2000 წლის ზაფხულში ფლორენტინო პერესმა უტოპიური გადაწყვეტილება მიიღო ყველაფრის მიმართ, რაც ფულს არ გამოიმუშავებდა. ესპანელმა ბიზნესმენმა ახალი პროექტის შენება დაიწყო, რომელსაც მოგვიანებით „გალაქტიკოსი“ ეწოდა.
ეს ყველაფერი კი იოჰან კრუიფს არ მოსწონდა და გამუდმებით აკრიტიკებდა. ლეგენდარული ნიდერლანდელის თქმით, მადრიდელები ყოველ წელს უიმედოდ იყვნენ და რაღაც არარეალურს ელოდებოდნენ. კარგი ფეხბურთელებით კარგი გუნდის აწყობა ადვილი არ არის.
მიუხედავად კრუიფის კრიტიკისა, რომელიც სიმართლეს გარკვეულწილად შეესაბამებოდა, „გალაქტიკოსის“ პირველი 3 წელი ცუდი არ ყოფილა, რადგან მათ 7 ტიტული მოიგეს. „ზარმაცი“ სუპერვარსკვლავები ნამდვილი მკვლელის ინსტიქტის მქონე ფეხბურთელები იყვნენ.
კლოდ მაკელელე დელ ბოსკეს „რეალის“ საკვანძო ფეხბურთელი იყო. ფრანგი ნახევარმცველი დაცვას და შეტევას იდეალურად აბალანსებდა. იმ დროინდელი კაპიტანი ფერნანდო იერო მას „ბლანკოსის“ საუკეთესო ფეხბურთელს ეძახდა.
რობერტო კარლოსმა ერთხელ ასეთი რამ თქვა: „შეხედეთ პორშეს, ის ყველას მოსწონს. ხალხს ეს მოდელი მისი სილამაზის გამო მოსწონს, თუმცა რა ხდის მანქანას საუკეთესოს? ძრავი! ჩვენი ძრავი კი მაკელელეა.“
დასასრულის დასაწყისი
2003 წლის ზაფხულში პერესის და მაკელელეს დიალოგი შედგა: „კლოდ, მოდი გავახანგრძლივოთ კონტრაქტი. იმდენს ვერ გადაგიხდი რამდენსაც ზიდანს ვუხდი, თუმცა შენს ხელფასს 5-10 %-ით გავზრდი.“
მაკელელე თვეში 100 000 ევროს გამოიმუშავებდა და ის იყო ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელი ვარსკვლავებს შორის. 5 000 ევროს დამატება ბალანსს ვერ გამოასწორებდა, თუმცა ფრანგი ყოფილი ფეხბურთელი ხარბი არასდროს ყოფილა და პრეზიდენტის შემოთავაზებას დათანხმდა.
ფლორენტინო მას დაპირდა, რომ ოფიციალურ ხელშეკრულებას რამდენიმე კვირაში გაუფორმებდა. ეს ყველაფერი მაშინ მოხდებოდა, როდესაც კლოდი შვებულებიდან დაბრუნდებოდა.
რამდენიმე კვირის შემდეგ პერესმა მაკელელეს აგენტს უთხრა: „ჩვენ ბექჰემი შევიძინეთ და ფული აღარ გვაქვს.“ ფლორენტინომ არ იცოდა თუ ვის უპირისპირდებოდა.
მაკელელეს თაღლითი აგენტი
20 წლის წინ, მარკ როჯერი ერთ-ერთი ცნობილი და ძლიერი საფეხბურთო აგენტი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, როჯერმა ქეშის სახით მილიონი დოლარი მიიღო და დამალა. სასამართლოში კი დაამტკიცა, რომ ბებიასთან ერთად თვეში 450 ევროს ხარჯზე ცხოვრობს. მაკელელე მისი საუკეთესო კლიენტი იყო და რა თქმა უნდა, პერესის უარი არ მიიღო.
პერესის შეტყობინებიდან მეორე დღეს, მაკელელემ ავადმყოფობა მოიმიზეზა და ვარჯიში გამოტოვა. კლოდმა იმდენად კარგად განასახიერა სნეულის როლი, რომ თვით ლუი დე ფიუნესს შეშურდებოდა. მან ისე დამაჯერებლად გააკეთა ყველაფერი, რომ გუნდის ექიმმა მისი საავადმყოფოში გადაყვანა გადაწყვიტა.
შანტაჟმა არ იმოქმედა. „რეალმა“ კლოდს უპასუხა, რომ ხელფასი არ გაიზრდებოდა. მომდევნო 2 დღის განმავლობაში მაკელელე წამყვანი ესპანური გამოცემების ზარებს პასუხობდა. ფრანგი ნახევარმცველი ჟურნალისტებს ეუბნებოდა, რომ კლუბის დატოვება რასისტული შეურაცხყოფების და გულშემატკივრების ზიზღიანი დამოკიდებულების გამო სურდა.
„კლოდმა განაცხადა, რომ მის სახლს ბანანებს და ქვებს უშენდნენ, მაგრამ ეს მე ვიყავი, ამ ყველაფერს მე ვაკეთებდი. იგივე ხერხს მივმართე მაშინ, როდესაც მაკელელე „სელტადან“ „რეალში“ გადამყავდა. პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი კანის ფერის გამო კლოდის მანქანას ქვები დაუშინეს და ამის გამო ვიჩივლეთ კიდეც, თუმცა მაშინაც მე ვესროლე მაკელელეს მანქანას ქვები“ - იხსენებს მარკ როჯერი
„მაკელელე „რეალისთვის“ ბევრს ნიშნავს. მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ, ასეთი რამ შეიძლება ყველას დაემართოს.“ - კასილასმა კლოდი დაიცვა
პარალელურად ამ ყველაფერზე მაკელელემ დელ ბოსკესთან ისაუბრა. ესპანელმა სპეციალისტმა ჯერ არ იცოდა, რომ სულ მალე გაათავისუფლებდნენ და პერესს განუმარტა: „მოაგვარე ეს პრობლემა. მაკელელეს გარეშე შენი „გალაქტიკოსი“ ვერ იარსებებს.“
პრეზიდენტი ალყაში მოექცა. პრესა, გუნდი და მწვრთნელი მის წინააღმდეგ წავიდნენ, მაგრამ ფლორენტინო რის ფლორენტინო იქნებოდა ასე ადვილად, რომ გამტყდარიყო.
„როდესაც ფეხბურთში საქმე ყიდვა-გაყიდვას ეხება არ არსებობს არანაირი წესი. ყველაფერი შეიძლება გამოიყენო - ქრთამი, მემარცხენე კომისიები, მუქარა, თაღლითობა და პოკერის თამაშები. ვარსკვლავები, რომლებიც ხალხს უყვარს თვითონვე უწყობენ დარღვევებს ხელს. ფეხბურთელებს სიხარბე ამოძრავებთ. პრეზიდენტების, აგენტების და თაღლითი შუამავლების მსგავსად, ფეხბურთელებიც ყველანაირად ცდილობენ, რომ ბევრად მეტი ფული მიიღონ.“ - თქვა მაკელელეს აგენტმა
სკოლაში, რომელშიც როჯერმა ეს გაკვეთილები ისწავლა პერესი ასწავლიდა. ფლორენტინომ მუქარას არ უპასუხა. როდესაც პრეზიდენტზე ზეწოლა განხორციელდა ის აქეთ გადავიდა შეტევაზე. პერესმა გეგმა შეასრულა და დელ ბოსკე გაათავისუფლა. ახალი მწვრთნელი კარლოს კეირუში დანიშვნიდან სულ მალე მორალისტად გადაიქცა: „რაც ხდება ფეხბურთისთვის ძალიან ცუდია. ჩვენი საყვარელი სპორტი საფრთხეში ჩავარდება, თუ ფეხბურთელებს ასეთი მზაკვრული გეგმების განხორციელების უფლებას მივცემთ.“ - კარლოს კეირუში
ომი პრესის მეშვეობით
„მაკელელე 3 წლის განმავლობაში მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი იყო. ძალიან მიკვირს მისი ცვლილება, მაგრამ ალბათ ის ვინმეს გავლენის ქვეშ მოექცა. კლოდი ზიდანის ხელფასის ნახევარს ითხოვს, ეს კი შეუძლებელია.“ - განაცხადა პერესმა პრესასთან საუბრისას
პერესმა კლოდის რეპუტაცია დაანგრია, ხოლო ვალდანომ მაკელელე მხეცად გამოიყვანა: „მას არავინ დაჰპირებია ხელფასის გაზრდას.“ - თქვა ხორხემ
„ვალდანომ არაფერი არ იცის, რადგან ის არცერთ შეხვედრაზე არ მიიწვიეს. მე მატყუარა არ ვარ. ხორხემ მხოლოდ ფურცლებიდან იცის კონტრაქტის დეტალები, ხოლო მე და პერესს პირდაპირი კონტაქტი გვქონდა. კიდევ ბევრი რამის თქმა შემიძლია, მაგრამ არ მინდა კონფლიქტი გამოვიწვიო“ - თქვა მაკელელემ მარკასთან საუბრისას
„საერთოდ რაზე ფიქრობ? შენნაირი ადამიანი უფასოდ უნდა თამაშობდეს „რეალში.“ წასვლა გინდა? წადი და იპოვე კლუბი, რომელიც 15 მილიონს გადაგიხდის“ - ვალდანომ კლოდს მწვავედ უპასუხა.
პერესის ბლეფი და პინი ზაჰავის ჩარევა
ხორხე ვალდანოს ფეხბურთი ბევრ სხვა მწვრთნელზე უკეთ ესმოდა, თუმცა იმ დღეს მისი ინსტიქტი შეცდა. მაკელელემ 5 შემოთავაზება მიიღო, რომლებიც ხელფასის სახით 15 მილიონ ევროს ითვალისწინებდნენ. კლოდი სხვა კლუბში გადასვლისთვის ემზადებოდა, თუმცა მან ჯერ არ იცოდა, რომ „რეალი“ ბლეფს უწყობდა. პერესმა „ჩელსისთან“ ყველანაირი კომუნიკაცია შეწყვიტა და აგენტს 1.5 მილიონ ევროს დაჰპირდა, თუ როჯერი მაკელელეს მოატყუებდა და „რეალში“ დატოვებდა.
საბოლოო ჯამში ტრანსფერი მაინც შედგა, თუმცა ეს ყველაფერი პინი ზაჰავის გარეშე არ მოხდებოდა. პინი ერთ-ერთი პირველი საფეხბურთო აგენტი იყო. როდესაც მან მუშაობა დაიწყო მინო რაიოლა ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდა. „არ არსებობს მსოფლიო ფეხბურთში ხვრელი, რომელშიც გავლენა და სიმძლავრე არ მექნებოდა“ - ზაჰავი
„ჩვენ ერთმანეთს პირადად არ ვიცნობდით, მაგრამ მის შესახებ ბევრი რამ მქონდა გაგებული. ზაჰავი „ჩელსის“ ყველა ტრანსფერს აკონტროლებდა და თუ ის მაკელელეს ტრანსფერში დამეხმარებოდა მე მას ჩემი გასამრჯელოს ნაწილს დავუთმობდი.“ - თქვა კლოდის აგენტმა
„ჩელსი“ საფეხბურთო აგენტებისთვის შესანიშნავი შემოსავლის წყარო გახდა. აბრამოვიჩმა ასეულობით მილიონი დახარჯა 1 ზაფხულში, რათა კლუბი მწვერვალზე აეყვანა. რუსმა ოლიგარქმა გუნდში კრესპო, დაფი, ვერონი, მუტუ და ეშლი კოული მოიყვანა.
სპორტულ მედიაში ხშირად ისმებოდა კითხვა იმის შესახებ, თუ ვინ შეასრულებდა გუნდში შავ სამუშაოს. ახალი ფეხბურთელები ძირითადად შემტევები იყვნენ და საყრდენ ზონაში მაკელელეს ტიპის ფეხბურთელი იყო საჭირო.
ზაჰავი და აბრამოვიჩი პერესის დარწმუნებაში ბევრ დროს არ კარგავდნენ. მათ ჯერ მაკელელე დაარწმუნეს და თვეში 290 000 ევრო შესთავაზეს. ეს კი სამჯერ მეტი იყო, რასაც „რეალში“ იღებდა. ამის შემდეგ მისი აგენტის როჯერის დრო დადგა. როგორც უკვე მოგახსენეთ პერესი მას 1.5 მილიონს დაჰპირდა, „ჩელსიმ“ კი მას 2.5 მილიონი ევრო მისცა.
ამ ყველაფრის შემდეგ კი პერესი მიხვდა, რომ მაკელელე „რეალის“ ფორმას აღარასდროს მოირგებდა და მარცხს შეეგუა. ფლორენტინო ტრანსფერს დათანხმდა. მაკელელე „ჩელსიში“ გადავიდა.