ჩემში ორ ადამიანს სძინავს, გადარეულს და მშვიდს | დოლიძის პრესკონფერენცია
UFC Vegas 104-ზე საშუალო წონით დივიზიონში რომან დოლიძემ მარვინ ვეტორი დაამარცხა (იხილეთ ვრცლად), რევანში აიღო და ორი ყოფილი ჩემპიონი, უიტეკერი და ადესანია გამოიწვია. შეხვედრის შემდეგ ქართველმა მებრძოლმა პრესკონფერენციაზე ვრცლად ისაუბრა.
რომან დოლიძე: „მე ვუსმენდი ჩემს კუთხეში მდგომთ, ისინი მეუბნებოდნენ როდის უნდა გადავსულიყავი შეტევაზე, როდის შემენარჩუნებინა ტემპი.
ბევრი ვიმუშავე იმისთვის, რომ ბრძოლისას სიმშვიდე შემენარჩუნებინა, ზოგჯერ როცა მეტოქე გირტყამს ან შენ ურტყამ, აღელვებული ხარ და ცდილობ ენერგია დახარჯო. ჩემს თავს ვუთხარი: რომან პროფესიონალი უნდა იყო, წინ წახვიდე, აგრესიულა გამოავლინო, მაგრამ ამასთან ერთად საკუთარი თავი აკონტროლო.
ბრძოლის ყურება ნამდვილად მჭირდება, რადგან ბევრი რამ არ მახსოვს, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ყველაფერი კარგად მიდიოდა. შესაძლოა, სამომავლოდ რაღაცები უნდა შევცვალო, ამ მხრივ ვიმუშავებ, მაგრამ ვფიქრობ გამარჯვებისთვის საკმარისი გავაკეთე.
ჩემი ბრძოლის გეგმა საკუთარი ბრაზის კონტროლში გამოიხატებოდა. ჩემთვის მთავარი ეს იყო.
იმედი მაქვს, მარვინი საუკეთესო ფორმაში იყო. მომწონს, როცა მებრძოლებს მაშინ ვუპირისპირდები, როცა ისინი საუკეთესო ფორმაში, კარიერის პიკში არიან.
მზად ვარ დივიზიონის ტოპ 5 მებრძოლიდან ნებისმიერს დავუპირისპირდე. დიდად არ მადარდებს რომელი იქნება, მაგრამ მათთან ბრძოლა, უიტეკერთან და ადესანიასთან, უფრო რეალური მგონია, რადგან ორივე დამარცხდა.
უიტეკერი? მეტოქის დონიდან და ოპონენტის სახელიდან გამომდინარე ადესანიასთან შეხვედრა უკეთესი იქნება, მაგრამ უიტეკერიც ყოფილი ჩემპიონია. თუ ვინ მსურს შემდეგ მეტოქედ, ამას მეტოქის დონიდან და მისი სახელიდან გამომდინარე ვსაზღვრავ. ადესანიასთან შეხვედრა უფრო ხმამაღალი ამბავი იქნება.
მე ვარ ადამიანი, რომელსაც ორი განსხვავებული მხარე აქვს. ბიზნესი მაქვს, ვმუშაობ ხალხთან, მჭირდება სიმშვიდის შენარჩუნება, მათთვის იმის ახსნა, რა და როგორ უნდა გააკეთონ, მაგრამ ჩემში ორ ადამიანს სძინავს, გადარეულსა და მშვიდს. ოქტაგონზე გადარეული ვარ, თუმცა ვცდილობ ბრაზი ვაკონტროლო’’.
ცნობისთვის, მარვინ ვეტორი 31 წლისაა და ის UFC-ში 2016 წლიდან ჩხუბობს. ვეტორი და დოლიძე ერთმანეთს 2023 წლის მარტში დაუპირისპირდნენ, როდესაც იტალიელმა მებრძოლმა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა, გადაწყვეტილება ძალიან საკამათო იყო. მას შემდეგ „იტალიური ოცნება“ ჯარედ კანონიერთან დამარცხდა, დოლიძემ კი ჯერ ნასურდინ იმავოვთან ჩხუბი დათმო, შემდეგ ენტონი სმიტს და კევინ ჰოლანდს მოუგო, დღეს კი იტალიელთან რევანში აიღო.
UFC-ში დოლიძემ მე-12 ბრძოლა გამართა, 9 გამარჯვება, 3 მარცხი.