ვეცდებით პენალტის დარტყმა ვასწავლოთ | შესაძლოა, გულიაშვილი კაპიტანი გახდეს
ბოსნიური „სარაევოს’’ ქართველმა შემტევმა გიორგი გულიაშვილმა ბოსნიის თასზე დუბლი შეასრულა (იხილეთ), თუმცა ამავე მატჩში პენალტი ვერ გამოიყენა, ამ სეზონში პენალტი ზედიზედ მესამედ ვერ გაიტანა. მატჩის შემდეგ „სარაევოს'' მთავარ მწვრთნელს, ზორან ზეკიჩს გულიაშვილზე ჰკითხეს.
ზორან ზეკიჩი: „ფორვარდად ვთამაშობდი და ვიცი რას ნიშნავს პენალტი. სამწუხაროდ, არ ვიცოდი როგორ დამერტყა და ამიტომ ხშირად არ ვარტყამდი. იმედი მაქვს, შევძლებთ, რომ მას პენალტის დარტყმა ვასწავლოთ. კარგია რომ ამის გამო არ დავისაჯეთ’’.
„სარაევომ'' გუნდის 18 წლის კაპიტანი ნიდალ ჩელიკი ფრანგულ „ლანსში'' გაყიდა. გუშინდელ მატჩში კაპიტანი გულიაშვილი იყო. CrystalSport-ის ინფორმაციით, დიდია იმის შანსი, რომ „სარაევოს'' კაპიტანი ქართველი ფეხბურთელი გახდეს და ეს მხოლოდ ერთ მატჩს არ მოიცავდეს.
23 წლის ქართველი მარცხენა გარემარბი ბრწყინვალე სეზონს ატარებს, ბოსნიის ჩემპიონატსა და თასზე საერთო ჯამში 19 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა. აღნიშნული სამი პენალტი რომ გაეტანა, სტატისტიკა კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა.
ფეხბურთელი, რომელიც შემოდგომაზე ვილი სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში მიიწვია, Transfermarkt-ის მონაცემებით 1,5 მილიონი ევრო ღირს.
„სარაევოსთან'' ახალი კონტრაქტი 2028 წლის 31 მაისამდე გააფორმა. უდიდესი ალბათობით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ბოსნიურ კლუბს დაემშვიდობება, რადგან კარგ ფორმაშია, მის მიმართ დიდი ინტერესია და კარიერაში ახალი ნაბიჯის გადადგმის დროა.