„FIFA-ს მე-17 მუხლი - კვარას ზაფხულში წასვლა შეეძლება?“
კვარაცხელიასა და „ნაპოლის“ შორის მოლაპარაკებები უკვე დიდი ხანია ჩიხშია შესული. თვეების წინ, სექტემბრისთვის დაანონსებული შეხვედრა, რომელზეც თითქოს შეთანხმება უნდა მიღწეულიყო, არ გამართლა. შემდეგ დასახელდა ნოემბერი, დეკემბერი, ამჯერად 2025 წელი. მგონი გასაგებია ყველაფერი საითკენაც მიდის - მხარეები შეთანხმებისგან ძალიან შორს არიან.
ცნობილი იტალიური გამოცემა Tuttomercatoweb-ი საინტერესო მოსაზრებას გვიზიარებს და ხვიჩას კონტრაქტის თაობაზე FIFA-ს მე-17 მუხლს ახსენებს, რომელსაც იშვიათად იყენებენ, იტალიაში კი კიდევ უფრო იშვიათად. ამის მიხედვით, კვარას ზაფხულში წასვლის კარგი შანსი ექნება.
„ნაპოლი 2026 წლამდე თავს დაცულად გრძნობს, თუმცა თუ სეზონის ბოლომდე მხარეები კონტრაქტს არ განაახლებენ, კვარას შესაძლოა წასვლის შანსი მიეცეს და ეს FIFA-ს მე-17 მუხლიდან არის განპირობებული, რომელსაც იტალიაში ნაკლებად იყენებენ.
მე-17 მუხლი არის FIFA-ს რეგლამენტის წესი, რომელიც ნებადართულია 28 წლამდე ასაკის ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც კონტრაქტის გაფორმებიდან 3 წლის შემდეგ გუნდის შეცვლის უფლება აქვთ. ფეხბურთელს, რომელსაც სურს ამ წესის გამოყენება, მას სამი ვალდებულება აქვს:
პირველი: აცნობოს კლუბს თავისი განზრახვა, რომ გუნდის დატოვება სურს და ეს უნდა გააკეთოს ბოლოს ჩატარებული მატჩიდან უახლოეს 15 დღეში.
მეორე: მას ეკრძალება იმავე ჩემპიონატში მოთამაშე გუნდში გადასვლა მომდევნო 12 თვის განმავლობაში.
მესამე: ის კომპენსაციას გადაუხდის მის ამჟამინდელ კლუბს, რამდენიმე ობიექტურ კრიტერიუმზე დაყრდნობით, მაგალითად, როგორიცაა ხელფასი და ხელშეკრულების ვადის გასვლამდე დარჩენილი დრო (იგულისხმება მაქსიმუმ 5 წელი)“.
- წერს იტალიური გამოცემა.
უცნობია, თუ რამდენად აპირებს კვარაცხელიას გარემოცვა ამ პუნქტის გამოყენებას, თუმცა ამჟამად რაც ფაქტია არის ის, რომ მხარეები შეთანხმებას ვერ ახერხებენ და 2025 წლის ზაფხულისთვის „ნაპოლის“ კვარას შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება.