საბა საზონოვი, ადამ მასინა, საულ კოკო, მერგიმ ვოივოდა
Aa
Aa

ახალი გუნდი უნდა მოძებნოს - საზონოვს ძლიერი კონკურენტი მოუყვანეს

საბა საზონოვის „ტორინომ’’ სეზონის პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა, იტალიის თასზე ტურინულმა გუნდმა „კოზენცას’’ 2:0 მოუგო.

„ტორინოდან’’ ივან იურიჩი წავიდა, მთავარ მწვრთნელად პაოლო ვანოლი დაინიშნა, გუნდი კვლავ სამი ცენტრალური მცველით თამაშობს, საბა საზონოვი კვლავ სკამზეა და კარგი იქნება თუ სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე ახალ გუნდს მოძებნის.

„კოზენცასთან'' მარცხენა ცენტრალური მცველი მაროკოელი ადამ მასინა იყო, რომელიც გუნდს გასული სეზონის მიმდინარეობისას, ზამთარში შეუერთდა. თამაშის მიწურულს მასინა 20 წლის ალესანდრო დელავალემ შეცვალა, რომელმაც „ტორინოში’’ მხოლოდ მეორედ ითამაშა, მეორე გუნდიდან დააწინაურეს, თუმცა საბა მარცხენა ცენტრალურ მცველად ნაკლებად განიხილება, საბას მთავარი პოზიცია სამ ცენტრალურ მცველს შორის ცენტრში თამაშია.

იტალიის თასზე შუაში საულ კოკო იდგა, რომელიც ამ ზაფხულში „ტორინიმ’’ „ლას პალმასიდან’’ იყიდა და 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. კოკოსთან კონკურენცია საბა საზონოვს ძალიან გაუჭირდება, ის საბას მთავარი კონკურენტია. „ტორინომ’’ აფრიკელის სანაცვლოდ 7,5 მილიონი ევრო გადაიხადა, რაც ამ დონის კლუბისთვის მცველთან დაკავშირებით  დიდი თანხაა. შედარებისთვის, „ტორინომ’’ საზონოვი 2023 წლის ზაფხულში ორ მილიონად იყიდა. ასევე გეტყვით, რომ „ტორინომ’’ ცენტრალური მცველის სანაცვლოდ ყველაზე დიდი თანხა არმანდო იცოს სანაცვლოდ გადაიხადა, 2018 წელს „ჯენოადან’’ 10,7 მილიონად შეიძინა.

სამ ცენტრალურ მცველს შორის ცენტრში საბა საზონოვისა და საულ კოკოს გარდა ნიდერლანდელი პერ სხურსის კანდიდატურა განიხილება, მან გასულ სეზონში მძიმე ტრავმა მიიღო და მოედანს შემოდგომაზე დაუბრუნდება.

„კოზენცასთან'' მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე კოსოვოელმა მერგიმ ვოივოდამ ითამაშა. გასულ სეზონში ივან იურიჩს როტაციაში ჰყავდა, თუმცა ხშირად ათამაშა, სერია A-ს 38 მატჩიდან 28 მიიღო მონაწილეობა, სასტარტოში მხოლოდ 15-ჯერ მოხვდა.

მოკლედ, ბუონჯორნოს „ნაპოლიში’’ ტრანსფერით საბასთვის ბევრი არაფერი იცვლება, მას კოკოს სახით ძლიერი კონკურენტი მოუყვანეს, პლუს სხურსი შემოდგომაზე დაბრუნდება და თუ მანამდე საბამ სათამაშო დრო ვერ მიიღო და საუკეთესო თვისებები ვერ გამოავლინა, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება.

სეზონის სტარტიდან გამომდინარე ქართველ მცველს სკამზე ჯდომა მოუწევს. გასული სეზონის მსგავსად კონკურენტების ტრავმების ან მათი ჩაგდებული მატჩების მოლოდინში უნდა იყოს. კარგი იქნება თუ სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე საბა ახალ გუნდს მოძებნის და თუნდაც იჯარით სხვა კლუბში გადავა, სადაც რეგულარული სათამაშო დროის მეტი შანსი ექნება. ამ მოცემულობით საზონოვს საუკეთესო შემთხვევაში როტაციაში ვიხილავთ, ეს საუკეთესო ვარიანტია, შესაძლოა ცვლილებაზეც იშვიათად ათამაშონ და შესაბამისად ვილი სანიოლს მისი ნაკრებში გამოძახების საფუძველი არ ექნება.

მსგავსი სიახლეები