Whoscored-მა და Sofascore-მა მამარდაშვილი მატჩის მოთამაშედ აღიარეს
ესპანური ლა ლიგის 31-ე ტურში „ვალენსიამ“ „სევილიას“ 1:0 მოუგო, რაშიც თავისი სოლიდური წვლილი გიორგი მამარდაშვილმაც შეიტანა. ქართველმა მეკარემ 5 ბურთი მოიგერია და „ღამურებმა“ მიჯრით მესამე მატჩი მოიგეს.
შეხვედრის შემდეგ, ლა ლიგამ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გოლის ავტორი ხავი გუერა დაასახელა, თუმცა განსხვავებული პოზიცია აქვთ საერთაშორისო ანალიტიკურ პორტალებს Whoscored-სა და Sofascore-ს, რომლებიც საუკეთესოდ მამარდაშვილს მიიჩნევენ.
მატჩის შემდეგ, Sofascore-მა მამარდაშვილს 8.2 დაუწერა, რაც საუკეთესო შეფასებაა. რაც შეეხება Whoscored-ს, მათ ქართველ მეკარეს თამაში 8.1-ით შეუფასეს, ასევე პირველი მაჩვენებელი იყო.
„ღამურებმა“ ბოლო დროს თამაში საგრძნობლად გააუმჯობესეს. ბოლო 5 მატჩიდან 4 მოიგეს და 1 ფრედ დაასრულეს. ამ მომენტისთვის ვალენსიელებს 37 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის მე-12 პოზიციას იკავებენ. მომდევნო შეხვედრას 19 აპრილს გამართავენ და სტუმრად „რაიო ვალეკანოს“ დაუპირისპირდებიან.