„კვარა ნაპოლის აშანტაჟებდა, მისი გაყიდვა აიძულა“ - იტალიური გამოცემა
ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერის შემდეგ, იტალიური პრესის ნაწილი ცდილობს ქართველი ფეხბურთელი „გააშავოს“. სურათს ისე ხატავენ, რომ თითქოს კვარამ ნეაპოლელები გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო.
La Repubblica წერს, რომ ხვიჩა „ნაპოლის“ აშანტაჟებდა და საბოლოოდ, თავისი საწადელი აისრულა.
„ნაპოლის სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ კვარაცხელიას ტრანსფერზე ისაუბრა. მან პრესკონფერენციაზე განაცხადა: „მე არ ვამბობ, რომ დაგვაშანტაჟეს, მაგრამ თითქმის ასე იყო“.
ხვიჩას კონტრაქტიდან გამომდინარე, ასევე ვადებიდან გამომდინარე, ფეხბურთელის მხარეს შეეძლო ფიფას რეგლამენტის მე-17 მუხლი გამოეყენებინა და მას კლუბიდან წასვლა დაახლოებით 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლებოდა, რაც დე ლაურენტისსა და ნაპოლის მნიშვნელოვან ფინანსებს დააკარგვინებდა.
მაშასადამე, საფრთხე მხოლოდ პოტენციური იყო, რადგან ის არასოდეს გადაიზარდა ქმედებებში, მაგრამ ეს იყო რეალური გზა, რომელიც ნაპოლის უნდა გაეთვალისწინებინა უფრო დიდი ზიანის თავიდან ასაცილებლად.
საბოლოოდ, კლუბმა აირჩია კვარას გაყიდვა, რათა ფეხბურთელთან კონფლიქტი თავიდან აეცილებინა, რომელიც შესაძლოა ზაფხულში მე-17 მუხლის გამოყენებამდე მისულიყო“.
- წერს იტალიური გამოცემა.
იტალიური გამოცემა სანახევროდ სიმართლეს წერს. ზაფხულში კვარას მართლაც შეეძლო ამ მუხლის გამოყენება, მაგრამ რა მოხდა იქამდე? 3 წელი კლუბმა მას შესაფერისი ხელშეკრულება არ შესთავაზა და გუნდში მყოფი ღრმა თადარიგის მოთამაშეებზე დაბალი ხელფასით ათამაშებდა. „ნაპოლის“ წინადადება იყო ზუსტად იმდენივე, რამდენსაც ოსიმენი 4 წლის წინ, თავის პირველ ნეაპოლურ სეზონში იღებდა, რაც რბილად, რომ ვთქვათ დამამცირებელი იყო.
ამ თემასთან დაკავშირებით ენრიკო ფედელემ გუშინ ყველაზე ობიექტურად ისაუბრა.
რას ნიშნავს ფიფას მე-17 მუხლი?
მე-17 მუხლი არის FIFA-ს რეგლამენტის წესი, რომელიც ნებადართულია 28 წლამდე ასაკის ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც კონტრაქტის გაფორმებიდან 3 წლის შემდეგ გუნდის შეცვლის უფლება აქვთ. ფეხბურთელს, რომელსაც სურს ამ წესის გამოყენება, მას სამი ვალდებულება აქვს:
პირველი: აცნობოს კლუბს თავისი განზრახვა, რომ გუნდის დატოვება სურს და ეს უნდა გააკეთოს ბოლოს ჩატარებული მატჩიდან უახლოეს 15 დღეში.
მეორე: მას ეკრძალება იმავე ჩემპიონატში მოთამაშე გუნდში გადასვლა მომდევნო 12 თვის განმავლობაში.
მესამე: ის კომპენსაციას გადაუხდის მის ამჟამინდელ კლუბს, რამდენიმე ობიექტურ კრიტერიუმზე დაყრდნობით, მაგალითად, როგორიცაა ხელფასი და ხელშეკრულების ვადის გასვლამდე დარჩენილი დრო (იგულისხმება მაქსიმუმ 5 წელი).