ხვიჩა კვარაცხელია, ფრანჩესკო მაროლდა
Aa
Aa

შესაძლოა, სხვა კლუბები უკეთეს პირობებს ჰპირდებიან - მაროლდა კვარას უარზე

იტალიელმა ჟურნალისტმა ფრანჩესკო მაროლდამ შოუ Giochiamo d'Anticipo-ში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. „პარტენოპეიმ’’ ფეხბურთელს ახალი კონტრაქტი შესთავაზა, თუმცა კვარას მხარე ამ წინადადებას არ დათანხმდა.

მაროლდა: „ნაპოლის’’ შეთავაზება ასეთი იყო, კვარაცხელიას წლიური შემოსავალი თითქმის 6 მილიონი ევრო გახდებოდა, კლუბის მხრიდან ძალიან გონიერი გადაწყვეტილება იყო. თუ ფეხბურთელსა და მის აგენტს სხვა კლუბები განსხვავებულ პირობებს ჰპირდებიან, ეს სხვა საქმეა’’.

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შესაძლოა ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს მომდევნო ტურში „ემპოლისთან’’ სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდეს, რადგან ოქტომბრის ორივე სანაკრებო შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა. ამ თემაზე უმბერტო კიარიელომ და ლუკა მარკეტიმ ისაუბრეს, თუმცა ჟურნალისტი ჯოვანი სკოტო ფიქრობს, რომ კვარა სასტარტოში იქნება. მოკლედ, განსხვავებული ინფორმაციები ვრცელდება.

მაროლდა უშვებს იმ ვარიანტს, რომ თუ კვარა სათადარიგოთა სკამზე იქნება, ეს შესაძლოა კლუბის მხრიდან გზავნილი იყოს არშემდგარ მოლაპარაკებაზე: „ჩემი აზრით, ეს (თუ კვარა „ემპოლისთან'' სკამზე იქნება) გზავნილი იქნება ფეხბურთელის მიმართ, რომელთანაც ახალ კონტრაქტზე შეთანხმება ვერ შედგა. ნერეშის სახით „ნაპოლის’’ კვარას ალტერნატივა ჰყავს. ასევე, კვარასთან დაკავშირებით ოსიმენის შემთხვევა არ უნდა განმეორდეს, ეს ვარიანტი „ნაპოლიმ'' თავიდან უნდა აიცილოს’’.

რთული წარმოსადგენია მაროლდას ეს ვარაუდი გამართლდეს, კვარას სათადარიგოთა სკამზე ყოფნა შესაძლოა მაქსიმუმ ერთი მატჩით შემოიფარგლოს, რადგან ქართველი ფეხბურთელის როლი „ნაპოლიში'' უდიდესია და ისეთი ამბიციური მწვრთნელი, როგორიც ანტონიო კონტეა, მოთამაშის მიმართ ასეთ მოქცევას არ დაუშვებს.

სერია A-ს მე-8 ტურში საბა გოგლიჩიძის „ემპოლი'' კვარას „ნაპოლის'' მიიღებს. შეხვედრა 20 ოქტომბერს, თბილისის დროით 14 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

კვარასა და „ნაპოლის'' შორის არშემდგარ მოლაპარაკებაზე იხილეთ ლუკა მარკეტის მოსაზრება: „შეთავაზება აღარ შეიცვლება, გადაწყვეტილება კვარამ უნდა მიიღოს“ - ლუკა მარკეტი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები