ლუკა გაგნიძემ ტრავმა მიიღო
ლუკა გაგნიძე ტრავმირებულია - მოსკოვის „დინამოს“ ქართველმა ნახევარმცველმა დაზიანება „კრილია სოვეტოვთან“ სათასო მატჩში მიიღო.
„დინამომ“ „კრილია“ 5:1 დაამარცხა, გაგნიძემ მატჩი ძირითადში დაიწყო, თუმცა მწვრთნელმა ის პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალა.
როგორც მატჩის შემდეგ „დინამოელთა“ თავკაცმა, მარცელ ლიჩკამ განაცხადა, შეცვლის მიზეზი სწორედ ლუკას მიერ მიღებული დაზიანება იყო.
რა თქვა „დინამოს“ მწვრთნელმა:
„გაგნიძემ ტერფი იღრძო. უფრო მეტს ხვალ გავიგებთ, როდესაც შეშუპება დაცხრება. შესაძლოა, ის ორენბურგში არ წამოგვყვეს, იმიტომ რომ იქ ხელოვნურსაფარიანი მოედანია. დავაკვირდებით მის მდგომარეობას“.
გაგნიძე ერთა ლიგის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებში გამოძახების ერთ-ერთი კანდიდატი იყო, მას შემდეგ რაც ანზორ მექვაბიშვილმა ტრავმა მიიღო და დაახლოებით 6 კვირას გამოტოვებს. ნიკა კვევესკირი ისევ უგუნდოდაა, ხოლო სანდრო ალთუნაშვილმა „ვოლფსბერგერის“ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა.
არაა გამორიცხული, რომ ნაკრებს ვერც გაგნიძე დაეხმაროს, შესაბამისად, ვილი სანიოლისთვის არჩევანის გაკეთება სულ უფრო რთული ხდება. დიდი ალბათობით, ფრანგი სპეციალისტი ნაკრებში გიორგი აბურჯანიას დააბრუნებს (იხილეთ).
საქართველოს ნაკრები სექტემბერში ერთა ლიგაზე ორ მატჩს გამართავს - 7 სექტემბერს შინ ჩეხეთთან, ხოლო 10 სექტემბერს გასვლაზე ალბანეთთან.