გუგეშაშვილი პაოკ-ს პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა | ტრანსფერი რეალურია
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბერძნული „პანსერაიკოსის’’ ქართველი მეკარე ლუკა გუგეშაშვილი პაოკ-ს პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა. ამჟამად, მოლაპარაკება კლუბებს შორის მიმდინარეობს.
ინფორმაცია თავდაპირველად ბერძნულმა Sport-fm-მა გაავრცელა. CrystalSport-მა ინფორმაცია გადაამოწმა და სიმართლეს შეესაბამება, თუმცა მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ ლუკა პაოკ-ში პირველი მეკარე იქნება, სეზონის დასრულების შემდეგ პაოკ-ი მეკარე დომინიკ კოტარსკის სარფიანად გაყიდის და მის ადგილს ლუკა დაიკავებს.
CrystalSport-ის ცნობით, პაოკ-ი მზადაა ლუკას სანაცვლოდ 1,2 მილიონი ევრო გადაიხადოს. ამ ეტაპზე კლუბებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება.
Transfermarkt-ის მონაცემებით, ლუკას სატრანსფერო თანხა 500 000 ევროა. „პანსერაიკოსთან'' მოქმედი კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე აკავშირებს. აქედან გამომდინარე, 2025 წლის ზაფხული ტრანსფერისთვის იდეალური მომენტია.
25 წლის მეკარემ სუპერ ლიგის სეზონში 23 მატჩი ჩაატარა, ოთხ შეხვედრაში გუნდის კაპიტანი იყო, ასევე ოთხ მატჩში კარი მშრალად შეინახა. მის აქტივში 94 „სეივია'' და ამ მაჩვენებლით საბერძნეთის ჩემპიონატში მეორეა, პირველზე „პანეტოლიკოსის'' მეკარე ლუკას ჩავესია 96 „სეივით''.
CrystalSport-მა „პანსერაიკოსის'' მთავარი მწვრთნელი ხუან ფერანდო და მეკარეების მწვრთნელი არის კარაბეციოსი ჩაწერა. შეგიძლიათ აღნიშნული ინტერვიუები იხილოთ:
მჯერა, ლუკა ნაკრების პირველი მეკარე გახდება | ინტერვიუ არის კარაბეციოსთან
მას შეუძლია მამარდას კონკურენცია მოუგოს | ინტერვიუ ხუან ფერანდოსთან