რომელუ ლუკაკუ, ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე, აურელიო დე ლაურენტისი
Aa Aa

კონტეს ფაქტორი და სხვა | რა პლუსები აქვს ხვიჩას ნაპოლიში დარჩენას

როგორც მოვლენათა განვითარება აჩვენებს, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ დარჩენა პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია. ამ ეტაპზე, პრემიერ ლიგიდან სერიოზული ინტერესი არ არსებობს, არც სხვა ევროპული გუნდებიდან და ერთადერთი კლუბი, რომელიც მის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობდა პსჟ იყო, მაგრამ 10-მდე იტალიელ ჟურნალისტთან კომუნიკაციის შემდეგ, კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ „კვარადონას“ აგვისტოშივე ნეაპოლიდან წასვლის შანსები პრაქტიკულად აღარ არის.

ამ სტატიის მიზანი არაა იმის კვლევა, უკეთესია თუ არა ხვიჩასთვის „ნაპოლიდან“ სხვა გუნდში გადასვლა. თუმცა, ვისაც ამაზე ჩემი აზრი აინტერესებს, ვეტყვი, რომ უკეთესია, რადგან „ნაპოლი“ დიდი გუნდი არც არასდროს ყოფილა და, სავარაუდოდ, ვერც გახდება და ეს საფეხბურთოზე მეტად, არასაფეხბურთო ფაქტორებზეა დამოკიდებული. „კვარა“ დიდი გუნდისთვის მზადაა, ისეთისთვის, შიდა და ევროპული ტიტულებისთვის ნებისმიერ სეზონსა და რეალობაში რომ იბრძვის. მისი ასაკის გათვალისწინებით, ახლა აქვს პერიოდი, როცა კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს, ჩამოყალიბდეს და საბოლოო პროდუქტად მივიღოთ ისეთი ვარსკვლავი, მომავალ ათწლეულში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო რომ სტაბილურად და ულაპარაკოდ იქნება. ამისთვის თვითონ მას ყველაფერი აქვს, უბრალოდ, ფეხბურთელისა და, ზოგადად, ადამიანის განვითარებისთვის სათანადო, პროგრესისკენ მომართული გარემო უმნიშვნელოვანესია.

მისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მამუკა ჯუღელი და მისი კვალიფიკაცია მგონია. ჯუღელი თითქმის 3 ათწლეულია რუსეთისა და ახლომდებარე, უფრო მეტად კავკასიური, ბაზრის ერთ-ერთი წამყვანი, ცნობილი და აქტიური აგენტია, თუმცა ევროპულ ფეხბურთთან და იქაურ კლუბებთან კავშირები ნაკლებად ან საერთოდ არ ჰქონია. ყველაზე კარგ შემთხვევაში, მისთვის საჭიროა დრო, რომ ამ ახალ, უზარმაზარ ბაზარს ალღო აუღოს, კონტაქტები სათანადო ხარისხში აიყვნოს, რეპუტაცია შეიქმნას და თავისუფლად, სწრაფ ტემპში მუშაობა შეძლოს. არ ვამბობ იმას, რომ ჯუღელს სწავლისა და განვითარების პირობებში ამ მოცემულობებამდე ასვლა არ შეუძლია, უბრალოდ, კვარას წინააღმდეგ ყველაზე მეტად ახლა დრო მუშაობს. მას, კარიერის გარდამტეხ ეტაპზე, მთავარ საფეხბურთო ბაზართან ადაპტირებული და იქაური მოთხოვნების შესაფერისი მენეჯერი არ ჰყავს, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.

მოკლედ, მთავარი დროა: ფეხბურთელის ცხოვრება ძალიან სწრაფია, მით უმეტეს, იმ დონეზე, რომელზეც კვარაცხელიაა, ნებისმიერი გადაწყვეტილება კონკრეტულ მომენტშია მისაღები, რათა შემდეგი ნაბიჯები არ დაგვიანდეს. ამ სწრაფად მიღებულ გადაწყვეტილებათა უდიდესი ნაწილი სწორი და პროგრესის შენების გზაზე დადებული ერთ-ერთი აგური უნდა იყოს. თუ ტოპ ფეხბურთელობა შეგიძლია და გაქვს ამბიცია, რომ მბაპეს, ჰოლანდის, ვინისიუსის, როდრისა თუ სხვების დონეზე ახვიდე, ამისთვის მოქნილი, ძლიერი და თანამედროვე სამანეჯერო გუნდია საჭირო. მაგალითისთვის: ვინისიუსი, გარდა იმისა, რომ 18 წლიდან მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კლუბში იზრდება, უკვე წლებია ჰყავს დაახლოებით 30-კაციანი გუნდი, რომლის წევრებიც მასზე ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ნუტრიციოლოგიური მიმართულებით ზრუნავენ, მისი სხეულისა თუ გონების სპეციფიკას თითოეულ მაგალითზე სწავლობენ, რისი შედეგებიც ბოლო სეზონებში ნათლად ჩანს. სხვათა შორის, 2021 წლის გაზაფხულზე ან ზაფხულში, როცა მისი ამ გუნდის შესახებ მომზადებული სიუჟეტი ვნახე, გავიაზრე და გავაანალიზე, ჩემს მეგობრებთან - მამუკა კუკულაძესთან და ნოდარ სიმსივესთან პროგნოზი გამოვთქვი, რომ ეს ბიჭი უახლოეს წლებში „ოქროს ბურთს“ მოიგებდა.

მხოლოდ მონაცემებით რომ შევადაროთ, „ვინი“ „კვარაზე“ ბევრად მეტია ან საერთოდ არის მეტი? ცხადია, არის პლუსები ბრაზილიელის მხარესაც, მაგრამ, ჩემი აზრით, ხვიჩა უფრო მრავალფეროვანი, მრავალმხრივი და ფართო დიაპაზონის მოთამაშეა, მაგრამ როცა გაქვს რაღაც X, ეს ყველაფერი მუშაობით უნდა გახადო 2X, 3X და ა.შ. მუშაობით, რომელიც იმდენი მიმართულებითაა და იმდენად ბევრია, რაც არ უნდა თავი გადადო, 4 და 5 კაცის დახმარებით, სათანადო შედეგამდე ვერ მიხვალ, ბევრი ადამიანია საჭირო და, რაც მთავარია, მათი 90% მაინც, თავის საქმეში, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო, ანუ სუპერ პროფესიონალი უნდა იყოს.

ახლა მეორენაირად დავსვამ კითხვას: რასაც ბოლო ორ სეზონში თამაშობენ, რომელი უფრო ახლოს არის თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმთან, ვინისიუსი თუ კვარაცხელია? ჩემი აზრით, ვინისიუსი, „კვარას“ კი, მცოდნე ხალხი ხედავს, რომ ამაზე კიდევ მეტის თამაში, მიღწევა და გაკეთება შეუძლია! ხვიჩა იმ მასშტაბის მასალაა, დიდი გუნდი და სუპერ პროფესიონალები სჭირდება, რა შემთხვევაშიც, თავისუფლად შეუძლია, მომდევნო წლებში საქართველოში „ოქროს ბურთი“ ჩამოიტანოს და მთავარი საკლუბო ჯილდოებიც დაიდოს პირად მუზეუმში.

ამდენს ამ თემაზე იმიტომ ვწერ, რომ მეც ნებისმიერი თქვენგანივით მინდა ეს მოხდეს და არ მინდა, რაღაც ნაბიჯების დაგვიანებით ან სულაც არგადადგმით, კვარაცხელიამ იმდენს ვერ მიაღწიოს, რამდენიც შეუძლია. არაა საჭირო ექსპერტობა, ხომ ნებისმიერი ხედავს, რომ ამ ბიჭს ტოპ ფეხბურთელობისთვის ყველაფერი აქვს?! ტოპ ფეხბურთელად ისტორიას რომ შემორჩე, მსოფლიოს საუკეთესო კლუბებთან ერთად ტიტულები უნდა მოიგო, რაც არ უნდა იყოს, ყველაფერი მაინც შედეგებით იზომება. კი, ყველას ემახსოვრება ესა თუ ის მოძრაობა, ფინტი, გოლი, რადგან ფეხბურთი ემოციის თამაშია და ემოციურია მისი მაყურებელიც, მაგრამ ქართველებს ასეთი ესთეტებისგან მონიჭებული ემოციები ისედაც ბევრი გვაქვს, უკვე შედეგები, ტიტულები და ხელშესახები მოცემულობები გვჭირდება.

ხვიჩას, ემოციებთან ერთად, ამ ყველაფრის მოცემა შეუძლია ჩვენთვის, ოღონდ, ჩვენი როლი არ დაგვავიწყდეს: წარმატებები იქნება და ეგეთ მომენტებში ხვიჩა ყველას უყვარს, მაგრამ ცხოვრებაა და იქნება ჩავარდნებიც, ასეთ პერიოდებში ნუ გვავიწყდება, რომ ხვიჩა კვარაცხელიაც კაცია, შვილია, ძმაა, მეუღლეა, მეგობარია, უბრალოდ, ქართველი ბიჭია, რომელსაც მიზნები და ოცნებები აქვს და შეიძლება, მასაც ისევე ან იმაზე მეტად აზიანებდეს კლავიატურის მეშვეობით გაგზავნილი ნეგატიური ემოცია, როგორც ნებისმიერ ადამიანს. საბედნიეროდ, იგი სოციალური ქსელების კომენტარებს არ კითხულობს, მაგრამ ხომ ყველამ ვიცით, რომ ამ ყველაფრის რაღაც ნაწილი მაინც გარკვეული ფორმით მაინც მიეწოდება. გავიაზროთ ჩვენი როლი და მოვიქცეთ ღირსეული გულშემატკივრებივით, დავიმსახუროთ ის, რომ მისი წარმატების მომენტებში სიხარულით დატკბობა და ზეიმი გვეკუთვნოდეს და ყველაზე მთავარი - საკუთარ თავებთან ვიყოთ მართლები.

გითხარით, რომ მის „ნაპოლიდან“ ტოპ გუნდში გადასვლას ამ ზაფხულშივე ვისურვებდი, თუმცა, მეორე მხრივ, ცხადია, არსებობს პლუსები და პოზიტიური მხარეები, რომლებიც მის გუნდში დარჩენას ახლავს. სტატიაში ზუსტად ამ ფაქტორებზე მინდა, ვილაპარაკო და, განსაკუთრებით, ანტონიო კონტეს სახით, გუნდში ტოპ მწვრთნელის მისვლის დადებით მხარეზე.

ტოპ მწვრთნელი „ნაპოლიში“: რატომ სჯერა ხვიჩას კონტეს პროექტის?

თემას ცოტა გადავუხვიე, მაგრამ სეზონის დაწყებამდე მსგავსი მესიჯების გაჟღერებაც მნიშვნელოვანი მგონია. მით უმეტეს, რომ „კვარას“ შეიძლება, კარიერაში გარდამტეხი სეზონი ეწყებოდეს. კარგი, მთავარ თემებზე გადავიდეთ.

აი, რას წერდა, 26 ივლისს, „ნაპოლისთან“ დაახლოებული წყარო, Ilmionapoli: „კვარაცხელიას დარჩენაში კონტემ უმთავრესი როლი შეასრულა. ის ფეხბურთელს პირადად ხშირად ესაუბრებოდა და თანდათან დაარწმუნა, რომ მისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის მოთამაშე და პროექტის მთავარი ელემენტია. „კვარა“ „კონტისიმეს“ სიტყვებს ენდობა, მისი სჯერა და სურს, მადლიერება მოედანზე კარგი თამაშით გამოხატოს. რაც მთავარია, ქართველი შემტევი თავს კარგად გრძნობს, რასაც მისი პოსტიც ადასტურებს, ახალი სეზონის დაწყების შესახებ“.

ნეაპოლური გამოცემა ხვიჩას ამ პოსტს გულისხმობდა, რომელშიც სამოტივაციო სიტყვებია და ჩანს, რომ ახალი სეზონისთვის მომზადებას იწყებს.

კარგი, მოდით, ახლა ეს დამოკიდებულება ჩავშალოთ. რამდენიმე გავლენიანი იტალიური გამოცემა წერდა, რომ კონტე „ნაპოლის“ ჩაბარებას დათანხმდა იმ შემთხვევაში, თუკი გუნდი კვარაცხელიას (ასევე, დი ლორენცოს, ლობოტკასა და ზამბო ანგისას) შეინარჩუნებდა და დე ლაურენტისისგან ეს პირობა მიიღო კიდეც. ამ და კიდევ სხვა მნიშვნელოვანი ასპექტებიდან, რომლებიც, პრესის მეშვეობით, ჩვენამდეა მოსული, ნათლად ჩანს, რომ 55 წლის სპეციალისტს „კვარადონას“ ნიჭისა და უნარების დიდი იმედი აქვს და გუნდის მოწყობას მის გარშემო აპირებს. ხვიჩა რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ამაზე აქცენტირება უკვე საჭიროც აღარაა, ეს მოცემულობაა და კონტეს მიდგომა, რომ გუნდი ასეთ კაცზე ააწყოს, აბსოლუტურად გასაგები და ლოგიკურია.

რაც შეეხება თავად ხვიჩას ახალი მწვრთნელისადმი დამოკიდებულებასა და ზედა აბზაცში Ilmionapoli-სგან ციტირებულ წინადადებას: „კვარა“ „კონტისიმეს“ სიტყვებს ენდობა და მისი სჯერა“. მოდი, ახლა ამ ხაზს გავყვეთ:

ანტონიო კონტე იტალიასა და მის საზღვრებს გარეთ ცნობილი, ავტორიტეტიანი და მაღალი რეპუტაციის მქონე სპეციალისტია. დიდი კრიზისის შემდეგ, მან ააშენა ახალი „იუვენტუსი“, 5 ტიტული მოაგებინა და ჩაყარა ისეთი საფუძველი, რომ „ვეკია სინიორა“ არა მხოლოდ იტალიის მასშტაბით გახდა ჰეგემონი, არამედ ევროტურნირებზეც დიდ ძალად იქცა და მისი წასვლის შემდეგ, მასიმილიანო ალეგრის ხელმძღვანელობით, ჩემპიონთა ლიგის ორი ფინალიც ითამაშა.

„იუვედან“ პირდაპირ იტალიის ნაკრებში დაინიშნა და საკმაოდ სუსტი შემადგენლობით კარგი გუნდი შეკრა, „ევრო 2016“-ის 1/4 ფინალამდე მივიდა და იქ გერმანიასთან პენალტებით დამარცხდა. შემდეგ „ჩელსის“ პრემიერ ლიგა და FA Cup მოაგებინა, რასაც „ინტერის“ ჩაბარება და გუნდისთვის 11-წლიანი პაუზის შემდეგ იტალიის ჩემპიონობა და ევროპა ლიგის ფინალში გაყვანა მოჰყვა.

იმ „ინტერის“ მთავარი კაცი რომელუ ლუკაკუ იყო, რომელსაც კარიერის, თუ „პრაიმი“ არა, ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი სწორედ „ნერაძურიში“, კონტეს ხელმძღვანელობით, ჰქონდა. ვინ იცის, იქნებ, ნეაპოლშიც კარგი საქმიანი ურთიერთობა გამოუვიდეთ, თუმცა „რომი“ პატარა ბიჭი აღარაა და მთლად ისეთი მაგარი იყოს, როგორიც „ნერაძურიში“, რთული წარმოსადგენია, მაგრამ მაინც ვნახოთ... სხვათა შორის, კონტეს იმ ფორმაციის „ინტერში“, კვარაცხელიას კალიბრის ფეხბურთელი არ ჰყოლია, მისნაირი მრავალფეროვანი, მრავალმხრივი და ფართო ინტელექტის შემტევი. იმ გუნდის მთავარი იარაღი გამართული დაცვითი სტრუქტურა, ძალიან მშრომელი და სახიფათო ფლანგები და სწრაფი კონტრშეტევები იყო. კონტრშეტევების განვითარებისას, ლუკაკუს ფიზიკურ ძალასა და უნარს, ბურთი ზედმეტი 2-3 წამით გაეჩერებინა, გუნდის სწრაფად ამოსვლასა და შეტევაში გაქცევაში დიდი როლი ჰქონდა. თუკი გადაიყვანა, ანტონიო რომელუს, სავარაუდოდ, „ნაპოლიშიც“ კარგად გამოიყენებს. თანაც, ბელგიელი ხასიათის კაცია და გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს, მის კარიერაში იყვნენ მწვრთნელები, რომლებთანაც ვერაფრით გაიხსნა, კონტესთან კი საერთო ენა, შეიძლება, ყველაზე კარგად გამონახა.

„ტოტენჰემში“ უკვე 16 სეზონია არავის არაფერი მოუგია. სამაგიეროდ, კონტემ შუა სეზონში ჩაბარებული გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა, მომდევნო სეზონის დასრულებამდე 10 კვირით ადრე კი, თანამდებობა, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა. როგორც პრესა წერდა, რეალური მიზეზი ხელმძღვანელობასთან და კონკრეტულ ფეხბურთელებთან კონფლიქტი იყო და ამაზე ეს კომენტარიც ნათლად მიანიშნებს: „ტოტენჰემის“ ამბავი ასეთია: 20 წელია გუნდს ეს ხელმძღვანელობა მართავს და კლუბს არასდროს არაფერი მოუგია! რატომ“? - კონტე, საერთო ჯამში, მართალია, რომ დანიელ ლევის მმართველობა ბევრ კითხვის ნიშანს იწვევს, მაგრამ „დეზებს“ მის ერაში 1 ტიტული მაინც აქვთ მოგებული - ლიგის თასი, 2008 წელს. თუმცა, 23-წლიანი მმართველობის პერიოდში ეს რამდენად კარგი შედეგია, თავად გადაწყვიტეთ.

ზოგადად, კონტე და კონფლიქტები უცხო რომ არაა, ეგეც კარგად ვიცით. იგი არაა რობერტო მანჩინი ან კარლო ანჩელოტი, რომელთაც ურთიერთობების დალაგება თითქმის ყველასთან კარგად გამოსდით. სხვათა შორის, ანჩელოტის შემთხვევაში, ამ „თითქმის“-ის ერთ-ერთი განმაპირობებელი სწორედ აურელიო დე ლაურენტისია. გავიხსენოთ, რომ 2019-ის დეკემბერში, ანჩელოტიმ „ნაპოლი“ სეზონის მიმდინარეობისას დატოვა, რაც მის კარიერაში მხოლოდ ორჯერ მოხდა - „ბაიერნსა“ და „ნაპოლიში“.

კონტე კი საკმაოდ პრინციპული და პირდაპირი ადამიანია, რის გამოც ხმაურიან განცხადებებსაც ხშირად აკეთებს და არც კონფლიქტებს ერიდება. ამიტომაც, დე ლაურენტისისა და მისი თანამშრომლობის გარშემო, ერთ-ერთი მთავარი რისკ-ფაქტორი რომ ეს მიმართულებაა, ყველასთვის ნათელია.

ხასიათი ხასიათად, მაგრამ 55 წლის აპენინელი რომ უმაღლესი დონისა და შესაძლებლობების მწვრთნელია, მაგასაც ვერავინ უარყოფს, აქედან გამომდინარე, ალოგიკური საერთოდ არაა, რომ კვარაცხელიას მისი პროექტის უფრო სჯეროდეს, ვიდრე რუდი გარსიასი, მაცარის ან კალცონასი!.. ზოგადად, ამ ოთხი მწვრთნელის ერთ სივრცეში მოქცევა, შედეგებიდან და წლების სტაბილურობიდან გამომდინარე, კონტეს დაკნინება მგონია და, ვფიქრობ, ამაზე კამათი რომ მომინდეს, ოპონენტიც არ მოინახება.

„ნაპოლისთან“ გაფორმებული 3-წლიანი კონტრაქტი ნიშნავს, რომ კონტეს კარიერაში ახალი ეტაპია, ის არაა მწვრთნელი, რომელიც გუნდში მოკლევადიანი პერსპექტივით მიდის და მხოლოდ ვინმეს დაწყებული საქმის გაგრძელებას ცდილობს. თუ მის კარიერასა და მუშაობის სპეციფიკას გადავხედავთ, დავასკვნით, რომ „კონტისიმეს“ მკვეთრად დამახასიათებელი თავისებური სტილი აქვს და მას ნერგავს ყველა იმ გუნდში, რომელსაც იბარებს. 3-5-2 სისტემა, კარგი ფიზიკური მომზადება, სპორტული აგრესია და უმაღლეს დონეზე აყვანილი სათამაშო დისციპლინა არის ის, რაც მისი თამაშის ფუნდამენტია და ყველაფერი ამაზე შენდება. ფიზიკურ მომზადებასა და ენერგიას იმდენად დიდ ყურადღებას აქცევს, რომ „ინტერში“ მუშაობისას, ფეხბურთელებს იმაზეც კი მისცა რჩევები, როგორი სექსი სჯობდა, ჰქონოდათ:

„ჩემს მოთამაშეებს ვურჩევ, სწრაფი სექსი ჰქონდეთ, მინიმალური ძალისხმევით და შეარჩიონ ისეთი პოზები, როცა პარტნიორს ქვემოდან იქნებიან. სასურველია, ცოლზე ვსაუბრობდეთ, რადგან, ასეთ შემთხვევაში, გამონაკლისები ნაკლებია“.

მოკლედ, კონტე ასეთი მიდგომების მწვრთნელია, ზოგისთვის ძველებურის და ზოგისთვის ცოტა შემაწუხებელის. ასეა თუ ისე, გადავხედეთ მის სამუშაოებს და ნათლად დავინახეთ, რომ შედეგიანი მწვრთნელია და საკუთარი კვალის დატოვებას მეტ-ნაკლებად ყველგან ახერხებს. შეიძლება, გუარდიოლას, ანჩელოტის, კლოპის და ამ კალიბრის მწვრთნელების გვერდით ვერ დააყენო, მაგრამ, მისი სახით, „ნაპოლის“ ტოპ დონის მწვრთნელის რომ ჰყავს, ამის თქმა თამამად შეიძლება. მაგრამ, არის ერთი „მაგრამ“ და ამაზე ქვედა აბზაცში ვილაპარაკოთ.

ფეხბურთელობისას მოუგია, მაგრამ მწვრთნელ კონტესა და „ნაპოლის“ ჩემპიონთა ლიგაზე ერთნაირი უმაღლესი შედეგი აქვთ - 1/4 ფინალი. კონტე სულ 6 შესაძლებლობიდან 3-ჯერ ჯგუფში ჩარჩა, რაც ამ დონის სპეციალისტს კარგად ნამდვილად არ ახასიათებს. მეორე მხრივ, 2020-ში „ინტერი“ ევროპა ლიგის ფინალში გაიყვანა.

ვინც მის კარიერას კარგად იცნობს, მისთვის სიახლე არაა, რომ „კონტისიმე“ ევროტურნირებზე ვერ ბრწყინავს და უფრო მეტად პროცესის, შესაბამისად, შიდა ჩემპიონატის, მწვრთნელია, ვიდრე კონკრეტული მატჩისა და სათასო ტურნირების. ჩემპიონის რანგში, „პარტენოპეის“ იმდენად ცუდი სეზონი ჰქონდა, რომ ანტონიოს პირველ სეზონში ევროტურნირებზე ფიქრი და ძალების გადანაწილება არ მოუწევს, რაც „ნაპოლისთვის“ ჩემპიონატში სერიოზული უპირატესობაა. ამ რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით, თუკი ლაურენტისი-კონტეს შორის სიტუაცია არ აირია და ამან გუნდზეც მოახდინა გავლენა, ნეაპოლელებს ყველაფერი ექნებათ იმისთვის, რომ ჩემპიონატში მინიმუმ სამეულისთვის და მაქსიმუმ მე-4 ჩემპიონობისთვის იბრძოლონ.

როცა კონტეს „ნაპოლიში“ დანიშვნა გაოფიციალურდა, Gazzetta dello Sport-ი წერდა, რომ მისი გუნდში მისვლა მარადონას ტრანსფერს მოგაგონებდა, რის მოტივადაც ჟურნალისტი მარკო ჩირიელო ასახელებდა იმ უდიდეს იმედსა და მოლოდინებს, რაც გაჩნდა 40 წლის წინ - მარადონას გადასვლით და ახლა - კონტეს მთავარ მწვრთნელად დანიშვნით. თუმცა, თავად 55 წლის სპეციალისტი საკითხს უფრო სერიოზულად და რეალისტურად უყურებს.

„ნეაპოლში ფეხბურთი სიგიჟემდე უყვართ და ეს არასდროს შეიცვლება, უბრალოდ, შევეცდები, ეს სიყვარული გავაძლიერო. ფანებს ვპირდები, რომ მათი გუნდისთვის მაქსიმუმზე მეტს გავაკეთებ. „ნაპოლი“ საფეხბურთო პროექტის გამო ავირჩიე, ჩვენი მიზანი, მოკლევადიან პერსპექტივაში, ევროტურნირებზე დაბრუნებაა.

რეალისტები უნდა ვიყოთ. ორი წლის წინ „სკუდეტო“ მოვიგეთ, გასულ სეზონში კი ჩემპიონს 40 ქულით ჩამოვრჩით. არავის ეგონოს, რომ გამოსავალი მხოლოდ მწვრთნელის შეცვლაა, მეტოქეებს კონკურენციას მხოლოდ თავდადების, დაუღალავად მუშაობისა მსხვერპლის გაღების ხარჯზე გავუწევთ“, - განაცხადა კონტემ თავისი წარდგენისას.

ნეაპოლი - ქალაქი, რომელიც უყვარს და სადაც აღმერთებენ

ხვიჩასთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი, რატომაც ნეაპოლში დარჩენა დადებითი ამბავია, არის ის, თუ როგორ უყვართ და აღმერთებენ მას ამ გიჟურ ქალაქში. ამ ყველაფერს ბონუსად აქვს ისიც, რომ სამხრეთული ემოციების გაზიარება ტიფოზერიასთან თავადაც კარგად გამოსდის და თუ გინდათ გავიხსენოთ, როგორ აღნიშნავს ხოლმე გოლებს და რამდენად ცდილობს, ემოციები და ვნება ბოლომდე გამოუშვას და ყველას დაანახოს. ეს მხოლოდ ნეაპოლში ხდება, „სტადიო დიეგო არმანდო მარადონა“ ის ადგილია, სადაც სიგიჟე ყველაზე ლეგიტიმური და მიღებული ფორმაა. ქართველ შემტევს არსად ექნება ისეთი სიყვარული და ემოციური მუხტი, როგორიც კამპანიის მთავარ ქალაქში აქვს, რადგან ფეხბურთი სხვაგან არსად ნიშნავს იმდენს, რამდენსაც იქ.

ცნობილი ამბავია, რომ 1987-ში, როცა მარადონას „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატი ისტორიაში პირველად მოიგო, ტიფოზებმა ნეაპოლის ყველაზე დიდ სასაფლაოსთან ბანერი გამოაკრეს: „თქვენ არც კი იცით, რა გამოტოვეთ“.

აი, რას ამბობს ნეაპოლელი ფოტოგრაფი და „ნაპოლის“ უდიდესი ტიფოზი, გაეტანო ბასტონე: „გუნდის გულშემატკივრობა, ქალაქის გულშემატკივრობას ჰგავს, ყოველკვირეულად სტადიონზე ყოფნა ცხოვრებისეული მოთხოვნილებაა. საფეხბურთო მომენტების უკვდავყოფა მნიშვნელოვანია, რადგან ფეხბურთი ემოციებია და ეს ხალხი ამ ემოციებით ცოცხლობს“.

ის ფანების კერპია და კერპები იმით გამოირჩევიან, რომ, დიდი შესაძლებლობების გარდა, ხანდახან დიდ საქმეებს ზუსტადაც გარემო და სიყვარული აკეთებინებს. ეს დამატებითი ბონუსია, რაც მხოლოდ გარშემომყოფებმა შეიძლება, მოგიტანონ.

„ყველაფერს გავაკეთებ, რომ იმ ადამიანებს, ვინც თავისიანად მთვლის, მგულშემატკივრობს და გვერდით მიდგას, ბედნიერება მივანიჭო. ამისთვის ბევრს ვმუშაობ. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან როცა ადამიანი გაფასებს და უყვარხარ, მოედანზე თუ მის გარეთ, შენც პატივისცემა უნდა გამოიჩინო და იმედები გაუმართლო“, - ამბობდა „კვარა“ ივნისის დასაწყისში მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში.

ასეა, ფანები მისთვისაც ძალიან ბევრს ნიშნავს და შეუძლებელია, ასე არ იყოს, რადგან რაც მათგან ხვიჩას მიმართ მოდის, იმ მასშტაბის ენერგიაა, წარმოუდგენელია, შენზე გავლენა არ მოახდინოს, ვინც არ უნდა იყო. მით უმეტეს, ხვიჩა ემოციური, გულღია და სიყვარულით სავსე ბიჭია, ასეთებისთვის გარემო კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.

გასული სეზონის ერთ მომენტს გაგახსენებთ. ყველას გვახსოვს მისი „,მშრალი“ სერია, როცა 2023-ის მარტიდან სექტემბრამდე ჩემპიონატში გოლი არ ჰქონდა გატანილი. მოხდა ისე, რომ ეს უგოლო სვლა საშინაო მატჩში, „უდინეზეს“ წინააღმდეგ, შეწყვიტა და გახსოვთ, როგორ აღნიშნა ის გოლი, როგორი ემოციითა და ფანებთან გადაჯაჭვული ნეაპოლური სიგიჟით?!

ეს ქვეთავი მოკლედ რომ შევაჯამოთ: „კვარას“ ცხოვრებაში ახლა უმნიშვნელოვანესი და უბედნიერესი პერიოდია, მალე მამა პირველად უნდა გახდეს, ის დიდი საქმეების კაცია და როცა ასეთი გიგანტური სტიმული გაქვს, თანაც, იმ გარემოში, სადაც შენზე გიჟდებიან, ეს უდიდესი ბონუსია, ეს დიდი საქმეები იმაზე მაგრად აკეთო, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. თანაც, უკვე დალაგებულ გუნდში, რომელსაც უმაღლესი დონის მწვრთნელი და კარგად გამართული სათამაშო სტრუქტურა აქვს. ცხადია, არავის აქვს გარანტია, რომ „ნაპოლი“ აუცილებლად ასეთი იქნება, მაგრამ კონტეს თუ საქმის გაკეთებაში ხელს არავინ შეუშლის, განსაკუთრებით კი მისტერ პრეზიდენტი - დონ აურელიო დე ლაურენტისი, ვიტყოდი, რომ ამის 80-90%-იანი გარანტია არსებობს, რადგან „კონტისიმე“ ეგეთი მწვრთნელია, რომ სადაც მიდის, ყველგან თავის ნიშანს ტოვებს.

მოკლედ, ხვიჩას ნეაპოლში ყველაფერი აქვს, რომ თავი ბედნიერად იგრძნოს, სწრაფად გახდა „მათიანი“ და მათაც სწრაფად მიიღეს, რაც თანდათან უპირობო სიყვარულში გადაიზარდა. შემთხვევითი არაა, მარადონას მურალის შემყურე ერთ-ერთმა ტიფოზმა, ლუიჯი ანჯელომ რომ მითხრა: „თუკი ხვიჩა აქ რამდენიმე წელი დარჩება, ამ ქალაქში მეორე მურალი გვექნება“.

არ ვიცი, ლუიჯი ანჯელომ „რამდენიმე წელი“-ში კონკრეტულად რამდენი წელი იგულისხმა, აღარ ჩავძიებულვარ და არც ის ვიცი, აუცილებლად ექნება თუ არა ნეაპოლს მეორე დიდი კაცის მურალი, მაგრამ ფაქტი ერთია, თუკი „კვარავაჯოს“ ექნება კიდევ ერთი ღვთაებრივი სეზონი, რომელიც ტიტულით ან რომელიმე განსაკუთრებული მიღწევით გაფერადდება, რა უნდა მოხდეს, რომ სულ რომ მომავალ ზაფხულს გუნდიდან წავიდეს, კვარაცხელია ამ ქალაქში ვინმეს ოდესმე გადაუყვარდეს?!..

„კონტემ ყველაზე კარგად იცის, რა მარგალიტი ჰყავს“ - რა როლი ექნება ახალ „ნაპოლიში“

„კონტე ყოველთვის ნათლად უსვამდა ხაზს, რომ თავისი გუნდი დი ლორენცოსა და კვარაცხელიას გარეშე არ წარმოედგინა. იგი კმაყოფილი დარჩა, როცა ორივე ბაზაზე იხილა და ღიმილიანად მიესალმა. ქართველი ახალ სეზონში ლიდერის როლს მოირგებს და ტაქტიკური პროექტის მთავარი დასაყრდენი იქნება. ოსიმენი წასასვლელად მზადაა, „კვარა“ კი მისგან მთავარ როლს გადაიბარებს. „ნაპოლი“ ახალ სეზონში კვარაცენტრული იქნება“, - წერდა Gazzetta dello Sport-ი 26 ივლისს.

ნებისმიერი ფეხბურთელის შემთხვევაში, სათამაშო დონისა თუ სხვა მახასიათებლების მიუხედავად, ტრანსფერის შემდეგ, არსებობს შანსი, რომ გუნდის თამაშს, სისტემას, მოწყობასა თუ, უბრალოდ, თანაგუნდელებს ბოლომდე კარგად ვერ მოერგოს ან ამისთვის გარკვეული დრო მაინც დასჭირდეს.

„ნაპოლიში“ დარჩენა ამ მხრივაც დადებითი ამბავია, რომ მას მოუწევს ყოფნა იმ გუნდში, რომელშიც კარგადაა ჩამჯდარი და სათამაშო სისტემაც მის გარშემო ეწყობა. კონტეს ფორმაციის „ნაპოლი“ არ იქნება ისეთი, როგორიც გასული სეზონის გუნდები იყო, როცა იყო მატჩები, რომლებშიც ვერაფერს გაიგებდი, რისთვის იყო გუნდი საერთოდ მოედანზე.

„ხვიჩას თამაში გასულ სეზონში კარგად შევისწავლე და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. კონტემ კი იცის, თავის მოთამაშეებზე ფუნქციონალი სწორად როგორ გადაანაწილოს და მას საშუალება ექნება, ნეაპოლში მთელი რესურსი გამოიყენოს და თავი გუნდს მიუძღვნას“, - ეს ფაბიო კანავაროს 16 ივლისის კომენტარია.

ამ საშინელი პერიოდებისა და მატჩების ფონზე, ხვიჩას 2023-24 წლების სერია A-ში 11 გოლი და 6 ასისტი ჰქონდა, რაც მის საჩემპიონო სეზონის სტატისტიკაზე (12 გოლი და 10 ასისტი) 1 გოლითა და 4 ასისტით ნაკლებია. ასეთ სეზონშიც კი, კვარაცხელია ახერხებდა შედეგი დაედო, სხვა საკითხია, რომ გუნდი სრულად იყო მოშლილი და მისი, ოსიმენისა (15 გოლი და 3 ასისტი) და პოლიტანოს (8 გოლი და 7 ასისტი) მეტ-ნაკლებად ნორმალური თამაშის მიუხედავად, ევროტურნირებზე გასვლაც ვერ შეძლო, რაც მუდმივი რყევებით, მწვრთნელის 3-ჯერ გამოცვლითა და არეული შიდა ატმოსფეროთი აიხსნება. აქვე, გადავავლოთ თვალი კვარაცხელიას ყველა საგოლე კონტრიბუციას 2023-24 წლების სეზონის სერია A-ში.

რა თქმა უნდა, ამ სტატისტიკების მოყვანისა და ვიდეოს ჩვენების მიზანი ის არაა, რომ „კვარას“ პასუხისმგებლობა ავარიდო, „ნაპოლის“ ცუდ სეზონზეც თავისი კონკრეტული მასშტაბის პასუხისმგებლობა მასაც აქვს და ამას ვერავინ უარყოფს, მით უმეტეს, როცა ლაპარაკობ ამ მასშტაბის ფეხბურთელზე, რომელსაც გუნდზე ასეთი გავლენა აქვს. უბრალოდ, ვამბობ იმას, რომ საშინელ სეზონშიც კი რესპექტაბელური პირადი შედეგები ჰქონდა, რაც მიუთითებს იმაზე, რამდენად კარგად არის გუნდს, გარემოსა და ჩემპიონატს მორგებული.

„რომასა“ და „ტორინოს“ ყოფილი ფეხბურთელი, ლუიჯი გარძია, კონტეს მსგავსად, ლეჩეშია დაბადებული და ამ ქალაქის გუნდში, „კონტისიმესთან“ ერთად, 1985-1991 წლებში თამაშობდა, Areanapoli-სთან საუბრისას აღნიშნავს:

„მე და ანტონიო დიდი მეგობრები ვართ. ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე და მისი საფეხბურთო ხედვა კარგად ვიცი. დარწმუნებული ვარ, „ნაპოლის“ სახით, ძლიერ და კონკურენტუნარიან გუნდს შექმნის.

ასევე, თქვენ გაინტერესებდათ, შეიცვლებოდა თუ არა კვარაცხელიას როლი, რაზეც გეტყოდით, რომ არა! კონტე თავის ფეხბურთელებს არ ამახინჯებს, არამედ, მათ პროგრესში უწყობს ხელს. ქართველი შემტევი მისთვის ფასდაუდებელი მარგალიტია და ეს ყველაზე კარგად თავად იცის“.

ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ, როცა თითქმის ყველა იტალიური გამოცემა წერს და ეს ისედაც ლოგიკურია, რომ კონტე გუნდს „კვარას“ გარშემო ააწყობს, ქართველის როლი კიდევ უფრო დიდი იქნება და იგი „ნაპოლის“ მთავარი დამრტყმელი ძალა გახდება. ლუკაკუ იქნება ეს თუ სხვა, ფუნქციად ექნება, რომ კვარაცხელიას მეტი თავისუფლება შეექმნას და სათამაშო არეალი გაეზარდოს ისე, რომ თავისი მთავარი იარაღები - სისწრაფე, ტექნიკა, ჯანი და ინტელექტი მხოლოდ მეტოქის კარისკენ მიმავალი გზების ძიებისკენ მომართოს.

„კვარაცხელია განსაკუთრებული ფეხბურთელია და ანტონიოს ის ძალიან მოსწონს. იგი მას ისეთ პოზიციაზე დააყენებს, რომ კარის წინ ხშირად აღმოჩნდეს და გოლის გატანის შანსიც ხშირად შეექმნას. ჩემი აზრით, ქართველი შემტევი, კონტეს ხელში, თავიდან დაიბადება“, - განაცხადა Kiss Kiss Napoli-სთვის მიცემულ ინტერვიუში კონტეს მეგობარმა და „ნაპოლისა“ და „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, მიკელე პადოვანომ.

ამ სტატიაში ხვიჩას ნეაპოლში დარჩენის მთავარი დადებითი მხარეები მიმოვიხილეთ, თუმცა, ცხადია, ყველას გვაინტერესებს, კონკრეტულად როგორი იქნება კონტეს „ნაპოლის“ სათამაშო სისტემა და როგორი იქნება იქ „კვარას“ როლი. ამ თემაზე სტატიას სერია A-ს დაწყებამდე შემოგთავაზებთ და მიმოვიხილავ 5 სხვადასხვა შესაძლო სქემაში ქართველის ფუნქციონალურ და სათამაშო დატვირთვას.

გაზიარება: