ლევან მჭედლიძე, დავიდე ნიკოლა, პაოლო მალდინი, საბა გოგლიჩიძე, რიკარდო კალაფიორი, სებასტიანო ლუპერტუ
Aa Aa

უცნობი იტალიური ამბები - გოგლიჩიძის ყველაზე გულწრფელი ინტერვიუ

საბა გოგლიჩიძე, „ემპოლის’’ 20 წლის მცველი, ვრცლად და დაწვრილებით მესაუბრა იმ სირთულეებზე, რაც სერია A-ს კლუბში დამკვიდრების პროცესს ახლავს. ამბები, რომლებიც  უცნობი და  საინტერესოა მათთვის, ვისაც მინდორს მიღმა პროცესი აინტერესებს, მნიშვნელოვან ინფორმაციებს მიიღებს.

ზოგადად, ფეხბურთელთა დიდი ნაწილი ნაკლებად ღიაა და მედიასთან გახსნილობით არ გამოირჩევა, თუმცა საბა იმდენად საინტერესო და გულწრფელი მოსაუბრეა, გადავწყვიტე სტატია მხოლოდ მის იტალიურ კარიერას მოიცავდეს. თავიდან ვფიქრობდი, რომ ასაკობრივ ნაკრებებსა და „ტორპედოში’’ გატარებულ პერიოდებზეც გამემახვილებინა თქვენი ყურადღება, მაგრამ რადგან საბას საუბარი იტალიურ კარიერაზე საკმაოდ მოცულობითია, აქცენტი „ემპოლიში’’ გატარებულ თვეებზე გავაკეთე. მით უმეტეს, რომ მიმდინარე ზაფხულში საბა „ემპოლისთან'' ერთად პირველ შეკრებას გადის, კარგ ფორმაშია და გუნდში მისი დიდი იმედი აქვთ.

 

„ჩემს ოჯახში ფეხბურთი არავის უთამაშია, პირველი ვარ. ბაბუა, „ტორპედოს’’ დიდი ქომაგი, თან გადამყვა. ყველა ჩემს ვარჯიშსა და თამაშზე დადიოდა.

ქუთაისელებისთვის „ტორპედო’’ იცი რას ნიშნავს? წარმოიდგინე, სერია ა-ში გადავედი, მაგრამ ჩემებს ის უფრო გაუხარდათ, როცა „ტორპედოს’’ მთავარ გუნდში მოვხვდი. პატარა ვიყავი, ვერ იჯერებდნენ. ეს კლუბი ყოველთვის ჩემს გულში იქნება.

13-14 წლამდე მარჯვენა მცველი ვიყავი. იცი როგორი მარჯვენა მცველი? მთელ ფლანგს რომ ვაკონტროლებდი. საქართველოში ეს დიდად არ ფასობს, მაგრამ ევროპაში ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ბურთის ამომტან მცველებს. ვინც ბურთს წამოიღებს და არ შეეშინდება’’.

კარიერული არჩევანი, გასახდელის ამბები, მწვრთნელთან და თანაგუნდელებთან შეხვედრა,  ურთიერთობები, ფსიქოლოგიური მიდგომები, გუნდური ატმოსფერო, ქომაგები - საბას ტექსტი ბევრ უცნობ და საინტერესო დეტალს მოიცავს. ახლოდან დაგვანახებს ამ პროცესს, თუ როგორია მზადება სერია A-ში პირველი შანსისთვის, დებიუტისთვის, რაც როგორც ფეხბურთის ქომაგისთვის, ასევე იმ ნიჭიერი ფეხბურთელებისთვისაა საინტერესო, რომლებიც ხვალ ტოპ ლიგაში აღმოჩნდებიან.

„იტალიაში ახალი ჩამოსული ვარ და პირველი ფიქრი... რას აკეთებს კვარა? ამას საერთოდ ვერავინ ხვდება. ჰგონიათ, რომ ის უბრალოდ ძალიან მაგარია. საქართველოში გაზრდილი ფეხბურთელი აქ ფიზიკურად ჩაჯდე, დამკვიდრდე და საუკეთესო გახდე, ეს წარმოუდგენლად რთულია. კვარა ძალიან მაგარი არაა. ის ძალიან, ძალიან, ძალიან მაგარია.

 

 „ემპოლიში’’ ძალიან კარგი მცველები დამხვდნენ, პიროვნულად იცი როგორ მეხმარებოდნენ.... კაპიტანი ლუპერტუ... მახსოვს, პირველად შევედი გასახდელში, ჩემს გვერდით ლუპერტუ ზის, აი ეს არის ბუცი და იტალიურად ამბობს, აი ეს არის გამაში, ეს არის შორტი, ამბობს იტალიურ სიტყვებს და ბოლოს მეუბნება: „დღეს დაიმახსოვრე, ხვალ ჩამაბარე’’.

მიდის ვარჯიში, შეცდომას ვუშვებ და მცველებისგან მხოლოდ გამხნევებას ვგრძნობ. ბოლოს, როცა „რომას’’ მოვუგეთ, ისმაელი მოვიდა და მეუბნება: „მე უკვე ასაკში ვარ, ჩემი დრო მიდის, შენი იმედი მაქვს, ახლა შენი ჯერია’’.

კაპიტანი ლუპერტო როგორი პიროვნებაა იცი? მახსოვს ერთხელ ვარჯიშს მოვრჩი, გასახდელში ტელეფონი ავიღე, ერთი საათი ტელეფონში „ვიყავი’’, შემდეგ სპორტდარბაზში ვივარჯიშე, მასაჟი გავიკეთე, ყინულებში ჩავედი, დავიბანე, უკვე 6 საათი იყო და ვფიქრობ, ყველა წასულია, თუმცა გავიხედე და ლუპერტუს ტანსაცმელი და ბოტასები ისევ იქ იყო. ვარჯიში დილას 11 საათზე გვქონდა და ის კიდევ ბაზაზე იყო. მოკლედ, ლუპერტუს ვერც მისვლას მიასწრებ და ყოველთვის ყველაზე გვიან გადის. სხვაგვარად გამორიცხულია. (ლუპერტუ სეზონის შემდეგ დავიდე ნიკოლასთან ერთად „კალიარიში’’ წავიდა).

წარმოიდგინე, გასულ სეზონში 38 თამაში ითამაშა. ხომ შეიძლება, პატარა ტრავმა ან 4 ყვითელი ბარათი მიიღო,? თან მცველი ხარ.... მაგრამ არა, ლუპერტო სამაგალითოა. 

ბარტოშ ბერეჟინსკი... გუნდში ძალიან თბილად მიმიღეს, ახალი გადასული ვარ, ფეხბურთელები ვსაუზმობთ, ვიცი რომ ბარტოში ჩემი კონკურენტია, მომიტრიალდა და მეუბნება: „იტალიური მე სამ თვეში ვისწავლე, დროზე დაიწყე სწავლა, გადმოწერე Duolingo, ყოველდღე მანახებ, რა ლეველზე ახვალ’’. ეგრევე გადმოვწერე.

ძალიან რთული ყოფილა შუა სეზონში ჩასვლა, თან ისეთ გუნდში, რომელიც გასავარდნ ზონაშია. 1 ქულაც ბევრს წყვეტდა. ახალგაზრდის გამოცდის დრო არ იყო. ჩემი ნება რომ ყოფილიყო, არც მე ვათამაშებდი ჩემს თავს.

და მაინც, მათი კონკურენტი ვარ, შესაძლოა ხვალ მათ ადგილზე მე დავდგე, მაგრამ მათგან ეს არ მიგრძნია. უცხოელი ფეხბურთელი ჩავედი, თან ენა საერთოდ არ ვიცოდი, ის ფიქრი არ მქონია, რას ამბობენ, იქნებ ჩემზე რამე ცუდს ამბობენ. ხომ იცი, ცოტა ეჭვის თვალით უყურებ... მაგრამ არა, ძალიან თბილი და ოჯახური გარემოა.

მჭედლოს ფაქტორიც არის, მაგრამ ლევანის გარეშეც... იქ ხომ არიან სხვა უცხოელებიც და ვხედავ, ყველას თბილად იღებენ. 

ინგლისური ქალაქში თუ გუნდში ძალიან ცოტამ იცის, არ სწავლობენ. თან იტალიური ლამაზი ენაა და სწავლა ისედაც მინდოდა. აქ ხომ ძალიან ბევრი ქართველია, იტალიურზე ქართველ მასწავლებელთან დავდივარ, ნელ-ნელა ალღოს ვუღებ. გასახდელში სულ იტალიური ისმის. ეს მეხმარება.

სირბილის სტატისტიკა რომ ავიღოთ, ვარჯიშის მონაცემებით არათუ „ემპოლიში,’’ სერია A-შიც ერთ-ერთი საუკეთესო ვარ, მაგრამ ეს საერთოდ არაფერს წყვეტს. ფიზმომზადების მხრივ, ჯანის მხრივ, საერთოდ სხვაგან არიან, მაგრამ სპორტდარბაზში ბევრს ვმუშაობ და ვპროგრესირებ.

და რასაც საქართველოში ვერ ნახავ... საქართველოში წითელს მოგცემენ იმაზე, რაზეც აქ ჯარიმასაც არ დადებენ. ისეთი თამაში მიდის, რომ მცველი სულ ხელს იყენებს. ოღონდ ხელს სწორად იყენებს, მაგრამ საქართველოში ამაზე ჯარიმა იყო. ახლა საქართველოში რომ დამაბრუნო, ალბათ ყველა თამაშში გამაგდებენ.

ევროტურნირებზე ყველაზე მეტად ამ კუთხით ვიჩაგრებით, რაღაც მომენტში გვგონია რომ ჯარიმაა, მაგრამ ეს ჯარიმა არაა. მაგ დროს შეცდომებს ვუშვებთ, რადგან საქართველოში ამას გვაჩვევენ.

მცველის ფუნქციები, მცველის როლი ძალიან მაღალ დონეზე ჰყავთ აყვანილი. თითოეული მცველი 10-დან 10 გრძელ პასს ზუსტად გააკეთებს და მათგან 1 უნდა აარჩიო, ძალიან რთულია.

და სამედიცინო სტაფი? ჩემი ორგანიზმი დეტალურად შეისწავლეს, ტრავმები რაზე მქონდა და ასე შემდეგ.

თავიდან ერთი თამაში პრიმავერაში (U19)  ვითამაშე. პრეზიდენტმა და დირექტორმა დარეკეს, პრიმავერაში რომ ვათამაშოთ, ფეხბურთელმა ცუდად არ იფიქროსო, აინტერესებდათ ჩემს ასაკში საქმეში როგორი ვიყავი. ლიდერ „ინტერთან’’ ვითამაშეთ, დავიდე ნიკოლამაც უყურა, განსხვავება ძალიან დიდი იყო. 15 წლიდან დიდ გუნდში ვარ და მართლა ძალიან ადვილი იყო იქ თამაში. მას შემდეგ პრიმავერაში აღარ მითამაშია.

და საერთოდ რატომ წავედი „ემპოლიში?’’ არ მინდოდა წასვლა კლუბში, სადაც თუნდაც ოდნავ დაუფასებლობას  ვიგრძნობდი. სხვა შემოთავაზებებიც იყო, ფინანსურად გაცილებით სარფიანი, ტოპ კლუბიდან...  მაგრამ ბოლომდე მომავალზე და ბოლომდე საფეხბურთო მხარეზე გავაკეთეთ აქცენტი. არც ფული, არც არაფერი, მხოლოდ ის ფიქრი მქონდა და მაქვს, რომ შემიძლია ძალიან დიდი ფეხბურთი ვითამაშო და როცა ლევანთან ერთად ვსაუბრობდი (მჭედლიძე), ამ გზით წავედით ბოლომდე. ჩემი აზრიც ეს იყო და ლევანის აზრიც. ჩვენ შეგვიძლია დიდი ფეხბურთის თამაში და სწორი გზით წავიდეთ. ჯერ „ემპოლი’’ და შემდეგ ნაბიჯები ნელ-ნელა, წინ. ბევრი მაგალითი ვიცით, ვინც იქ ზევით (ტოპ კლუბში)  მოხვდა და მერე ჩამოვიდა ქვემოთ. მირჩევნია ჯერ იტალიური ფეხბურთის სპეციფიკა გავიგო, სერია A-სთან ადავპტირდე და შემდეგ მოვხვდე დიდ კლუბში, უფრო მეტად დაფასებულად. „ტორპედოდან’’ პირდაპირ ტოპ კლუბში, მგონი ეს ზედმეტად დიდი ნაბიჯია.

„ემპოლიში’’ რომ ჩავედი, მწვრთნელი სამი დღის შეცვლილი იყო, როგორც დავიდე ნიკოლასთვის, ასევე ჩემთვის, პირველი თამაში იყო („მონცასთან, 2024 წლის 21 იანვარს). დავიდე არ მიცნობდა, მაგრამ როგორც კი დაინიშნა, თურმე ჩემი თამაშის ვიდეოები ნახა. თბილად, ძალიან მეგობრულად შემხვდა. მეგონა პირველი შეხვედრისას ექნებოდა მხოლოდ ასეთი თბილი და მეგობრული დამოკიდებულება. არ დავიჯერე, რომ სულ ასე გაგრძელდებოდა...

რაც არასდროს მინახავს... დავიდე ნიკოლა გამიყვანდა მარტო, დეტალურად მიხსნიდა, ერთი-ორზე თამაში, როცა კედელს რომ გითამაშებენ. ხელს როგორ იყენებ სწორად, რომ ჯარიმა არ იყოს, სწორად როგორ ჩადიხარ ხაზში. ხაზი სულ უნდა აკონტროლო. თუ ხაზზე ერთი მეტრი დაარღვიე, გამორიცხულია რომ არ დაგსაჯონ. თუ 1 წამით კონცენტრაცია გათიშე, შანსი არაა, დასჯილი ხარ.

ტრავმას რომ მივიღებდი, ცალკე ვძუნძულებდი, გუნდს მეორე მხარეს ვარჯიში ჰქონდა, ნიკოლა მოვიდოდა და მეკითხებოდა, როგორ ვიყავი, როდის დავიწყებდი ვარჯიშს. თუ ფეხი მეტკინებოდა, მასაჟის ოთახში შემოვიდოდა, დამხედავდა, რა ხდება გოგლიჩიძეზეო, როგორ არის საქმეო. სულ ყურადღებას ვგრძნობდი.

ზოგჯერ, თუ ფეხბურთელი არ თამაშობს, ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, მაგრამ მე ასეთი დამოკიდებულება არავისგან მიგრძნია, არც მწვრთნელისგან, არც სტაფისგან, არც გუნდელისგან. მასაჟისტთან შეიძლება მიხვიდე და გითხრას ჯერ იმას გავუკეთებ (ვინც თამაშობს) და შემდეგ შენ... ასეთი რამ არ ყოფილა, მხოლოდ თბილი დამოკიდებულება მოდიოდა.

ბოლო ტურში გადავრჩით, „რომას’’ მოვუგეთ.

იმ კვირაში ოთახში ლიბერატო კაკაჩესთან ერთად ვიყავი, ახალი ზელანდიის ნაკრების კაპიტანი, ძალიან კარგი ბიჭი.

ფეხბურთელებსა და მწვრთნელებში ერთი წამით ვერ დაინახავდით პესიმიზმს, რომ ჩვენ შეიძლება სერია B-ში გავვარდეთ. ფეხბურთელები იმაზე ფიქრობდნენ, რომ შემდეგ სეზონში სერია A-ში ვიქნებით. ფსიქოლოგიურად მთელი კვირა ისე მომართეს თავიანთი თავები, რომ იმაზე მიდიოდა საუბარი, პრემიაზე რა ხდებაო... უეჭველი იცოდნენ რომ დარჩებოდნენ. ასეთი რამ პირველად ვნახე, თან „რომასთან’’ გაქვს თამაში და მარტო მოგება გჭირდება, ფრე არ გყოფნის...

არც იმაზე ნერვიულობდნენ, რომ „უდინეზესთან’’ მსაჯი ცუდად მოგვექცა... მწვრთნელი, ბოლო ტურში, 89-ე წუთზეც კი დარწმუნებული იყო, რომ მოვიგებდით. ასეთი რამ არ მინახავს.

ფსიქოლოგიურად ფეხბურთელებს ძალიან მაგრად უდგებიან. პირველი ტაიმის შემდეგ მწვრთნელს ძარღვები „უსკდებოდა’’ ხოლმე, ოღონდ აქ არ იყო გაბრაზების მომენტი, რომ მაგალითად ვინმესთვის ეთქვას: „აი, შენ რას აკეთებ ?!’’ - ასეთი რამ არ ყოფილა.

მწვრთნელები თავიანთ საქმეში სულსა და გულს დებენ. როცა არ უნდა მიხვიდე სტადიონზე... თუნდაც მორჩა ვარჯიში, ამანათი ჩამოგივიდა, მოგივიდა სტადიონზე, 8 საათია და ბაზაზე ისევ მწვრთნელი დაგხვდება, მაკბუქთან იჯდება და ისევ ტატქიკას არკვევს. ბოლომდე ამ საქმეში არიან. გიჟებივით არიან მართლა.

მოთამაშეები განსხვავებული პიროვნული თვისებებით -  დავიდე ნიკოლა ყველა ფეხბურთელს ერთნაირად არ უდგებოდა და ეს იყო გადამწყვეტი, ამიტომ არ გვჭირდებოდა ფსიქოლოგი. ფეხბურთელებისგან უკმაყოფილება არ იგრძნობოდა, იმ ფეხბურთელებისგან, რომლებიც სკამზე ისხდნენ. მწვრთნელის ყველა გადაწყვეტილებას ახსნა ჰქონდა, შენ რომ სკამზე დაგსვა, ამას ახსნა აქვს.

თუ რომელიმე ფეხბურთელი სკამზე იყო და უკმაყოფილო, მწვრთნელი მას პირადად ესაუბრებოდა,  ამ საუბარს ცხადია სხვები ვერ დავესწრებოდით. ამდროს ისეთი საუბარია საჭირო, რომ იმ ფეხბურთელმა, რომელიც სკამზეა, გუნდზე უარყოფითი გავლენა არ მოახდინოს. ხომ ხვდებით... მწვრთნელის ასეთი მიდგომის შემდეგ ყველა მხოლოდ იმაზე ფიქრობს, ყველა იმაზეა მომართული, რომ კონკრეტული თამაში მოვიგოთ და არა ის, რომ მე რამდენ წუთს ვითამაშებ, მათამაშებს თუ არა... საბოლოოდ, მაინც ყველა თამაშობს, როტაციაა.

მთელი ბავშვობა 2 ნომერი ვიყავი, „ემპოლიშიც’’ ეს ნომერი ავიღე, თავისუფალი დამხვდა, თუმცა ჯერ ხომ არ მითამაშია. რატომ?

ჩემი უთამაშებლობის მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ჩავედი შუა სეზონში. როცა სეზონის დასაწყისში ჩადიხარ, შეკრებაზე ძალიან დიდი დატვირთვებით ვარჯიშობ და ეს შემდეგ მთელი სეზონი გაგყვება, თუმცა მე ეს შეკრება არ გამივლია, კონკურენტებს ფიზიკურად ჩამოვრჩებოდი, მაგრამ ახლა, ამ ზაფხულში, შეკრებას იმ საჭირო დატვირთვებით გავდივარ და ყველაზე მაგარი რაც არის, ამხანაგურ მატჩებს ვმართავთ. შეგიძლია დაამტკიცო, რა შეგიძლია. წინა სეზონში ეს შესაძლებლობა არ მქონია, მაგრამ ახლა სხვა ვითარებაა, ყველაფერი მაგრად მიდის და ძალიან დიდი იმედი მაქვს.

„ტორპედოს’’ და „ემპოლის’’ ქომაგები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. შესაძლოა, ასნი იყვნენ, მეტოქის მხარეს 500 იყოს, მაგრამ ისეთი გარემო შექმნან, რომ ყურადღება მიიქციონ, ქომაგობაში აჯობონ. ფეხბურთი მართლა ძალიან უყვართ.

ჩემი საყვარელი მცველები... კალაფიორი მაგრად მომწონს. ძველი იტალიელი მცველების „ვაიბი’’ მოაქვს. მგონია რომ კარგ ისტორიას დაწერს. ასეთი მცველი იტალიაში ბევრი არაა, ძველი იტალიელი მცველების თვისებები რომ ჰქონდეს: სიხისტე, ხასიათი, ვიზუალი, ჩართულობა შეტევაში... ყველაფერი მოდის და ამიტომ მაგრად მომწონს.

ბავშვობაში Youtube-ში სულ ვუყურებდი Top 10 defenders და მსგავს ვიდეოებს. Youtube ასეთი ვიდეოებით მქონდა სავსე. მალდინი ძალიან მაგარი იყო, აღმაფრთოვანებდა.

ხისტი თამაში ძალიან მიყვარს. ოღონდ, გამართლებული სიხისტე. ძალიან ბევრ მცველს არაგამართლებული სიხისტე აქვს. რას ვგულისხმობ? სერხიო რამოსი რომ ავიღოთ, ის ხშირად აკეთებს იმას, რაც არასაფეხბურთოა.

არის ხოლმე მომენტები, როცა თავდამსხმელთან უხეშად მოქმედების საჭიროება არაა. თუ პასს გასცემ და უკან ფორვარდი მოგყვება, არ უნდა ჩაარტყა. შესაძლოა, საერთოდ არ იღებდეს თავდამსხმელი ბურთს და უკნიდან კოჭში ჩაარტყა. იტალიაში იყო ასეთი შემთხვევა, კამერა სხვა მხარეს იყურებოდა, მცველი მივიდა და კოჭში ჩაარტყა. ეს ჩემთვის გაუმართლებელი, არასპორტული სიხისტეა, მაგრამ არ ვამბობ, რომ მე არ ვიზამ, რადგან ემოციებში ხარ... თუ მდგომარეობიდან გამოხვედი, შეიძლება ისეთი რამ გააკეთო, რომ ახლა დამშვიდებულზე ფიქრობ რომ ეს არასწორია.

მალდინი ემოციებს აკონტროლებდა. მას მარტო საფეხბურთო სიხისტე ჰქონდა და ეს მომწონდა ყველაზე მეტად. დინჯი და გაწონასწორებული, თან ხისტი რომ ხარ, ემოციებს რომ არ ჰყვები, ბარათებს რომ არ იღებ, შესანიშნავია’’.

გაზიარება: