სილვინიო: საქართველო ევროპული დონის ძლიერი გუნდია
ერთა ლიგის დასკვნით ორი ტურის მატჩები მოახლოვდა. B ლიგაში საქართველოს ნაკრების ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შანსი ყველას აქვს. ალბანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თავის გუნდზე და კონკურენტებზე საუბრობს.
„ამ მატჩებისთვის 28 ფეხბურთელი გამოვიძახეთ, რადგან გუნდში ბევრი მოთამაშე ყვითელი ბარათით არის და შესაძლო მეორე შეხვედრაში დანაკლისით ვიყო. ასეთ დროს კი უმჯობესია, თუ შემცვლელი ადგილზე გეყოლება.
რთული მეტოქეები გვყავს, ორივე მათგანმა ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე, თუმცა პირველი ადგილის დაკავების შანსი ჯერ კიდევ გვაქვს. ორივე შეხვედრას საკუთარ მოედანზე ვმართავთ და ეს გარკვეულ უპირატესობას გვაძლევს.
ეს საკმაოდ კონკურენტუნარიანი ჯგუფია. საქართველომ ტირანაში დაგვამარცხა, ჩვენ კი თბილისში მოვიგეთ, მაგრამ მათ ბოლო დროს შეძლეს და ევროპული დონის ძლიერი გუნდი ჩამოაყალიბეს, რომელიც ტაქტიკურად გამართულად თამაშობს. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენც ამავე დონეზე ვიმყოფებით. თუმცა ეს არ არის მეტოქე, რომლისთვისაც ჩვენ მეტი გოლის გატანა შეგვიძლია.
კარგი ფეხბურთელები ჰყავს უკრაინასაც. ჩეხეთის ძალაზე კი ისიც მეტყველებს, რომ ისინი ამჟამად პირველ ადგილზე იმყოფებიან. ჩვენ კი ბოლო ორ წელიწადში მნიშვნელოვანი პროგრესი განვიცადეთ და ოპტიმიზმის საფუძველს სწორედ ეს მაძლევს“.
ალბანელები ჩეხეთის მსგავსად ბოლო ორი ტურის მატჩს სოლიდური დანაკლისით ხვდებიან. ბერატ ჯიმშიტი (ატალანტა), მარაშ კუმბულა (ესპანიოლი), კეიდი ბარე (სარაგოსა) და რეი მინაი (სივასპორი) ვერ ითამაშებენ.
ალბანეთი 16 ნოემბერს ჩეხეთს უმასპინძლებს, 19 ნოემბერს კი უკრაინას სტუმრად დაუპირისპირდება.