იუვესთან მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო - ფაბიო კარესამ გოგლიჩიძეზე ისაუბრა
იტალიელმა ჟურნალისტმა და კომენტატორმა ფაბიო კარესამ YouTube-ში საკუთარ არხზე სერია A-ს მე-4 ტური მიმოიხილა და „ემპოლის’’ ცენტრალურ მცველზე, საბა გოგლიჩიძეზე ისაუბრა.
„ემპოლის’’ პრეზიდენტი ფაბრიციო კორსია, ხოლო მისი შვილი რებეკა კორსი კლუბის ვიცე-პრეზიდენტი და მმართველი დირექტორია. მოკლედ, კლუბს კორსების ოჯახი მართავს. კარესამ ოჯახის კომპეტენტურობას ხაზი გაუსვა, რაც გოგლიჩიძის პოვნაშიც გამოიხატა.
ფაბიო კარესა: „გოგლიჩიძე რთულად გამოსათქმელი გვარია, მაგრამ კარგი ფეხბურთელია, ჩემი აზრით, „იუვენტუსი’’ – „ემპოლის’’ მატჩში ორივე გუნდის ფეხბურთელებს შორის საუკეთესო იყო. მასში ძალიან საინტერესო თვისებები დავინახე, რამაც ყურადღება მიიქცია. ვფიქრობ „ემპოლის’’ ყველაზე კომპეტენტური პრეზიდენტი ჰყავს. ყველა მწვრთნელი ამბობს, რომ მისი ოჯახი კლუბს ბრწყინვალედ მართავს. მათ ეს ფეხბურთელი იპოვეს (გოგლიჩიძეს გულისხმობს), რაც პრეზიდენტის კომპეტენტურობას ხაზს კიდევ უფრო მეტად უსვამს’’.
შეგახსენებთ, საბა გოგლიჩიძე ქუთაისის „ტორპედოს'' აღზრდილია, გასულ ზამთარში „ემპოლის'' ფეხბურთელი გახდა, მას იტალიურ კლუბში რეკომენდაცია ლევან მჭედლიძემ გაუწია, რომელიც „ემპოლიში'' დიდი ხანი თამაშობდა და კლუბში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს.
გასულ ზაფხულში, ვიდრე ახალი სეზონი დაიწყებოდა, საბა გოგლიჩიძე CrystalSport-ს იტალიური კარიერის მნიშვნელოვან დეტალებსა და უცნობ ამბებზე ესაუბრა (იხილეთ).
„ემპოლიში'' 20 წლის მცველის დებიუტი მიმდინარე სეზონში სერია A-ს მეორე ტურში „ბოლონიასთან'' შედგა, სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა, კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დ'ავერსამ „იუვესთანაც'' 90 წუთი ათამაშა, საბამ ამ შეხვედრაშიც მაღალ დონეზე ითამაშა, გოლი არ გაუშვიათ, შეხვედრა 0:0 დასრულდა. იტალიის ჩემპიონატში „ემპოლი'' მომდევნო შეხვედრას „კალიარისთან'' სტუმრად ჩაატარებს (20 სექტემბერი, 20:30).