მას შეუძლია მამარდას კონკურენცია მოუგოს | ესპანელი მწვრთნელი გუგეშაშვილზე
ბერძნული „პანსერაიკოსის'' ესპანელი მთავარი მწვრთნელი ხუან ფერანდო CrystalSport-ს მისი გუნდის ქართველი მეკარის, ლუკა გუგეშაშვილის შესახებ ესაუბრა.
25 წლის მეკარე მიმდინარე სეზონში კარგ ფორმაშია, „სეივების'' რაოდენობით საბერძნეთის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარეა, მატჩის საუკეთესო მეკარედ არაერთხელ დასახელდა. გარდა ამისა, საუკეთესო ბერძნული კლუბების, პაოკ-ისა და „ოლიმპიაკოსის'' ინტერესი დაიმსახურა. თუ ლუკა ამ ფორმას შეინარჩუნებს, სეზონის დასრულების შემდეგ მისი ტრანსფერის ალბათობა ძალიან დიდი იქნება, მანამდე კი ხუან ფერანდოს მოსაზრებებს გთავაზობთ ლუკას შესახებ.
- როცა „პანსერაიკოსის’’ მთავარი მწვრთნელი გახდით, ლუკა უკვე გუნდის წევრი იყო. სავარჯიშო პროცესიდან და საწყისი რამდენიმე ვარჯიშიდან გამომდინარე როგორ შთაბეჭდილება შეგექმნათ მასზე?
- ლუკა ყოველთვის ძალიან პოზიტიურ დამოკიდებულებას აჩვენებს. მისი ქცევითა და დამოკიდებულებით თითქოს მეუბნებოდა რომ თამაში და გუნდის დახმარება სურდა, ეს ცხადი იყო, მაგრამ ასევე სურდა მისი უნარების გაუმჯობესება.
- „ყარაბაღში’’ თამაშისას მნიშვნელოვანი გამოცდილება შეიძინა, ევროტურნირებზე ითამაშა, მაგრამ მას რეგულარული სათამაშო დროის პრობლემა ჰქონდა. როგორ აისახა ლუკას პროგრესზე თქვენს მიერ გამოცხადებული ნდობა?
- მინდა ვიფიქრო, რომ ეს მასზე დადებითად აისახა. უმეტეს შემთხვევებში, როდესაც მოთამაშე მწვრთნელის ნდობას გრძნობს (ეს ნდობა მან დამსახურებულად მოიპოვა), ეს უკეთეს თამაშში და პოზიტიური პროცესის დაწყებაში (ან გაგრძელებაში) გადაიზრდება.
- ლუკა 25 წლისაა. თქვენ მის სპორტულ უნარებსა და პიროვნულ თვისებებს კარგად იცნობთ. აქედან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ რა შეიძლება იყოს მისი კარიერის ჭერი?
- ვერავინ განსაზღვრავს ფეხბურთელის კარიერის მაქსიმალურ ნიშნულს, რადგან გავლენას ბევრი ფაქტორი ახდენს და ეს რაღაც არაპროგნოზირებადია. რაც შეეხება მის უნარებს, ლუკა განვითარების სწორ პროცესშია და იცის, რომ უახლოეს წლებში დიდი პროგრესის ჩვენება შეუძლია. საკუთარი თავის რწმენა უნდა შეინარჩუნოს და შრომა გააგრძელოს.
- ლუკა ამბიციურია, მისი მიზანი ყოველთვის პირველი მეკარეობაა. ეროვნულ ნაკრებში გიორგი მამარდაშვილის სახით ძლიერი კონკურენტი ჰყავს, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე. როცა ასეთი კონკურენტი გყავს, ყოველთვის მზად უნდა იყო და შანსს დაელოდო. შესაძლოა, ამ ეტაპზე ნაკლებად რეალურია, თუმცა ხედავთ მასში პოტენციალს, რომ ერთ დღეს ეს კონკურენცია მან მოიგოს?
- ამის თქმა არავის შეუძლია, მაგრამ თუ მის პოტენციალზე მეკითხები, ვფიქრობ მას აქვს ის, რაც საჭიროა რომ ეს გააკეთოს (მამარდასთან კონკურენცია მოიგოს). ასევე, ლუკა მიზანდასახულია. შესაფერისი მომენტი დაუდგება.
- თქვენი შთაბეჭდილება ლუკას პიროვნულ თვისებებზე, რაც მას პროგრესში ეხმარება. როგორ დაახასიათებთ მას პიროვნულად?
- ეს ძალიან სუბიექტურია, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ლუკა ამბიციურია, მშრომელია და პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს. ლუკა საკუთარი თავის მიმართ მომთხოვნია და თანაგუნდელებისგანაც იგივეს მოლოდინი აქვს. ეს ეხმარება, რომ პიროვნულად ძლიერი იყოს.
- ლუკა ქულების მოპოვებასა და შენარჩუნებაში გეხმარებათ.
- დიახ, ასეა. მან ეს უკვე არაერთხელ აჩვენა, მატჩის MVP რამდენჯერმე გახდა.
- როცა კარში თავდაჯერებული მეკარეა, რომელსაც რთული დარტყმების აღება/მოგერიება შეუძლია, ეს ფაქტორი თანაგუნდელების ემოციებსა და მთლიანად გუნდის თამაშზე როგორ აისახება?
- ეს გუნდს ნამდვილად ეხმარება. ეს ზრდის გუნდის თავდაჯერებას და ეხმარება ფეხბურთელებს, რომ არ შეშინდნენ მეტოქის შეტევისას და სწრაფი გოლი არ გაუშვან.
- რა უნარების გაუმჯობესება სჭირდება მას იმისთვის, რომ ტოპ ლიგაში ითამაშოს (იგულისხმება ევროპის 5 საუკეთესო ჩემპიონატი)?
- ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ გრძელ გადაცემებზე, გრძელ პასებზე. ასევე, თამაში როდის ავაჩქაროთ და როდის შევანელოთ... მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გამოცდილება მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
25 წლის ლუკა გუგეშაშვილმა სუპერ ლიგის სეზონში 22-ვე მატჩში სასტარტოში ითამაშა, ოთხ შეხვედრაში გუნდის კაპიტანი იყო, ასევე ოთხ მატჩში კარი მშრალად შეინახა. 88 „სეივით'' ჩემპიონატის საუკეთესო მეკარეა. მოსალოდნელი იყო, რომ მის მიმართ დიდი ინტერესი გაჩნდებოდა, მისი დამატება გამორჩეულ ბერძნულ კლუბებს, მათ შორის პაოკ-ს სურს.
Transfermarkt-ის მონაცემებით, ლუკას სატრანსფერო თანხა 500 000 ევროა. „პანსერაიკოსთან'' მოქმედი კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე აკავშირებს.
ასევე გეტყვით, რომ „პანსერაიკოსის’’ მეკარეების მწვრთნელი არის კარაბეციოსი CrystalSport-ს ლუკა გუგეშაშვილის წარმატებულ სეზონზე ესაუბრა (იხილეთ).