როგორც წინა სტატიაში დაგპირდით, სერია A-ს სეზონის დაწყებამდე, „ნაპოლის“ სათამაშო მონახაზების ვარიანტებსა და თითოეულ მათგანში ხვიჩა კვარაცხელიას როლზე ცალკე ვისაუბრებ. ვისაც, ხსენებული სტატია არ წაგიკითხავთ, გირჩევთ, ჯერ მას გაეცნოთ და შემდეგ ამაზე გადმოერთოთ, ასე უფრო გაგიადვილდებათ აქ აღწერილ მოვლენათა, პროცესთა, დეტალთა თუ ასპექტთა აღქმა-გააზრება. მოკლედ, შესავლის გარეშე, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ და დავიწყოთ.
ცხადია, ასეთი მრავლისმომცველი სტატიისთვის, კარგად გადავხედე იტალიურ პრესას და ვეცადე მაქსიმალურად ნათელი სურათი შემექმნა გონებაში, თუ როგორი იქნება კონტეს ფორმაციის „ნაპოლი“. მოდით, ჯერ ჩამოვთვალოთ სქემები, შემდეგ კი თითოეული მათგანში კვარაცხელიას როლი დაწვრილებით განვიხილოთ.
სქემები, რომლებსაც კონტე ამ სეზონში გამოიყენებს
კონტეს სამწვრთნელო ხედვიდან გამომდინარე, პრაქტიკულად გამორიცხულია, რომ გუნდმა 3-მცველიანი სისტემით არ ითამაშოს და არის რამდენიმე სქემა, რომელსაც „კონტისიმე“ გამოიყენებს ხოლმე: 3-5-2, რომელსაც ძალიან ხშირად იყენებდა სხვადასხვა გუნდებში, 3-4-3, რომელსაც უფრო შემტევი ხასიათი აქვს და კიდევ 3 სისტემა, რომლებიც მეტოქის ან მატჩის სცენარის მიხედვით აირჩევა: 3-4-2-1; 3-4-1-2 (ორივე ეს სქემა, თამაშის სხვადასხვა მომენტებში 3-2-4-1-ად და 3-2-3-2-ად მარტივად ფორმირდება) და 3-5-1-1.
რომელუ ლუკაკუს ტრანსფერის შემთხვევაში, კვარაცხელია-პოლიტანოს დუეტისთვის ბელგიელის სარგებლიანობაზე ისაუბრა ვეტერანმა ბულგარელმა ფეხბურთელმა, ვალერი ბოჟინოვმა, რომელსაც „ლეჩეში“, „ფიორენტინაში“, „იუვენტუსსა“ და იტალიის კიდევ რამდენიმე გუნდში ჯამში 11 წელი აქვს გატარებული და „კალჩოს“ სპეციფიკა კარგად ესმის.
„კონტეს ლუკაკუ ძალიან მოსწონს და, „ნაპოლის“ ხელმძღვანელობის ადგილას რომ ვიყო, მას აუცილებლად დავიმატებდი. ბელგიელმა ევროპის ჩემპიონატზე ბევრი მომენტი შექმნა და, ვფიქრობ, მისი ტრანსფერი მატეო პოლიტანოსა და ხვიჩა კვარაცხელიას დაეხმარება, თამაშის დროს უფრო მოქნილები და თავისუფლები იყვნენ. მათ ზრდისთვის ერთმანეთი სჭირდებათ“.
ცხადია, ყველა ფორმაცია ირჩევა იმ ფეხბურთელების კონტიგენტიდან გამომდინარე, რომლებიც გუნდში გყავს. მაგალითად, კონტეს „იუვენტუსი“ ყველაზე ხშირად 3-5-2 სისტემით თამაშობდა და ასე იყო 2020-21 წლების ჩემპიონ „ინტერშიც“, როცა შეტევის წინა ხაზზე ლუკაკუ-ლაუტაროს დუეტი მოქმედებდა. ეს სქემა „ნაპოლის“ ამ შემადგენლობასთანაც საკმაოდ კარგადაა ადაპტირებული, რადგან თუკი კონტეს ლუკაკუ ან მისი ტიპის ფორვარდი ეყოლება, გუნდში არიან კვარაცხელია, ნგონგე, პოლიტანო და რასპადორი, რომელთაგანაც ნებისმიერს ამ „მძიმე“ თავდამსხმელთან შეწყვილება შეუძლია, რითაც დუეტი დაბალანსდება და ექნება როგორც ფიზიკური ძალა, მეორე სართულზე კარგად თამაშისა და ბურთის კორპუსით დაჭერის უნარი, ასევე სისწრაფე, ტექნიკა, ინტელექტი, მოქნილობა და სისხარტე. საკმარისად ბევრი კომპონენტია იმისთვის, რომ მეტოქის დაცვას სერიოზული სამუშაო ჰქონდეს და „ნაპოლი“ შედეგიანი იყოს, ხომ?!
ასე რომ, როცა კონტე 3-5-2 სქემით თამაშს გადაწყვეტს, კვარაცხელიას მეორე ფორვარდის როლი ექნება და ითამაშებს დაახლოებით ისეთივე ფუნქციებით, როგორითაც ბოლო თითქმის 2 წელია საქართველოს ნაკრების ამავე ფორმაციაში, მიქაუტაძესთან ერთად, თამაშობს.
კიდევ ერთი დეტალი: როგორც ამხანაგურმა მატჩებმა აჩვენა, კონტე კაპიტან დი ლორენცოს გამოყენებას, საწყის ტურებში მაინც, უფრო მეტად 3-კაციანი დაცვის ცენტრის მარჯვენა მხარეს აპირებს, არადა, იგი ზუსტადაც იმ ფუნქციონალის მოთამაშეა, მთლიანი ფლანგის კონტროლი რომ ძალიან კარგად შეუძლია. ერთი ისაა, რომ ფორმა თუ არ აკრიფა, ევრო 2024-ის დი ლორენცო „ნაპოლისთვისაც“ პრობლემა გახდება, რაც არავის უნდა, მეტოქეების გარდა. კაპიტანი დაცვის ცენტრში ხშირად ითამაშებს თუ: 1) „რეალიდან“ 12 მილიონ ევროდ ნაყიდმა 22 წლის რაფა მარინმა კონტეს ნდობა არ მოიპოვა და ძირითადის სტაბილური წევრი არ გახდა; 2) გუნდმა ფანჯრის ბოლომდე მარჯვენა ცენტრალური მცელი არ დაიმატა. საქმე ისაა, რომ გუნდში ამ მომენტში მყოფი 6 ცენტრალური მცველიდან 3 ცაციაა - ბუონჯორნო, ჟუან ჟესუში და ნატანი, დანარჩენი 3-დან კი მხოლოდ რაჰმანია, რომელიც საკმარისად კვალიფიცირებულია იმისთვის, რომ კონტემ მასზე გათვლა გააკეთოს, რადგან, მის გარდა, რაფა მარინზე უკვე ვილაპარაკეთ და აქ არის ასევე 18 წლის ლუიჯი დ’ავინო, კონტეს კი ექსპერიმენტები და ახალგაზრდებზე დაყრდნობა დიდად არ უყვარს, თუმცა გამორიცხული არაფერია.
დი ლორენცოს ცენტრში თამაშის პირობებში, ახალი მწვრთნელი მარჯვენა უინგ-ბექის პოზიციაზე პასკუალე მაძოკის ენდობოდა და რამდენიმე შეხვედრაში მას კარგად დააკვირდა. შეიძლება, მაძოკის უმაღლეს დონემდე ძალიან ბევრი უკლია, მაგრამ კონტეს ჰყოლია ფეხბურთელები, რომლებიც ტოპ დონემდე ვერასდროს მივლენ, მაგრამ მათ კარგად იყენებდა და არაა გამორიცხული, ერთ-ერთი ასეთი სწორედ მაძოკი გახდეს და ამ ფორმაციის „ნაპოლისთვის“ მნიშვნელოვან მოთამაშედაც იქცეს. ის უფრო ეფექტიანია, როცა შეტევით ოპერაციებში მონაწილეობს, უკან კი, დი ლორენცოს სახით, კარგი დამზღვევი ეყოლება, რამაც ჯამში, შეიძლება, სამხრეთელთა მარჯვენა ფლანგი საკმარისზე კარგად დააბალანსოს.
უინგ-ბექების როლი კონტეს ფეხბურთსა და, ზოგაგად, 3-მცველიან სქემაში, ძალიან დიდია და შეტევათა სიმწვავისა და შედეგიანობის საკმაო ნაწილი სწორედ მათ ეფექტიან მოქმედებებზე მოდის. მაგალითად, 2020-21 წლების ჩემპიონ კონტეს „ინტერში“ მარჯვენა ლატერალ აშრაფ ჰაკიმისა (7 გოლი და 8 ასისტი) და მარცხენა ლატერალ ივან პერიშიჩს (4 გოლი და 2 ასისტი), მხოლოდ სერია A-ს ეგიდით, ჯამურად 21 საგოლე კონტრიბუცია ჰქონდათ. კონტე აღარ იყო, მაგრამ უბრალოდ რომ აღვნიშნოთ, 2023-24 წლების სეზონის ასევე ჩემპიონ „ინტერში“, რომელიც ვიცით, რომ 3-მცველიანი ტაქტიკით თამაშობდა, ფედე დიმარკომ (5 გოლი და 6 ასისტი) და დენზელ დუმფრისმა (4 გოლი და 4 ასისტი), ჩემპიონატში, ჯამურად 19 გოლი შექმნეს. ასე რომ, აქტიური ფლანგები ამ ფორმაციის „ნაპოლისაც“ სჭირდება და გუნდში სპინაცოლას მოყვანაც ამისკენ არის მიმართული, თანაც, იმ ფონზე, როცა გუნდში დარჩა კიდევ ერთი კარგი ფლანგის შემტევი მცველი - მარიო რუი, რომელიც ლატერალად ადვილად გარდაისახება. უბრალოდ, კარგი იქნებოდა, მაძოკისთან დაკავშირებული კითხვის ნიშნების ფონზე, ნეაპოლელებს ერთ კარგ მარჯვენა ლატერალზეც ეფიქრათ, მაგრამ ვნახოთ, იქნებ, მანაც გაამართლოს...
თუმცა, თუკი პასკუალემ ეს პასუხისმგებლობა სათანადოდ ვერ შეასრულა, რისი ალბათობაც ნამდვილად არსებობს, კონტეს გამოსავლის სახით დი ლორენცო ჰყავს, რომელსაც ლატერალად გაამწესებს და ძირითადში რომელიმე ცენტრალურ მცველს დააწინაურებს. ასეთი მატჩები ისედაც იქნება, როცა დი ლორენცოს მარჯვენა უინგ-ბექად თამაში მოუწევს და სასტარტოში რაჰმანი-ბუონჯორნოს დუეტს მარინი, ჟუან ჟესუში ან ნატანი შეუერთდება.
კონტეს კიდევ ერთი მთავარი სათამაშო სისტემა, 3-4-3 უნდა იყოს. შემტევი, სწრაფი და ფლანგებიდან მეტოქისთვის პრობლემების შექმნაზე ორიენტირებული სქემა, რომელსაც, სავარაუდოდ, უფრო ხშირად საშინაო, აუცილებლად მოსაგებ, შეხვედრებში გამოიყენებს.
უინგ-ბექებისგან ხშირი ჩარბენები საერთოდაც მნიშვნელოვანია და, მით უმეტეს, ამ 3-4-3-ში, როცა ე.წ. „Overlap“-ები ფლანგის შემტევებისთვის მიცემულ მეტ თავისუფლებასა და სივრცეს ნიშნავს. დიდწილად სწორედ მათ აქტიურ მოქმედებებსა და სწორ მოძრაობაზე იქნება დამოკიდებული ის, თუ რამდენად დიდი თავისუფლება მიეცემათ კვარაცხელიასა და მარჯვენა გარემარბს.
დიახ, „კვარა“ ამ სქემაში მარცხენა გარემარბად დადგება და ექნება დაახლოებით ის როლი, რაც სპალეტის 4-2-3-1 სისტემაში ჰქონდა, ოღონდ, ერთი დიდი სხვაობაა. თუკი, სპალეტის ფორმაციის პირობებში, მუდმივად იყო პრობლემა, რომ ხვიჩას ფლანგზე მოთამაშე მარცხენა მცველი არც ისე ბევრ „Overlap“-ს აკეთებდა და დაცვის მთელი ყურადღება ბურთიან კვარაცხელიაზე რჩებოდა, ახლა, წესით, ეს პრობლემა აღარ იქნება, რადგან სპინაცოლა, რომელსაც, სავარაუდოდ, უფრო მეტის თამაში მოუწევს, ვიდრე მარიო რუის, ძალიან შემტევი ფლანგის მცველია, კარგი პოზიციური თამაშისა და სივრცეების ათვისების უნარით, რაც კვარაცხელიასთვის მნიშვნელოვანი დახმარება იქნება.
აი, რა თქვა სპინაცოლამ თავის პირველ ნეაპოლურ პრესკონფერენციაზე: „ჩემი გადმოსვლის შემდეგ, ხვიჩას შეუძლია, მეტოქის კართან უფრო ახლოს იმოქმედოს. ძალიან მაინტერესებს, მის მხარდამხარ თამაში როგორია. ვფიქრობ, მე და ის მარცხენა ფლანგზე ძალიან მაგრად გავერთობით“.
პირველი კომენტარის შესაფერისად, დადებითი და იუმორნარევი განცხადებაა, რომელშიც კარგად ჩანს, ხვიჩას მიმართ პატივისცემაც, საკუთარი თავის რწმენაც და გუნდურობის განმტკიცებისკენ მიმართული პოზიტიური სიტყვებიც. ეს ყველაფერი კარგია, „მოდენასთან“ სათასო მატჩის შემდეგ კი, „სპინამ“ უფრო სერიოზული კომენტარი გააკეთა და ტაქტიკურ ასპექტებზე გაამახვილა ყურადღება.
„მე და ხვიჩამ ერთმანეთთან ადაპტირება ადვილად მოვახერხეთ, რადგან ორივეს შეგვიძლია, როგორც მოედნის ცენტრისკენ შეწევა, ასევე ფლანგზე ეფექტიანად პოზიციონირება. დაუღალავი შრომით, ამაზე უკეთ თამაში და პროგრესის მიღწევაც შესაძლებელია. ჩვენი მხრიდან პოზიციების მონაცვლეობა გუნდს უფრო მეტ ბონუსს მოუტანს.
კონკრეტულად ამ თამაშში, „კვარას“ 3 ფეხბურთელი ეთამაშებოდა, ჩემ წინააღმდეგ კი ეგრევე 2 მცველი ჩნდებოდა. ასეთი დაცვითი გეგმით მოთამაშე მეტოქესთან გამკლავება ყოველთვის რთული ამოცანაა“.
სპინაცოლას ფაქტორიც რომ არ იყოს, როგორც განვლილმა ორმა სეზონმა აჩვენა, კლუბში ხვიჩასთვის ყველაზე მოსახერხებელი პოზიცია სამ შემტევში მარცხნიდან თამაშია, როცა ფლანგიდან უტევს, ცენტრისკენ იწევს, ურტყამს, პასს აკეთებს ან გამამწვავებელ მოქმედებას ასრულებს. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს მისთვის კომფორტული პოზიციაა, არაერთი იმ ტაქტიკური თუ სათამაშო გარემოების გათვალისწინებით, რომლებიც იქ თამაშს თავისთავად ახლავს.
როგორც ზემოთ ვთქვი, ეს 3-4-3 სქემა კონტესთვის, წესით, საკმაოდ პოპულარული იქნება და გამოიყენებს ისეთ მეტოქეებთან, რომლებთანაც „დაცვის გაწელვა“, დაღლა, ბევრი ჩაწოდება და ინტენსიურად შეტევა იქნება საჭირო.
გადავიდეთ კიდევ ერთ ფორმაციაზე, რომელსაც კონტე, სავარაუდოდ, ასევე ხშირად გამოიყენებს - 3-4-2-1, რომელიც შეტევისას 3-2-4-1-ზე ფორმირდება და გუნდს დიდი ძალებითა და ინტენსივობით იერიშის განვითარებისთვის შესაფერისი პირობები ექმნება. ამ სქემაში კვარაცხელიას ადგილი ცენტრფორვარდს უკანაა, სადაც მისი მეწყვილე, დიდი ალბათობით, მაიკლ ფოლორუნშო იქნება, თუმცა არის ჯაკომო რასპადორისა და სირილ ნგონგეს მაღალპროცენტიანი ვარიანტები და სხვა შედარებით დაბალპროცენტიანი კანდიდატურებიც - კაიუსტე (ოდნავ უკან დახეული) და პოლიტანო.
ქართველი შემტევი პრაქტიკულად „ათიანის“ პოზიციაზე იქნება, თუმცა ყველას გვესმის, რომ ეს არაა კლასიკურად ათ ნომერზე თამაში, ასეთი რამ თანამედროვე ფეხბურთში პრაქტიკულად აღარც არსებობს, „ათიანობაში“ ვგულისხმობ იმას, რომ ხვიჩას სხვებზე მეტი თავისუფლება ექნება და მისი თითქმის ერთადერთი საზრუნავი გამწვავებაზე თამაში, დრიბლინგითა თუ პასებით მეტოქის ხაზების დაშლა და გადამწყვეტი მოქმედებების შესრულება იქნება. მისი ამ პოზიციაზე გამოყენება გასულ სეზონში რამდენჯერმე ვალტერ მაცარიმაც სცადა, მაგრამ მისი სტრუქტურა იმდენად არეული იყო, რომ სრული სურათი ვერც დავინახეთ, ხვიჩა ამ ამპლუაში როგორია. კონტეს მიდგომებიდან გამომდინარე, მაღალი სათამაშო დისციპლინის პირობებში, გაცილებით საინტერესო სანახავი იქნება, რამდენად მოიხდენს ამ როლს „კვარადონა“.
საკმაოდ მოქნილი სათამაშო სისტემაა, რადგან ჰყავს კარგი პირველი პასის გამკეთებელი და 3-დან სამივე კარგი ბურთის წამომღები ცენტრალური მცველი, ტექნიკური ფლანგები, ლობოტკა-ანგისას ბურთის გამნაწილებელი და ტემპის მაკონტროლებელი გამოცდილი და ხარისხიანი დუო, ასევე, ძალიან მოძრავი, ტექნიკური და სხარტი ფიზიკურ-გონებრივი უნარების მქონე ფოლორუნშო, რომლის მეშვეობითაც ანგისა-ლობოტკას ბურთის დაცვიდან შეტევაში გადატანა უფრო გაუადვილდებათ. ნახევარდაცვის მიზანი, ძირითადად, ორი რამე იქნება: 1) ბურთი გამამწვავებელ ზონაში მაქსიმალურად სწრაფად გადაიტანოს; 2) ბურთი კვარაცხელიამდე მიიტანოს და გუნდმა თამაშში სიმწვავის შეტანა თავისი მთავარი დამრტყმელი ძალის მეშვეობით სცადოს.
ვფიქრობ, ეს სქემა ყველაზე კარგად ასახავს ხვიჩას როლს, მნიშვნელობასა და სათამაშო არეალს ახალი ფორმაციის „ნაპოლისთვის“ და, ასევე იმას, თუ რამდენად დიდი ფუნქცია ექნება კონტეს სქემაში 23 წლის ქართველს. ჩემი აზრით, კონტეს ყველა დანარჩენ სისტემასთან შედარებით, ესაა ის სათამაშო მონახაზი, რომელშიც „კვარას“ მრავალფეროვან, მრავალმხრივ, არაორდინალურ და ბასრ სათამაშო უნარებს ყველაზე მეტი გასაქანი და გამოყენება ექნება. ამის არგუმენტი მგონია ის, რომ ოპერირება უფრო მეტად ცენტრში მოუწევს და მხარდაჭერა ექნება პრაქტიკულად ყველა მხრიდან: ფლანგებიდან - სპინაცოლასა და მაცოკისგან, უკნიდან - ლობოტკა-ანგისასგან, გვერდიდან - ფოლორუნშოსგან და წინ ეყოლება ცენტრფორვარდი, რომლის ფიზიკური ძალისა და სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლების გამოყენებითა და გავლით ხიფათის შექმნა შეეძლება. ცხადია, ყველა ეს მხარდაჭერა, მას მეტ-ნაკლებად ყველა სქემისას ექნება, მაგრამ ჩვენ ზუსტადაც მეტსა და ნაკლებს ვადარებთ. ვფიქრობ, ამ სისტემაში მას მეტი სათამაშო ვარიანტი და თანაგუნდელებთან დიდი დოზით ურთიერთქმედების საშუალება ექნება, რაც, გუნდისთვის სათანადო ბენეფიტების მოსატანად, კარგი პირობები და გარემოებებია.
3-4-1-2 სქემისას, კვარაცხელიას შემთხვევაში, ორი ვარიანტია: დიდი ალბათობით, კონტე მას გამთამაშებლად გამოიყენებს, მაგრამ არის შანსი, გამთამაშებლის ფუნქცია სხვას ჰქონდეს, „კვარა“ კი ცენტრფორვარდის გვერდით დააყენოს. გააჩნია მეტოქესა და მის სათამაშო სტილს, პლუს-მინუსებს, მაგრამ როცა ხვიჩა ასეთ სისტემაში ფორვარდის გვერდითაა, არის შანსი, სათამაშო არეალი შეეზღუდოს და ისეთი პროდუქტიული ვერ იყოს, როგორც უფრო თავისუფლად მოქმედების შემთხვევაში. ამის მიზეზი ასეთია: „ათიანზე“ სხვა ფეხბურთელია, რომელსაც თავისი სივრცე, ფუნქცია და არეალი აქვს, ცხადია, ამ სივრცის ხვიჩასთვის განაწილებაც შეუძლია, მაგრამ ფუნქციონალური გაყოფა კონკრეტულ მომენტებში წამების საქმეა და ჯერჯერობით ამ „ნაპოლიში“ არაა შემტევი ნახევარმცველი, რომელთანაც ქართველი ისეა შეთამაშებული, ერთმანეთის უსიტყვოდ ესმოდეთ, მით უმეტეს, ჟიელინსკის წასვლის მერე.
ფოლორუნშო გუნდში ახალი დაბრუნებულია და ამჟამინდელ ვითარებას ახლა ეცნობა, თანაც ის გამთამაშებელზე მეტად ცენტრალური ნახევარმცველი ან მარჯვენა „ინსაიდია“, რასპადორისთან კი „კვარას“, მართალია, ორსეზონიანი საქმიანი ურთიერთობა აქვს, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ იდეალური პარტნიორული მომენტების მთელი კოლექცია მაინცდამაინც მასთან შექმნა. მეტიც, შემიმჩნევია, რომ როცა ორივე მოედანზეა, ერთმანეთის შევსების მაგივრად, რასპადორი უფრო შებოჭილია და თავისი თამაშის ჩვენება უჭირს, თუმცა ეს დაძლევადი პრობლემა მგონია.
ამიტომაც, ჯერჯერობით, 3-4-1-2-ში „კვარას“ მეორე ფორვარდად დანახვა ცოტა მიჭირს, თუმცა, შეიძლება, გარკვეულ დროში კონტემ გამონახოს ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მეორე ფორვარდ კვარაცხელიას ისე შეეწყობა და მასთან ისე შეთამაშდება, რომ სახიფათო შეტევითი ტრიოც შეიკრას. მოკლედ, ეს უფრო დროის ამბავი, კონტეს საფიქრალი და სამომავლო, მინიმუმ რამდენიმე ტურის ან თვის, პერსპექტივაა.
ამ სქემაში „კვარას“ როლი უფრო მეტად „ათიანზე“ წარმომიდგენია, როცა შეტევითი თამაშის ეპიცენტრი ისევ მისკენ მიდის ან მის უახლოეს სივრცეებში ტრიალებს. პრობლემა ისაა, რამდენად გამოძებნის სათანადო ხარისხის მეორე ფორვარდს კონტე ცენტრფორვარდთან შესაწყვილებლად. თუმცა, რადგან ეს საუბრის სხვა თემაა, კონტეს მივანდოთ და თუ გამოძებნა, ეგ მოცემულობა განვიხილოთ.
უმაღლესი დონის ცენტრფორვარდისა და ხარისხიანი მეორე ფორვარდის უკან, კვარაცხელიას თავისუფლად პოზიციონირების საშუალება ექნება, რა პირობებშიც თანაგუნდელებისგან საკმარისი მხარდაჭერა შეექმნება, რათა გუნდის შეტევები სათანადო მიმართულებით წარმართოს და შეასრულოს ის როლი, რაც კონტესგან დაეკისრება. ზოგადად, 3-მცველიან ტაქტიკაში, როცა მათ წინ 4 კაცია - ორი ფლანგის და ორი საყრდენი ან ცენტრალური ნახევარმცველი, გამთამაშებლის პოზიციაზე მყოფ ფეხბურთელს საიმედო ზურგი აქვს, რაც მის თავისუფლებასა და პოზიციურად სამოქმედო მოქნილ არეალს განაპირობებს. უკვე ვილაპარაკეთ იმაზე, რომ კონტე ტაქტიკებს „კვარასთვის“ სწორედ თავისუფლების შესაქმნელად აწყობს, რათა იგი გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალა იყოს, როგორც ეს კლასიკურადაა ნებისმიერი გამოკვეთილი ლიდერის შემთხვევაში. ეს 3-4-1-2 სისტემაც საამისოდ კარგი ვარიანტია, თუმცა, ჩემი აზრით, მხოლოდ კონკრეტული მატჩებისთვის, მეტოქის დონიდან და სათამაშო სპეციფიკიდან გამომდინარე. არ მგონია, შემტევ ფეხბურთელთა ამ რესურსით, კონტემ კონკრეტულად ეს სქემა ძალიან ხშირად გამოიყენოს და მთავარ წყობად აქციოს, თუმცა, წესით, იქნება შეხვედრები, როცა „ნაპოლის“ ასეთი მონახაზითაც ვიხილავთ.
კიდევ ერთი სქემა, რომლითაც „ნაპოლის“ უფრო თავდაცვისას ვნახავთ, 3-5-1-1-ია. ამ მონახაზით იტალიაში ყველაზე ხშირად სიმონე ინძაგი თამაშობდა, ოღონდ, როცა „ლაციოს“ წვრთნიდა. მოქნილი და მოსახერხებელი სისტემაა მეორე ნომრად სათამაშოდ და კონტრშეტევებისთვის. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ კონტე მას გამოიყენებს მაშინ, როცა გუნდს ანგარიში ექნება შესანარჩუნებელი.
ესე იგი, უმთავრესად ეს მოხდება მატჩების მიმდინარეობისას: 55 წლის სპეციალისტი მეორე ნახევრის კონკრეტულ მონაკვეთში ცვლილებებს გააკეთებს და ტაქტიკასაც გადააწყობს. უდიდესი ალბათობით, ასეთ დროს შეიცვლება 1 ან 2 შემტევი და სპინაცოლა, მათ ნაცვლად კი უფრო მეტად დაცვაზე ორიენტირებული ფეხბურთელები ჩაერთვებიან თამაშში, რაც გამოიწვევს მოედნის ცენტრში რაოდენობრივ და სივრცობრივ შევსებასა და დაცვის ფლანგის გაძლიერებას.
შესაბამისად, „პარტენოპეის“ დაცვა და ნახევარდაცვა უფრო ათლეტური და ძლიერი გახდება, გუნდის შეტევითი გეგმა კი, ძირითადად, კონტრშეტევებით იქნება მომართული. ასეთ დროს, როცა ხშირად გადაგდებულ ბურთებზეც მოგიწევს თამაში, კვარაცხელიას სისწრაფე, ჯანი და ტექნიკა ძალიან საჭირო იქნება, თუმცა გაცილებით დიდია ლუკაკუს ტიპის ფორვარდის ფაქტორი, რადგან ის გუნდს სტანდარტულებისასაც დაეხმარება, გადაგდებულ ბურთებზე კი სისწრაფის, ფიზიკური ძალის, კორპუსისა და სიმაღლის გათვალისწინებით, ძალიან სასარგებლო უნდა იყოს.
მთავარი და დამხმარე მოქმედი პირები: ვის რა როლი აქვს კონტეს „ნაპოლიში“
ცხადია, მეკარის როლი ნებისმიერ გუნდში უდიდესია და ასე იქნება „პარტენოპეის“ შემთხვევაშიც. როგორც პრესეზონმა აჩვენა, კონტე აქცენტის გაკეთებას კვლავ ალექს მერეტზე აპირებს, თუმცა გუნდში, „ემპოლიში“ იჯარის შემდეგ, დააბრუნეს ელია კაპრილე. ნიჭიერი 22 წლის გოლკიპერი, რომელსაც ჯერჯერობით სტბილურობა აკლია, თუმცა უამრავი მნიშვნელოვანი თვისება აქვს, რომ მაღალი დონის მეკარედ ჩამოყალიბდეს და თუკი მერეტი მოწოდების სიმაღლეზე ვერ იქნება, რისი ნიშნები წინა სეზონშიც იყო, წესით, შანსს კაპრილე მიიღებს. პიერლუიჯი გოლინი გუნდიდან წავიდა.
დაცვის ცენტრის ტრიო რომ ფუნდამენტური მნიშვნელობისაა, ახალი ამბავი არაა. ამირ რაჰმანის საჩემპიონო სეზონი ნეაპოლში ყველას ახსოვს, კოსოვოელი საიმედო მცველად ჩამოყალიბდა და ამიტომაცაა, რომ კონტე მას „ლიბეროდ“, შუა ცენტრალურ მცველად მოიაზრებს. რაჰმანის ძალიან კარგი დრიბლინგის მაგალითი გასულ სეზონებში არაერთხელ ვნახეთ, საკმაოდ კარგი პირველი პასიც აქვს, რაც გუნდის სწრაფი ამოსვლისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. მეორე სართულზე კარგი თამაში, გამოცდილება და აგრესიულობა არის ის, რითაც 28 წლის უკანახაზელი ახალი ფორმაციის „პარტენოპეის“ ერთ-ერთ წამყვან უკანახაზელად მოიაზრება. გუნდში ახალი მოსულია ალესანდრო ბუონჯორნო, რომლის ტრანსფერშიც სამხრეთელებმა „ტორინოს“ 35 მილიონი ევრო გადაუხადეს. ფიზიკურად ძლიერი, მაღალი, ორთაბრძოლებში ძალიან კარგი ცაცია ცენტრალური მცველი გასული სეზონის სერია A-ში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და რამდენიმე პოპულარული გამოცემის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.
გამოცდილ რაჰმანისა და კარიერის პიკში მყოფ ბუონჯორნოს, ყველაფერი აქვთ იმისთვის, რომ ისეთი დუეტი შექმნან, იმის მიუხედავად, დაცვის ცენტრში მე-3 კაცი ვინ იქნება, „ნაპოლის“ უკანა ხაზი აპენინებზე ერთ-ერთი გამორჩეული იყოს.
განსაკუთრებული როლი აქვს კაპიტან დი ლორენცოს, რომელსაც, სავარაუდოდ, მინიმუმ ორ პოზიციაზე - მარჯვენა ცენტრალურ მცველად და მარჯენა ლატერალად თამაში მოუწევს. გასულ სეზონში, როგორც მთელ გუნდს, მასაც პრობლემები ჰქონდა, საშინელი ევროპის ჩემპიონატი ჩაატარა და „დიეგო არმანდო მარადონადან“ წასვლაზეც ფიქრობდა, მაგრამ გუნდში დარჩა ზუსტად იმიტომ, რომ კონტეს პროექტში საკუთარი თავი კვლავ მნიშვნელოვან და ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად დაინახა. „ჯოს“ სათამაშო და პიროვნული უნარების გათვალისწინებით, ფორმას დაიბრუნებს და გუნდის მარჯვენა ფლანგის საიმედოობასა და სტაბილურობაში მთავარი როლი ექნება.
მარცხენა ფლანგისთვის მშვენიერი შევსებაა ლეონარდო სპინაცოლა, რომელიც ზუსტადაც 3-მცველიანი ტაქტიკის ფლანგის მცველია. ის არაა საუკეთესო დაცვითი ფუნქციების შესრულებისას და „ევრო 2020“-ზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო იმ ფონზე, რომ შეტევაში წასულს ჯორჯო კიელინის კლასი და კოლოსალური გამოცდილება აზღვევდა. ბუონჯორნოს სახით, „ნაპოლიშიც“ საიმედო დამზღვევი ჰყავს და იერიშებში ჩვეულად უნარიანად წასვლა თავისუფლად შეუძლია. სპინაცოლას კლასის, ტექნიკისა და გამოცდილების გათვალისწინებით, თავისუფლად შეუძლია, სეზონში 5-დან 10-მდე საგოლე კონტრიბუციის შესრულება დაისახოს მიზნად. მართალია, კონტე მას პირველ არჩევანად მოიაზრებს, მაგრამ მარიო რუი ძირითადში მოსახვედრად ბოლომდე იბრძოლებს და ვერავინ იტყვის, რომ უშანსოდ იქნება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მეკარე ნიკიტა კონტინის შემდეგ, რომელიც კლუბში 2014 წლიდანაა, თუმცა ყველა სეზონში იჯარით სხვაგან უშვებენ, რუი „პარტენოპეის“ ყველაზე სტაჟიანი წევრი (2017 წლიდან) და ბოლო სეზონებში გუნდის ვიცე-კაპიტანია.
ფუნდამენტური მნიშვნელობა ექნება ფრანკ ზამბო-ანგისასა და სტანისლავ ლობოტკას სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშს. მოედნის ცენტრის სისხარტე, ჭკუა-გონება, სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი, გამძლეობა და სწორი პოზიციონირება, ნებისმიერი გუნდისთვის მნიშვნელოვანია. „ნაპოლიში“ ამ ფუნქციებით ანგისა-ლობოტკას უკვე, შეიძლება ითქვას, კარგად შეწყობილ-შეთამაშებული დუოა. მათზე იქნება დამოკიდებული ჩაშლისა და, რაც მთავარია, შეტევების დაწყება-განვითარების საკითხი. ტემპის კონტროლი და დაცვიდან გამთამაშებლამდე ბურთის ატანის უმნიშვნელოვანესი ამოცანა. კონტე ამ დუეტს განსაკუთრებულად უნდა მოუფრთხილდეს, რადგან თუკი შემადგენლობას გადავხედავთ, ერთის ან მეორის ისეთი შემცვლელი, რომ გუნდის თამაშს არ დაეტყოს, რთული მოსაძებნია. თუკი რომელიმე არ იქნება, „ნაპოლის“ ტიფოზერია სწორედ „კონტისიმეს“ ალღოს იმედზე უნდა იყოს, რომ მონახაზს ისე გადააწყობს, სათამაშო ფუნქციონალი სხვა ფეხბურთელებზე ისე გადანაწილდეს, საკვანძო მოთამაშეთა არყოფნა შედეგის დაკარგვად არ დაჯდეს.
მნიშვნელოვანი იქნება ისიც, როგორ შეეწყობა გუნდს მორიგი იჯარიდან დაბრუნებული მაიკლ ფოლორუნშო, რომელსაც „ვერონაში“ შესანიშნავი სეზონი ჰქონდა და „ჯალობლუს“ ელიტაში დარჩენაში ერთ-ერთი ყველაზე წონადი წვლილი შეიტანა. საერთოდ, 26 წლის შუახაზელი, რომელიც ძალიან ბევრს მოძრაობს და უდიდეს სამუშაოს ასრულებს, ბოლო ორი სეზონია შესამჩნევად პროგრესირებს და 2022-23-ში „ბარიში“ (8 გოლი და 2 ასისტი) გამოირჩეოდა, გასულ სეზონში კი „ვერონაში“ (5 გოლი და 1 ასისტი) იმდენად კარგი იყო, რომ სპალეტიმ „ევრო 2024“-ზეც წაიყვანა. ანგისას მსგავსად, ფოლორუნშოც ბურთის კარგი ამტანია, განსხვავება ისაა, რომ კამერუნელი უფრო სიღრმიდან თამაშობს, იტალიელი კი ოდნავ უფრო წინიდან და ცენტრალური ნახევარმცველის ამპლუაში ყოფნა უყვარს. ანგისა-ლობოტკასთან კარგად შეთამაშების შემთხვევაში, ფოლორუნშოს აქვს ყველაფერი, ამ ფორმაციის „ნაპოლისთვის“ ძირითადი შემადგენლობის ულაპარაკო და ძალიან სასარგებლო წევრად იქცეს.
გუნდის მთავარი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა და ეს ყველასთვის ცხადია. აი, რას წერდა Gazzetta dello Sport-ი „ეგნატიასთან“ ამხანაგური მატჩის შემდეგ: „ხვიჩას 21 წუთი დასჭირდა, რათა დაემტკიცებინა ის, რაც დიდი ხანია ყველასთვის აშკარაა: იგი კონტეს გუნდის საკულტო სახე იქნება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ „კვარა“ ნეაპოლური რენესანსის მთავარი ფიგურაა! მეტოქის ნახევარზე მოპოვებული ბურთი, ლობოტკასთან გათამაშებული კედელი, საჯარიმოში ბურთის მარჯვენა ფეხით მიღება და მიწაზე დაშვებამდე მარცხენათი დარტყმა - ეს ნამდვილი სილამაზეა! ახალმა მწვრთნელმა ის საკუთარი პროექტის ბურჯად აირჩია ისე, რომ ახლოდან არც კი იცნობდა, ახლა კი უნდა, მისი ფეხბურთით ბოლომდე ისიამოვნოს“.
გასაგებია, რომ „ეგნატია“ საზომი ვერ იქნება და მასთან გატანილი გოლით ვერ იტყვი, რომ „კვარა“ მაგარ ფორმაშია, მით უმეტეს, რომ იტალიურ გამოცემათა გარკვეული ნაწილი აღნიშნავს, რომ იდეალურ კონდიციებთან ახლოს არაა და ფორმაში შესასვლელად შრომა დასჭირდება. ცხადია ისიც, რომ უკვე ყველა დარწმუნდა იმაში, ხვიჩას ნებისმიერ დონეზე, ნებისმიერ მეტოქესთან რომ შეუძლია საოცრებების კეთება და მილიონობით მაყურებლის აღფრთოვანება. მთავარი სხვა რამეა: კონტესთან მუშაობა, როგორც იკვეთება, მისთვის კომფორტულია და თავს კარგად გრძნობს, მისი დონისა და უნარების ფეხბურთელისთვის კი პირველი ყოველთვის ესაა, რომ ჰარმონიულად იყოს მწვრთნელთან, გუნდთან და სათამაშო სისტემასთან, დანარჩენი შრომის, ფორმაში ყოფნისა და დროის ამბავია.
რა პოზიციაზეც არ უნდა ითამაშოს, გუნდისთვის უპირველესი ფეხბურთელი და მთავარი დამრტყმელი ძალა იქნება, ისეთი, როგორიც დიდი ფეხბურთელი უნდა იყოს. „ნაპოლის“ წარმატებული თუ წარუმატებელი სეზონი დიდწილად იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად შეძლებს „კვარა“ სეზონში 15-დან 20-მდე საგოლე კონტრიბუციის შესრულებას და გუნდის ისე გაძღოლას, რომ მაღალი მიზნებისთვის ან სულაც ტიტულისთვის იბრძოლოს.
კვარაცხელიას გარდა, დიდი მნიშვნელობა ექნება გუნდში მოიყვანონ ისეთი თავდამსხმელი, რომელიც 15-20 გოლს თავის წილად შეაგდებს და მთავარი გოლეადორი იქნება. ოსიმენის დარჩენის შანსი პრაქტიკულად აღარ არსებობს, ბევრი იწერება ლუკაკუზე, რომელმაც პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბს უარი უთხრა და მხოლოდ „ნაპოლიში“ თამაში სურს. ცალკე საკითხია, ბოლოსეზონებჩავარდნილი ბელგიელი იქნება თუ არა ის X, რომელიც ამ გუნდს სჭირდება, მაგრამ იგი კონტეს ფავორიტია და თუკი ოდესმე მსოფლიოში საუკეთესო ცენტრფორვარდი ყოფილა, ერთ-ერთი ასეთი პერიოდი, „კონტისიმეს“ ხელმძღვანელობით, „ინტერში“ ჰქონდა. თამამ პროგნოზს ნაღდად ვერ გავაკეთებ, „რომი“ ნეაპოლში გაამართლებს თუ არა, მაგრამ ერთი, რაც დიდი ალბათობით შემიძლია ვთქვა არის ის, რომ მისი გუნდში ყოფნით გუნდში პენალტების პრობლემა მაინც მოგვარდება. გვახსოვს, რომ ჯერ კიდევ სპალეტის საჩემპიონო სეზონიდან მოყოლებული „პანტენოპეის“ შტატიანი პენალტისტი არ ჰყავს და გუნდს, 2022-23 წლების სეზონიდან მოყოლებული, 34-დან 11 პენალტი (32%) აქვს გაფუჭებული.
კარგი იქნება, თუკი გუნდში ასეთი, 15-20 გოლის გამტანი ფორვარდი იქნება, თუ არადა, ტრაგედია არც ეს იქნება, რადგან კონტემ იცის, გუნდის მოწყობა ისე, რომ ცოტ-ცოტა ყველამ შეაგდოს და შედეგი მაინც მოვიდეს. ნათელი მაგალითია „იუვენტუსში“ 2011-12 და 2012-13 წლების სეზონები, როცა გუნდი ჩემპიონი გახდა, მაგრამ არც ერთ ამ სეზონში 10-ზე მეტი გოლის გამტანი ფეხბურთელი არ ჰყოლია.
გუნდისთვის მნიშნელოვანი ბონუსებუს მოტანა შეუძლია სირილ ნგონგეს, რომელმაც „ვერონას“ მაისურით სერია A-ში ჩატარებულ 34 მატჩში 11 გოლი და 3 ასისტი მიითვალა. „პარტენოპეის“ მის ტრანსფერში 18 მილიონი ევრო აქვს გადახდილი, რაც მასზე გაცემული ავანსია და ნელ-ნელა გამართლება უნდა დაიწყოს. თუკი ნგონგეს კონტემ სწორი ფუნქციები გამოუძებნა და ბელგიელი გაიხსნა, ცვლილებებიდან გაძლიერებისთვის ან ლიდერთა დასვენებისთვის უპირველესი კანდიდატურა იქნება.
მწვრთნელს მოსწონს ჯაკომო რასპადორი, რომელიც „სასუოლოში“ ძალიან კარგი იყო, მაგრამ ნეაპოლში ჯერჯერობით ვერაფრით გაიხსნა. „რასპა“ ტექნიკური, ჭკვიანი და ტაქტიკურად კარგად განსწავლული ფეხბურთელია, სათანადო როლის მინიჭების შემთხვევაში, შეუძლია, „ნაპოლის“ ძირითადისთვის იბრძოლოს, ადგილიც დაიმკვიდროს და, მეორე ფორვარდის რანგში, გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდეს.
დასკვნა: რა პერსპექტივები აქვს „ნაპოლის“ ამ სეზონში
იტალიის ჩემპიონატის მასშტაბით, „ნაპოლის“ ნებისმიერ სხვა მაღალი მიზნებისთვის მებრძოლ გუნდთან შედარებით, ერთი უდიდესი უპირატესობა აქვს და ეს ევროტურნირებზე არმონაწილეობას უკავშირდება. წარმოიდგინეთ, სხვების არაადამიანური კალენდრის პირობებში (თანაც, სამივე ევროტურნირს კიდევ 2 სათამაშო კვირა დაემატა), კონტეს შეუძლია, თავისი ფეხბურთელები კვირაში მხოლოდ ერთი მატჩისთვის მოამზადოს, თავად კი მომავალი მეტოქე, შემჭიდროვებული გრაფიკის ნაცვლად, 6-7-დღიანი კარგი მეცადინეობის ფონზე შეისწავლოს. განუზომლად დიდი უპირატესობაა, როგორც ფეხბურთელთა რესურსის, ისე სამწვრთნელო სტაფის მომზადების კუთხით.
გასაგებია, რომ „ინტერს“ იტალიაში ყველაზე ღრმა და ხარისხიანი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მასაც კი არ აქვს რესურსი, ასეთი გრაფიკის ფონზე, კონკრეტულ ტურნირებზე ორი სხვადასხვა შემადგენლობა გამოიყვანოს ისე, რომ ეს გუნდის თამაშს არ შეეტყოს. აღარაფერს ვამბობ სხვა გუნდებზე, რომელთაც „ნერაძურიზე“ გაცილებით მოკლე სათადარიგოთა სკამი აქვთ. „ნაპოლის“ კი აქვს ფუფუნება, იფიქროს მხოლოდ სერია A-სა და იტალიის თასზე, რომელზეც მაისამდე მაქსიმუმ 8 შეხვედრის ჩატარება მოუწიოს.
გუნდში საკმარისად ღრმა და ხარისხიანი შემადგენლობაა იმისთვის, რომ კონტეს დონის მწვრთნელთან ერთად, მხოლოდ ამ ორ ტურნირზე ასპარეზობის პირობებში, მაღალი მიზნები დაისახონ. თუკი მწვრთნელს მშვიდად მუშაობის საშუალება მიეცა, გუნდში თავისი წესების დამკვიდრება შეძლო და ტრავმიანობამ ხელი ძალიან არ შეუშალა, თავისუფლად შესაძლებელია, „პარტენოპეიმ“ ჩემპიონატში მინიმუმ სამეულისთვის, მაქსიმუმ კი კიდევ ერთი „სკუდეტოსთვის“ იბრძოლოს.