სუპერმენივით მოქმედებდა | ბერძნული მედია გუგეშაშვილს აქებს
ბერძნული გამოცემა Sportdog-ი „პანსერაიკოსის’’ ქართველი მეკარის, ლუკა გუგეშაშვილის შესახებ წერს. წყაროს ცნობით, პაოკ-ი ლუკას გადაბირებას სეზონის დასრულების შემდეგ გეგმავს, სალონიკური კლუბი ქართველს დომინიკ კოტარსკის შემცვლელად მოიაზრებს. კოტარსკის მიმართ დიდი ინტერესია და მის სანაცვლოდ კლუბი მინიმუმ 10 მილიონ ევროს მიიღებს.
„ზაფხულში პაოკ-ში ცვლილებები განხორციელდება. კლუბი მეკარე დომინიკ კოტარსკის გაყიდვას იმედოვნებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მის შემცვლელი უკვე იპოვეს და ეს ლუკა გუგეშაშვილია.
გუგეშაშვილი საბერძნეთის ჩემპიონატში შთამბეჭდავ სეზონს ატარებს. შესაძლოა, „პანსერაიკოსს’’ ჩემპიონატში ყველაზე ცუდი დაცვის ხაზი ჰყავს, თუმცა თუ ამ გუნდის მატჩებს ნახავთ, იფიქრებთ რომ ლუკას გარეშე გუნდი კიდევ უფრო მეტს გაუშვებდა. ზოგიერთ ვითარებაში იძულებული იყო სუპერმენივით ემოქმედა’’ - ვკითხულობთ Sportdog-ის სტატიაში.
25 წლის ლუკა გუგეშაშვილმა სუპერ ლიგის სეზონში 22-ვე მატჩში სასტარტოში ითამაშა, ოთხ შეხვედრაში გუნდის კაპიტანი იყო, ასევე ოთხ მატჩში კარი მშრალად შეინახა. 88 „სეივით'' ჩემპიონატის საუკეთესო მეკარეა.
ასევე გეტყვით, რომ დღეს ლუკას მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს. 19:00 საათზე „პანსერაიკოსი'' - „ოლიმპიაკოსის'' მატჩი დაიწყება. პაოკ-ის გარდა ქართველი მეკარის მიმართ ინტერესი „ოლიმპიაკოსსაც'' აქვს.
Transfermarkt-ის მონაცემებით, ლუკას სატრანსფერო თანხა 500 000 ევროა. „პანსერაიკოსთან'' მოქმედი კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე აკავშირებს. აქედან გამომდინარე, 2025 წლის ზაფხული ტრანსფერისთვის იდეალური მომენტია.
CrystalSport-მა „პანსერაიკოსის'' მთავარი მწვრთნელი ხუან ფერანდო და მეკარეების მწვრთნელი არის კარაბეციოსი ჩაწერა. შეგიძლიათ აღნიშნული ინტერვიუები იხილოთ:
მჯერა, ლუკა ნაკრების პირველი მეკარე გახდება | ინტერვიუ არის კარაბეციოსთან
მას შეუძლია მამარდას კონკურენცია მოუგოს | ინტერვიუ ხუან ფერანდოსთან