მათ არ იციან ომი რა არის, მე ეს ბევრჯერ გამოვცადე | დოლიძე ოპონენტებზე
UFC Vegas 104-ზე საშუალო წონით დივიზიონში რომან დოლიძემ მარვინ ვეტორი დაამარცხა (იხილეთ ვრცლად), რევანში აიღო და ორი ყოფილი ჩემპიონი, უიტეკერი და ადესანია გამოიწვია. შეხვედრის შემდეგ ქართველმა მებრძოლმა პრესკონფერენციაზე ბევრ თემაზე ისაუბრა, მან მისი რთული ცხოვრებისეული პერიოდები გაიხსენა, როცა საქართველოსა და უკრაინაში ომი გამოცადა. ასევე, რომანი აღნიშნავს, რომ მის მეტოქეებს მტრებად არ აღიქვამს.
„ჩემი ოპონენტები ამბობენ, რომ ჩვენ ნამდვილ ომს გავმართავთ. ამ ხალხს ომი არ უნახავთ, მე კი არაერთი ომი გამოვცადე. 90-იან წლებში, როცა დავიბადე, ჩემს ქვეყანაში ომი იყო. ასევე, 2028 წლის ომი (რუსეთ-საქართველოს ომი), 2014 წელს უკრაინაში, 2022 წელს უკრაინაში... ბევრი ცუდი რამ ვნახე, მათ არ იციან რა არის ომი. როცა ომს ახსენებენ, თვალებში ვუყურებ და სერიოზულად გამოიყურებიან. მათ ასეთ გამომეტყველებაზე ვხვდები, რომ ომზე წარმოდგენა არ აქვთ. თუ მათ ომის ნახვა მართლა უნდათ, შემიძლია წავიყვანო და ნამდვილი ომი ვანახო.
ოპონენტებს პატივს ვცემ, მტრებად არ მივიჩნევ. როცა აწონვისას მარვინი ვნახე, მივედი და ვუთხარი, რომ რომი საოცარი ქალაქია. ძალიან მომეწონა იტალიური სამზარეულო. როცა ეს ყველაფერი ვუთხარი, შოკირებული ჩანდა. ვერ მიხვდა, ეს რატომ ვუთხარი. ოქტაგონზე სასტიკი ადამიანი იმიტომ ვარ, რომ მათ ჩემი დაზიანება სურთ და ვცდილობ ისინი მეც დავაზიანო, მაგრამ ეს სპორტს არ ცდება, სპორტის მიღმა მათ მტრებად არ აღვიქვამ''.
ცნობისთვის, მარვინ ვეტორი 31 წლისაა და ის UFC-ში 2016 წლიდან ჩხუბობს. ვეტორი და დოლიძე ერთმანეთს 2023 წლის მარტში დაუპირისპირდნენ, როდესაც იტალიელმა მებრძოლმა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა, გადაწყვეტილება ძალიან საკამათო იყო. მას შემდეგ „იტალიური ოცნება“ ჯარედ კანონიერთან დამარცხდა, დოლიძემ კი ჯერ ნასურდინ იმავოვთან ჩხუბი დათმო, შემდეგ ენტონი სმიტს და კევინ ჰოლანდს მოუგო, დღეს კი იტალიელთან რევანში აიღო. UFC-ში დოლიძემ მე-12 ბრძოლა გამართა, 9 გამარჯვება, 3 მარცხი.