„წნეხს უძლებს, საოცრად თავდაჯერებულია, შეუძლია პაოკ-ის პირველი მეკარე გახდეს“
ბერძენი სპეციალისტი მიხალის გროგორიუ, რომელიც სეზონის დასაწყისში „პანსერაიკოსში’’ ლუკა გუგეშაშვილს წვრთნიდა, ბერძნულ რადიო Metropolis 95.5-თან ქართველ მეკარეზე საუბრობს.
გრიგორიუ: „პოზიციურად კარგად თამაშობს, პიროვნული თვისებებით გამოირჩევა და შეუძლია საიმედო თამაშით გუნდს დაცულობის განცდა შესძინოს. მისი სუსტი წერტილი გამოსვლაზე თამაშია, მაგრამ ეს ის არის, რაზეც მუშაობა და რისი განვითარებაც შესაძლებელია. მას ძალიან ცოტა მინუსი და ძალიან ბევრი პლუსი აქვს. ძალიან კარგი ასაკი აქვს და არ არის საჭირო იმაზე მეტის თქმა, რაც მან ამ სეზონში მოედანზე აჩვენა.
მას შეუძლია პაოკ-ში პირველი მეკარე იყოს. საოცრად თავდაჯერებულია და შესანიშნავი პიროვნული თვისებები აქვს იმისთვის, რომ პაოკ-ში პირველი მეკარე იყოს.
როცა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მეორე მეკარე ხარ, ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე იყავი, წლებია ეროვნულ ნაკრებში რეგულარულად გიწვევენ, შეგიძლია პაოკ-ის პირველი მეკარის წნეხსა და ზეწოლას გაუძლო’’.
ამ მომენტში პაოკ-ში ორი მეკარეა: 25 წლის დომინიკ კოტარსკი და 32 წლის ირჟი პავლენკა. პაოკ-ის პირველი მეკარე კოტარსკია, მის მიმართ ტოპ 5 ლიგიდან დიდი ინტერესია. დიდი ალბათობით, სეზონის შემდეგ პაოკ-ს დატოვებს. პავლენკა მეორე მეკარეა, თუმცა დიდი გამოცდილება აქვს, ბუნდესლიგაში „ვერდერისთვის’’ 175 მატჩი ჩაატარა. თუ კოტარსკი ან პავლენკა პაოკ-ში დარჩება, ლუკას ძლიერი კონკურენტი ეყოლება.
„ყარაბაღიდან'' წამოსვლის შემდეგ გასულ ზაფხულში გუგეშაშვილი „პანსერაიკოსს'' შეუერთდა, საბერძნეთის სუპერლიგაში არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა, რამდენჯერმე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, გამორჩეული ბერძნული კლუბების ინტერესი დაიმსახურა და საბოლოოდ არჩევანი პაოკ-ზე შეაჩერა.
25 წლის მეკარემ სუპერ ლიგის სეზონში 25 მატჩი ჩაატარა, ხუთ შეხვედრაში გუნდს უკაპიტნა, ოთხ მატჩში კარი მშრალად შეინახა.
შეგახსენებთ, გუგეშაშვილმა ბერძნულ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა, პაოკ-მა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე გაფორმდა. ლუკა ახალ გუნდს ზაფხულში შეუერთდება.
CrystalSport-მა „პანსერაიკოსის'' მთავარი მწვრთნელი ხუან ფერანდო და მეკარეების მწვრთნელი არის კარაბეციოსი ჩაწერა. შეგიძლიათ აღნიშნული ინტერვიუები იხილოთ:
მჯერა, ლუკა ნაკრების პირველი მეკარე გახდება | ინტერვიუ არის კარაბეციოსთან
მას შეუძლია მამარდას კონკურენცია მოუგოს | ინტერვიუ ხუან ფერანდოსთან