თამაშისთვის მზადაა | ქლევერლიმ ჩაკვეტაძეზე ისაუბრა
„უოტფორდის’’ მთავარმა მწვრთნელმა ტომ ქლევერლიმ გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა. მისი თქმით, ქართველი ფეხბურთელი მწყობრშია და ხვალ „სტოკ სიტის’’ წინააღმდეგ ითამაშებს.
ტომ ქლევერლი: „გიორგი ჩაკვეტაძეს თამაშის დღეს კრუნჩხვა ჰქონდა. მთელი კვირის განმავლობაში ვარჯიშობს და თამაშისთვის მზადაა, ამის გამო ძალიან კმაყოფილები ვართ. გასულ ტურში „ლუტონთან’’ ბრწყინვალედ ითამაშა’’.
ჩემპიონშიფის გასულ ტურში „უოტფორდმა'' შინ „ლუტონს'' 2:0 მოუგო. მეორე გოლი ჩაკვეტაძემ ბრწყინვალე გარღვევის შემდეგ შექმნა და კაიემბეს ცარიელ კარში გაატანინა (იხილეთ).
აღსანიშნავია ერთი ფაქტი, „უოტფორდმა'' ზედიზედ ორი მატჩი მოიგო, 48 ქულით მე-9 ადგილზეა და საუკეთესო ექვსეულს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება. თუ „უოტფორდი'' სეზონს ექვსეულში დაასრულებს, ფლეი-ოფის გზით პრემიერ ლიგაში აღზევების შანსი ექნება.
გიორგი ჩაკვეტაძემ ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში 33 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი შეასრულა, თუმცა საგოლე პასების რაოდენობა გაცილებით მეტი იქნებოდა, მისი თანაგუნდელები დამაგვირგვინებელ ფაზაში უფრო ზუსტად რომ მოქმედებდნენ.
ჩემპიონშიფის მომდევნო ტურში „სტოკი'' - „უოტფორდის'' მატჩი პირველ მარტს, 19:00 საათზე დაიწყება.