„შეთავაზება აღარ შეიცვლება, გადაწყვეტილება კვარამ უნდა მიიღოს“ - ლუკა მარკეტი
Sky Sport-ის ჟურნალისტმა ლუკა მარკეტიმ Radio Marte-ს ეთერში „ნაპოლის“ ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კონტრაქტის საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ისაუბრა.
მარკეტის თქმით, ყველაფერი ახლა ხვიჩას ხელშია, იმიტომ რომ „პარტენოპეიმ“ საკუთარი პირობები უკვე დაასახელა და აურელიო დე ლაურენტისი დათმობაზე წასვლას არ აპირებს.
რას ამბობს Sky Sport-ის ჟურნალისტი:
„კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ყველაფერი კვარას ხელშია. კლუბი არ შესთავაზებს იმაზე მეტს, რაც უკვე შესთავაზა: 6 მილიონი ევრო ხელფასის სახით, შესაძლებელია საუბარი გაგრძელდეს ბონუსებზე ან გამოსასყიდზე, მაგრამ დე ლაურენტისი თვლის, რომ კვარას კარგი პირობები შესთავაზა და ამ პირობებს აღარ გააუმჯობესებს. ახლა ქართველმა ფეხბურთელმა უნდა გადაწყვიტოს, გააფორმოს თუ არა ახალი კონტრაქტი.
კვარა ხელფასის მომატებას ითხოვდა და ეს საკითხი შარშან სხვაგვარად გადაწყდებოდა, ახლა კი სიტუაცია 180 გრადუსით შეიცვალა, იმიტომ რომ „ნაპოლიმ“ მოისურვა კონტრაქტის გახანგრძლივება, თუმცა კვარა ნაწყენია იმის გამო, რომ „ნაპოლისგან“ ამას შარშან ელოდა.
თუ სიტუაცია ივნისამდე არ შეიცვალა, „ნაპოლი“ იძულებული იქნება, კვარა გაყიდოს, იმიტომ რომ კონტრაქტის ვადა 2027 წელს იწურება და შეიძლება ოსიმენის ქეისი განმეორდეს.
რამდენიმე დღის წინ იტალიურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გარემოცვა ანაზღაურების სახით 8 მილიონ ევროს ითხოვს, რაზეც „ნაპოლის“ ხელმძღვანელები უარს ამბობენ და ამის გამო მოლაპარაკებები ჩიხშია შესული.
აქვე გეტყვით, რომ მოქმედი კონტრაქტი კვარას „ნაპოლისთან“ 2027 წლამდე აკავშირებს, ხოლო მისი მოქმედი ხელფასი წელიწადში 1,5 მილიონი ევროა.
ცნობისთვის, 7 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 16 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება, ხვიჩა კვარაცხელიას კი 7 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს. ანტონიო კონტეს გუნდი მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის შემდეგ, 20 ოქტომბერს საბა გოგლიჩიძის „ემპოლის“ წინააღმდეგ გამართავს.