათამაშო დრო ჰქონდა, როტაციაში იყო, ვითარება არც ახალ სეზონში შეცვლილა. ზაფხულში იურიჩი პაოლო ვანოლიმ შეცვალა, თუმცა საბამ ვერც ახალი შანსი გამოიყენა, „მილანთან’’ ცვლილებაზე გამოვიდა და ორივე გაშვებული გოლისას პასიური იყო, სერია A-ს კლუბში ერთწლიანი ყოფნის შემდეგ მცველი ასე ინტერტულად არ უნდა მოქმედებდეს, მეტი სიხისტეა და აგრესიაა საჭირო. ცხადია, ბარათის ზღვარზე.
Calcomercato.com-ის ცნობით, „ტორინო'' მზადაა საზონოვი 3 მილიონად გაყიდოს, ზუსტად იმ თანხად, რა თანხადაც იყიდა. 2023 წლის ზაფხულში „ტორინომ'' საზონოვი 3 მილიონ ევროდ მოსკოვის „დინამოდან'' შეიძინა, თუმცა უკვე ძალიან ცხადია, რომ ეს ტრანსფერი წარუმატებელი გამოვიდა. საბას ცუდ თამაშს ის გარემოებაც ემატება, რომ „ტორინოში'' მცველებს შორის დიდი კონკურენცია (იხილეთ სტატია), პლუს „ტორინო'' ორი ახალი მცველის დამატებას გეგმავს. ასე რომ გამოსავალი საბას „ტორინოდან'' წასვლაა.
საბას კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს.