შესანიშნავი დებიუტი სერია A-ში - გოგლიჩიძე ბოლონიასთან დამაჯერებელი იყო
იტალიის სერია A-ში საბა გოგლიჩიძის დებიუტი შედგა, „ემპოლის’’ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დ’ავერსამ 20 წლის ქართველი ცენტრალური მცველი „ბოლონიასთან’’ სასტარტოში დააყენა და შეუცვლელად ათამაშა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. გაშვებული გოლისას საბას შეცდომა არ დაუშვია.
ცხადია, საქართველოს ჩემპიონატიდან ტოპ ლიგაში გადასვლა რთული პროცესია, საბა „ემპოლიში’’ თებერვალში გადავიდა და იტალიის ჩემპიონატში მისი ოფიციალური დებიუტი დღეს შედგა. რამდენიმე მცირე შეცდომა დაუშვა, თუმცა საერთო ჯამში დამაჯერებელი იყო. იმ იშვიათ მომენტებშიც კი, როცა შეცდომა დაუშვა, ხასიათი გამოავლინა, თავდაჯერება შეინარჩუნა და თამაში გამოასწორა.
მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ „ემპოლისთან’’ ერთად პირველი შეკრება მიმდინარე სეზონის დაწყებამდე გაიარა და ახლა ფიზიკურად გაცილებით კარგადაა მომზადებული ვიდრე გასულ სეზონში იყო, როცა „ემპოლის’’ ფეხბურთელი სეზონის მიმდინარეობისას გახდა. მას დიდი პოტენციალი აქვს, რომ უახლოეს პერიოდში ეროვნული ნაკრების მოთამაშე გახდეს.
„ემპოლის'' ახალწვეული, ქართველი ცენტრალური მცველი საბა საზონოვი სათადარიგოთა სკამზე იჯდა, არ უთამაშია.
ამ სეზონის დაწყებამდე საბა გოგლიჩიძესთან ვრცელი ინტერვიუ ჩავწერა, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ: უცნობი იტალიური ამბები - გოგლიჩიძის ყველაზე გულწრფელი ინტერვიუ