კრიშტიანუ რონალდუ, რონალდინიო, ფლორენტინო პერესი, ჟოან ლაპორტა, დევიდ ბექჰემი
Aa Aa

ბექჰემი და რონალდუ ბარსაში, რონალდინიო რეალში: რა მოხდა 2003 წელს?

2017 წლის ზაფხულში „ბარსელონა“ პსჟ-დან მარკო ვერატის შეძენას აქტიურად ცდილობდა და ტრანსფერი თითქოს რეალურიც იყო, თუმცა მოულოდნელად ვითარება 180 გრადუსით შემოტრიალდა - იტალიელი გუნდში დარჩა და პარიზელებმა კატალონიელებს ნეიმარი იქეთ „ააცალეს“.

ამ გუნდებს შორის ურთიერთობა ჩემპიონთა ლიგაზე 6:1-ის შემდეგ დაიძაბა და ნეიმარის ტრანსფერმა ყველაფერი კიდევ უფრო ნათელი გახადა.

ბოლო წლებში კლუბებს შორის დაპირისპირება გაგრძელდა, არაფერი შეცვლილა, თუმცა ამ ორ კლუბს შორის ფეხბურთელები მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდიან - „ბარსელონადან“ პსჟ-ში. მესი, დემბელე... გაგრძელება კიდევ იქნება? მოდი ახლა უფრო უკან წავიდეთ და 22 წლის წინანდელ მოვლენებს გადავავლოთ თვალი.

ამ ორი კლუბის გზები 21-ე საუკუნეში პირველად 2003 წელს გადაიკვეთა, როდესაც „ბარსელონამ“ პსჟ-დან რონალდინიო შეიძინა. ეს ტრანსფერი ნეიმარის მსგავსად ჩახლართული და ძალიან რთული იყო. და ზოგადად, 2003 წლის ივლისი-აგვისტო მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში სატრანსფერო კუთხით ყველაზე საინტერესო და ინტრიგებით სავსე გახლდათ.

რა და როგორ მოხდა - ისტორიის დასაწყისი

2001 წელს, 19 წლის რონალდინიო შარლ დე გოლის სახელობის აეროპორტში დაეშვა და თავისი პირველი ევროპული თავგადასავალი დაიწყო. „გაუჩომ“ პსჟ-სთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

რონალდინიო ძლიერ გუნდს შეუერთდა - პარიზელთა დაცვა მაურისიო პოჩეტინომ გააძლიერა, ნახევარდაცვის ცენტრში ასევე ახალგაზრდა მიკელ არტეტა დაიმატეს. შეტევაში გუნდს ჯეი ჯეი ოკოჩა და ნიკოლას ანელკა ჰყავდა.

სეზონის პირველ ნახევარში რონალდინიო ლუის ფერნანდესის გუნდში თავის ადგილს ეძებდა. ადაპტაცია თავიდან ისე არ წარიმართა, როგორც ელოდნენ, თუმცა მეორე წრიდან სიტუაცია გამოსწორდა, „გაუჩო“ ათამაშდა და ლიგა 1-ში გუნდის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.

პსჟ-მ ჩემპიონატში მე-4 ადგილი დაიკავა და ჩემპიონს 8 ქულით ჩამორჩა. ნელ-ნელა ყველა ხვდებოდა რონალდინიოს რა შესაძლებლობებიც ჰქონდა და რისი მოლოდინი უნდა ჰქონოდათ დარჩენილ ოთხ სეზონში, თუმცა მოულოდნელად ყველაფერი დასრულდა.

პარიზელებს გეგმები მსოფლიო ჩემპიონატმა ჩაუშალა. „გაუჩო“ კორეა-იაპონიის მუნდიალზე წავიდა როგორც პერსპექტიული ფეხბურთელი და უკან პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის სტატუსით დაბრუნდა, რომელმაც მუნდიალზე საუკეთესო გოლი გაიტანა.

The Guardian-ი წერდა, რომ ბრაზილიელებმა მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ მასშტაბური წვეულება მოაწყვეს, თუმცა რონალდინიოსთვის ეს მთელი წელი გაგრძელდა. „გაუჩოს“ ლიგა 1-ში თამაშის სურვილი აღარ ჰქონდა და პსჟ-სთან ერთად არც ვარჯიში მოსწონდა.

„ლიონისა“ და „მარსელის“ წინააღმდეგ მატჩებში რონალდინიო ბრწყინავდა და შოუს დგამდა, თუმცა სუსტ გუნდებთან შეხვედრებში თამაში ეზარებოდა.

„ის პრაქტიკულად არ ვარჯიშობდა: სავარჯიშოდ პარასკევს გამოჩნდა, როცა მატჩი შაბათს გვქონდა. ეს არის რონალდინიო. ვფიქრობ, მან მიბაძა რომარიოს, რომელიც ასევე ყოველ საღამოს ერთობოდა, მაგრამ რონიმ იმ დონეს ვერ მიაღწია. ყოველ დილით ის სათვალეებით მოდიოდა, მასაჟის მაგიდაზე ეცემოდა და ეძინა“.

- ამბობს მისი თანაგუნდელი ჟერომ ლერუა.

მწვრთნელთან ლუის ფერნანდესთან მომხდარი მორიგი კონფლიქტის შემდეგ, ჟურნალისტებმა „გაუჩოს“ კითხვები დაუსვეს, მან კი ასე უპასუხა: „მას არ მოსწონს, რომ მე ბედნიერი ვარ”.

მიუხედავად ყველაფრისა რონალდინიო გუნდში ყველაზე შედეგიან მოთამაშედ რჩებოდა - 8 გოლი ლიგა 1-ში და 3 გოლი თასზე. პსჟ-მ კი სეზონი მხოლოდ მე-11 ადგილზე დაასრულა. რომ არა რონალდინიოს არაპროფესიონალური მიდგომა, პარიზელები სავარაუდოდ ცხრილში გაცილებით მაღლა იქნებოდნენ.

სეზონის ბოლოს რონალდინიომ საჯაროდ გამოაცხადა, რომ ახალ გუნდს ეძებდა და პსჟ-ს ევროზონის მიღმა დარჩენით უკმაყოფილო იყო.

პსჟ-მ რონალდინიოს სანაცვლოდ უმალვე უამრავი წინადადება მიიღო. კლუბში ხვდებოდნენ, რომ ბრაზილიელის გასაყიდად საუკეთესო მომენტი იყო.

რონალდინიო ბარსელონასგან იმაზე შორს იყო, ვიდრე ჩვენ გვგონია

2003 წლის სატრანსფერო ფანჯარა ისტორიაში უდაოდ საუკეთესოა. ამ ზაფხულს რონალდინიო „ბარსელონაში“ გადავიდა, ბექჰემი „რეალში“, რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედში“, მაკელელე კი „ჩელსიში“.

ამ ყველაზე ცხელ სატრანსფერო ფანჯრისას მთავარი მოქმედი პირი არა რონალდინიო, არამედ დევიდ ბექჰემი იყო.

„ბექზის“ ალექს ფერგიუსონთან ცნობილი კონფლიქტის შემდეგ „იუნაიტედის“ დატოვება ჰქონდა გადაწყვეტილი და უფრო მეტად გეზი მადრიდის „რეალისკენ“ ჰქონდა აღებული, თუმცა „ბარსელონას“ პრეზიდენტობის კანდიდატი ჟოან ლაპორტა ამომრჩევლებს დაჰპირდა, რომ ბექჰემს „კამპ ნოუზე“ მიიყვანდა.

„ჩვენ დავიწყებთ ახალი ბარსელონას მშენებლობას. დევიდ ბექჰემთან ერთად კვლავ შევძლებთ ტიტულების მოგებას. ის ბარსელონას მსოფლიოს საუკეთესო კლუბებს შორის დააბრუნებს“.

- ამბობდა ლაპორტა პრესკონფერენციაზე.

პრობლემა ის იყო, რომ ბექჰემს „ბარსელონაში“ თამაშის არანაირი სურვილი არ ჰქონდა. კლუბი ფინანსურ კრიზისში იყო ჩაძირული. 1999 წლიდან 2003 წლამდე არც ერთი თასი არ ჰქონდათ მოგებული. 2002-03 წლების სეზონი კი „ბლაუგრანამ“ ლა ლიგაში მე-6 პოზიციაზე დაასრულა და ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩა.

ამ ყველაფერს დაემატა ისიც, რომ კატალონიელებმა ბექჰემს მაღალი ხელფასის გადახდაზეც უარი უთხრეს. ინგლისელმა კვირაში 100 ათასი ფუნტი მოითხოვა.

ბექჰემის გაბრაზება ლოგიკური იყო, რადგან ის ლაპორტამ საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის და პლუსების დასაწერად გამოიყენა.

„ძალიან იმედგაცრუებული და გაკვირვებული ვიყავი, როდესაც ამ განცხადების შესახებ გავიგე. მე არ მქონია ლაპორტასთან შეხვედრა. ვგრძნობ, რომ პოლიტიკურ მარიონეტად მიყენებდნენ“. - ამბობდა ბექჰემი.

საპირისპიროდ იყო განწყობილი „მანჩესტერ იუნაიტედი“. ინგლისელები „ბარსელონას“ ბექჰემის ტრანსფერზე ფეხბურთელის თანხმობის გარეშე დათანხმდნენ.

ამის შემდეგ, ბექჰემმა შვებულება შეწყვიტა და საქმის გასარკვევად მანჩესტერში გაფრინდა. ამის შემდეგ რაც მოხდა ყველამ კარგად ვიცით - ფლორენტინო პერესმა შეთავაზება 37.5 მილიონამდე გაზარდა და „ბექზი“ „გალაქტიკოს“ მორიგ ვარსკვლავად იქცა.

რონალდინიო თითქმის მანჩესტერში - ბარსა სანდრო როსელის ბრაზილიურმა კონტაქტებმა გადაარჩინა

ბექჰემის ტრანსფერმა რონალდინიოს მომავალზე დიდი გავლენა იქონია. ინგლისელის „რეალში“ გადასვლის შემდეგ ლაპორტამ ტაქტიკა შეცვალა და რონალდინიოზე გადაერთო.

ლაპორტასთვის „გაუჩო“ მხოლოდ სათადარიგო ვარიანტი იყო. რონალდინიო არც ერთ საარჩევნო დაპირებაში არ ჩანდა. ბექჰემის გადაბირების შემთხვევაში ბრაზილიელი სხვა გუნდში აღმოჩნდებოდა.

რონიზე სხვა კლუბები დიდი ხანი ოცნებოდნენ. ივლისის დასაწყისში დაიწყო მოლაპარაკებები ბრაზილიელის „იუნაიტედში“ გადასვლაზე. ფერგიუსონი მას ხედავდა, როგორც ბექჰემის იეალურ შემცვლელს. გარდა ამისა, ბექჰემმა „მანჩესტერ იუნაიტედს“ საკმაოდ (იმ დროისთვის) სოლოდური თანხაც მოუტანა - 37.5 მილიონი ევრო. პსჟ-ს კი მათ 20 მილიონი შესთავაზეს.

ფერგიუსონის თქმით, „იუნაიტედს“ რონალდინიოს ტრანსფერის დახურვამდე 48 საათი აშორებდა. ივლისის დასაწყისში ყველაფერი ისე მიდიოდა, თითქოს „ბარსელონას“ მეორე ხმაურიანი ტრანსფერიც ჩაუვარდა.

ლაპორტას საიდუმლო კოზირი ჰყავდა - სანდრო როსელი. ის „ბარსელონაში“ მისვლამდე NIKE-ის ბრაზილიურ განყოფილებაში მუშაობდა და იქაური ბაზრის „დონ კორლეონესაც“ ეძახდნენ.

როსელი რონალდინიოსა და მის აგენტს კარგად იცნობდა. არჩევნებამდე 1 კვირით ადრე მან ბრაზილიელს დაურეკა. ამის შესახებ „გაუჩომ“ პრესას მოგვიანებით უთხრა.

როსელს რონალდინიოსგან სიტყვიერი თანხმობა ჰქონდა მიღებული - არჩევნებში ლაპორტას გამარჯვების შემთხვევაში ის „ბარსელონაში“ უნდა გადასულიყო. ღირსეული შეთავაზების შემთხვევაში ბრაზილიელი ტრანსფერზე მშვიდად დათანხმდებოდა.

კატალონიელთა საბედნიეროდ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ რონალდინიოსთან მოლაპარაკებები არჩევნების დასრულებამდე არ დახურა. 15 ივლისს არჩევნები დასრულდა. ლაპორტამ ხმების 52.6% მიიღო და გამარჯვებულად გამოცხადდა. იმავე ღამეს როსელმა „გაუჩოს“ დაურეკა და მანაც „იუნაიტედს“ მომენტალურად უარი უთხრა.

უკვე 19 ივლისს, რონალდინიო „ბარსელონას“ ფეხბურთელი იყო.

„ბარსელონაში გადასვლის გადაწყვეტილება მივიღე, რადგან როსელთან დიდი მეგობრობა მაკავშირებდა“.

- თქვა რონალდინიომ Cadena Ser-თან ინტერვიუში.

„როდესაც ხელშეკრულება გავაფორმე, არანაირ ზეწოლას არ ვგრძნობდი. მე ვამაყობდი, რომ ვთამაშობდი იქ, სადაც რომარიო, რონალდო და რივალდო თამაშობდნენ. მე მაქვს შანსი გავხდე ახალი "R".

„მეგონა, რომ რონალდინიო უკვე გაფორმებული გვყავდა. მასთან პირადად სასაუბროდ პარიზში მივფრინავდი, თუმცა აღმოჩნდა რომ ყველაფერი შეცვლილი იყო“.

- იხსენებს ფერგიუსონი.

არსებობს ლეგენდა, რომ რეალმა რონალდინიოზე უარი მისი გარეგნობის გამო თქვა

ამ ცხელი დღეების ჩავლის შემდეგ, ესპანურ პრესაში ახალი ინფორმაცია გამოჩნდა. თითქოს ფლორენტინო პერესს თავდაპირველად გეგმაში არა ბექჰემის, არამედ რონალდინიოს ყიდვა ჰქონდა.

2004 წელს ესპანურმა El Pais- მა ფლორენტინო პერესის ახლობელი ადამიანის კომენტარი გამოაქვეყნა. მან ანონიმურად აუხსნა ჟურნალისტ დიეგო ტორესს, თუ რატომ თქვა „რეალმა“ რონალდინიოზე უარი:

„რონალდინიო უბრალოდ მახინჯია. აზრი არ ჰქონდა მის ყიდვას. ის იმდენად მახინჯია, რომ ეს უარყოფითად აისახება ჩვენს ბრენდზე. შეადარეთ რონალდინიო და ბექჰემი. ნახეთ, რამდენად ლამაზია ბექჰემი, როგორი ჯენტლმენია, როგორ ატარებს საკუთარ თავს. რეალი დევიდის გამო მთელს აზიას უყვარდა“.

- მისი თქმით, ასეთი იყო ფლორენტინო პერესის პოზიცია.

ამ სიტყვებს დღესაც ხშირად იხსენებენ ხოლმე, თუმცა ყველაზე ხშირად მაინც რონალდინიოს პირველი „ბარსელონური“ სეზონის შემდეგ იხსენებდნენ, როცა „გაუჩომ“ 22 გოლის გატანა შეძლო და ფიფას ვერსიით წლის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.

2004 წელს, The Guardian-ში ესპანური ფეხბურთის მიმომხილველმა სიდ ლოუმ აღნიშნა, რომ - „რეალმა უარი თქვა რონალდინიოზე, რადგან ის ძალიან მახინჯი იყო. ახლა ისინი ამას მწარედ ინანებენ“.

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ El Pais-ი ესპანეთში საკმაოდ გავლენიანი გაზეთია. ის არ არის ასოცირებული მადრიდის „რეალთან" და „სამეფო კლუბის“ მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულება მათგან არავის არასდროს უნახავს. და მაინც, ამ ლეგენდაში ორი მონაკვეთი დამაბნეველია:

1როგორც ჩანს, „რეალს“ საერთოდ არ აინტერესებდა რონალდინიო. 2002/03 წლების სეზონში, მედია და კლუბის ხელმძღვანელები ხშირად საუბრობდნენ ბექჰემის ყიდვის სურვილზე, „რონიზე“ კი საერთოდ არა. ამბავი მისი „რეალში" პოტენციური ტრანსფერის შესახებ მხოლოდ 2004 წელს გამოჩნდა - მას შემდეგ, რაც რონალდინიომ „ბარსელონაში“ მოედანზე სამბას ცეკვა დაიწყო და მთელი მსოფლიო მონუსხა.

2 - ეს ვერსია ემყარება მადრიდის „რეალის“ ანონიმური მენეჯერის ნათელ ციტირებას. ამის გადამოწმება ძნელია: ანონიმურობის შესახებ და ასევე არც ერთმა ევროპულმა მედიამ არ გამოაქვეყნა მსგავსი ინფორმაცია. El Pais-ში გამოქვეყნების შემდეგ, ახალი მტკიცებულებები არ გამოჩენილა, თუმცა ამ ხნის განმავლობაში „რეალში“ ბევრი რამ შეიცვალა - ვინმე ალბათ ალაპარაკდებოდა, ან ჟურნალისტებს ამ ამბავს მიჰყიდაა, თუ ეს ნამდვილად ასე იყო.

კრიშტიანუ, ბარსა და იუნაიტედი...

2003 წელს, ლისაბონის „სპორტინგის“ თინეიჯერი ტალანტის შეძენით ბევრი კლუბი ინტერესდებოდა. „ჩელსი“, „რეალი“, „პარმა“, „არსენალი“, „ბარსელონა“ - ყველა მათგანი ცდილობდა პატარა კრიშტიანუ რონალდუ გაეფორმებინა.

„ჩვენს აგენტს იქამდე ვესაუბრე, სანამ რონალდუ მანჩესტერთან კონტრაქტს გააფორმებდა. ჩვენ დეკოს შესაძენად ფული აღარ გვქონდა, ჟორჟე მენდეშმა კი ერთი ნიჭიერი პატარა ბიჭის შესახებ მიამბო. მან 17 მილიონ ევროდ რონის ყიდვა შემოგვთავაზა. იუნაიტედმა საბოლოოდ 19 მილიონი გადაიხადა“.

- იხსენებს ლაპორტა.

„ბარსამ“ რონალდუს შეძენაზე უარი თქვა, რადგან მათ ფული უკვე რონალდინიოს ტრანსფერისთვის ჰქონდათ დახარჯული. „ჩელსიმ“ პორტუგალიელის ფასი ზედმეტად ძვირად მიიჩნია, „პარმამ“ კი ვალების გამო გადაიფიქრა, „რეალს“ უკვე ბექჰემი ჰყავდა გაფორმებული, „არსენალმა“ კი უბრალოდ ტრანსფერს თავი ვერ მოაბა.

ჟოან ლაპორტას სიაში პირველი ნომერი ბექჰემი იყო, მეორე რონალდინიო, კრიშტიანუ კი მესამე.

რომ არა სანდრო როსელი და თავისი ბრაზილიური გავლენები, „ბარსელონას“ რონალდუს შეძენა მოუწევდა და ამ შემთხვევაში მათ ფული საკმარისად ექნებოდათ. შედეგად კი სულ სხვა რეალობას მივიღებდით.

საბოლოოდ ყველაფერმა ისე ჩაიარა, როგორც უნდა მომხდარიყო. რონალდინიომ და კრიშტიანუ რონალდუმ „ბარსელონაში“ და „მანჩესტერ იუნაიტედში“ ეპოქა შექმნეს, რომელიც ისტორიაში სამუდამოდ დარჩება. ბექჰემმა კი „რეალში“ ტიტულებზე მეტად უფრო მეტად შემოსავალი მიიღო - თავად ფეხბურთელმაც და კლუბმაც.

„გალაქტიკო“ ლამაზი, მაგრამ მცდარი პროექტი იყო, რომლის ჩამოშლაც კლოდ მაკელელეს გუნდიდან გაშვებით დაიწყო. ეს უკვე სხვა ისტორიაა, რომელსაც შეგიძლიათ ასევე ჩვენს გვერდზე გაეცნოთ.

გაზიარება: