დე ჯოვანი: კვარა რომ არ წასულიყო, ნაპოლი სკუდეტოს მარტივად მოიგებდა
ცნობილი იტალიელი მწერალი და საფეხბურთო ექსპერტი მაურიციო დე ჯოვანი, რომელიც „ნაპოლის“ დიდი გულშემატკივარია, Radio Marte-ს ეთერში ანტონიო კონტეს გუნდის შესახებ საუბრობს და ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერის დეტალებზე საუბრობს.
დე ჯოვანი ამბობს, რომ მას აქვს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კვარაცხელია და მისი გარემოცვა FIFA-ს მე-17 მუხლის გამოყენებას გეგმავდნენ, თუ დე ლაურენტისი იანვარში ტრანსფერს დაბლოკავდა.
„ხვიჩა შესანიშნავი მოთამაშეა, ძალიან მომწონს, მაგრამ ვადასტურებ ინფორმაციას, რომ ის კლუბს ფიფას მე-17 მუხლი გამოყენებით დაემუქრა. ამ გარემოებამ ყველაფერი შეცვალა. კვარაცხელია ვალდებული იყო უფრო აქტიურად ემოქმედა და ხმა აემაღლებინა, რათა ნაპოლი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას დაეტოვებინა, როგორც ეს თავად სურდა. თუმცა, საბოლოოდ საქმე იანვრამდე მივიდა.
კვარა კლუბს დაემუქრა, რომ ივნისში მე-17 მუხლის გამოყენებით 10 მილიონ ევროდ წასვლას შეძლებდა, რაც ნაპოლის ფინანსურად დიდ ზიანს მიაყენებდა. ამიტომ, პარტენოპეი იძულებული გახდა ის გაეყიდა.
კლუბთან მისი კონტრაქტი 2027 წლამდე იყო ძალაში. განახლება შესთავაზეს, თუმცა უარი თქვა და 11 მილიონად პსჟ-ში თამაში არჩია. მას ტრანსფერი ივნისში უნდა მოეთხოვა, ან სეზონის ბოლომდე მოეცადა და შემდეგ წასულიყო. ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს იმისა, თუ რას წყვეტდა ეს რამდენიმე თვე სეზონის დასრულებამდე. მისთვის რას ცვლიდა? დარწმუნებული ვარ, რომ ხვიჩას დარჩენის შემთხვევაში ნაპოლი სკუდეტოს ადვილად მოიგებდა“.
- ამბობს დე ჯოვანი.
იტალიელ მწერალს ის ფაქტი არ აღუნიშნავს, რომ კვარაცხელია შუა სეზონში პსჟ-ში გადასვლის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს, სადაც ნახევარფინალში გასვლის ძალიან კარგი შანსიც აქვს და ზოგადად ტურნირის მოგებისაც.
რთულია დე ჯოვანის სიტყვებს ბრმად ვენდოთ და მისი შეფასება ჭეშმარიტებად მივიღოთ. ერთი რაც აშკარაა არის ის, რომ ნეაპოლში კვარას დაკარგვას დღემდე ვერ ინელებენ და ხვდებიან, რომ მათი საჩემპიონო შანსები ხვიჩას წასვლასთან ერთად დასრულდა.