კილიან მბაპე, კარლო ანჩელოტი, ტონი კროოსი, ვინისიუს ჟუნიორი, ლუკა მოდრიჩი, როდრიგო გოეში, ფედე ვალვერდე, ჯუდ ბელინგემი
Aa Aa

ანალიზი: ახალი კროოსი და ახალი როლები | ანჩელოტი ტაქტიკას ცვლის

ტონი კროოსის კარიერის დასრულებამ მადრიდის „რეალს“ ტაქტიკურად ცვლილებების განხორციელება აიძულა. კარლო ანჩელოტი არც მალავს, რომ 2024/25 წლების სეზონიდან გუნდის თამაშში სიახლეები იქნება.

ესპანური პრესა აქტიურად განიხილავს, თუ როგორი იქნება ახალი „რეალი“, რომელიც სეზონს მინუს კროოსით და პლუს მბაპეთი დაიწყებს.

მსგავსი სტატია 2023 წლის ზაფხულშიც შემოგთავაზეთ (ნახეთ ბმულზე), სადაც ანჩელოტის მხრიდან რომბულ 4-4-2-ზე გადასვლა დაგიანონსეთ, რაც შემდგომში ზუსტად ასე მოხდა. ამჯერად გენიალური იტალიელი მორიგ სიახლეებს გვიმზადებს და დღეს სწორედ ამაზე გესაუბრებით.

თავდაპირველად აღსანიშნავია ის, რომ კარლო ანჩელოტიმ უკვე დაადასტურა - „რეალი“ წელს მეტ ტრანსფერს აღარ განახორციელებს.

„შემადგენლობა შევსებულია. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მეტი ტრანსფერი არ განხორციელდება. ვალეხო დაბრუნდა, დავიდ ალაბა რეაბილიტაციას გადის. ჩვენ ვაფასებთ ჩვენი აკადემიის მოთამაშეებს და მათ ვენდობით. ვფიქრობ, გუნდიდან არავინ წავა და რადგან ეს არავის სურს. ჩვენ შესანიშნავი შემადგენლობა გვყავს და მზად ვართ.“

რა შეიცვლება „რეალში“? პირველი და ყველაზე საინტერესო ნახევარდაცვის ხაზია, რომელშიც რამდენიმე მოთამაშეს როლები შეეცვლება.

ახალი როლები - რა იცვლება რეალის ცენტრში?

ტონი კროოსის ადგილს ახალი სეზონიდან ფედე ვალვერდე დაიკავებს. მადრიდულმა Marca-მ ეს ინფორმაცია დაადასტურა.

ანჩელოტი ცენტრში 2 მნიშვნელოვან ცვლილებას გეგმავს. თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ „სამეფო კლუბი“ რომბისებრი 4-4-2 სქემას ახალი სეზონიდან ნაკლებად გამოიყენებს. ეს ხშირად ვეღარ მოხდება იმიტომ, რომ გუნდში აღარ არის კროოსი და „ბლანკოსს“ უკვე დაემატა მბაპე.

„პაპა კარლო“ გერმანელის შემცვლელად ურუგვაელს ხედავს, რომელსაც 4-4-2-ში უფრო შეტევაში თამაში და ბურთთან მეტი შეხება ერჩივნა, თუმცა ის უნივერსალია და მრავალფეროვნებით გამოირჩევა, ამიტომ ანჩელოტიმ არჩევანი მასზე შეაჩერა.

ახალი სეზონიდან უფრო ღრმად იმოქმედებს ჯუდ ბელინგემი, რომელიც ცრუ ცხრიანისა და მე-4 ნახევარმცველის როლს ნაკლებად მოირგებს და ძირითადად ნახევარდაცვის ცენტრში 6 და 8 ნომრის პოზიციაზე მოქმედება დაევალება. ბურთის ამოტანა, კონტროლი და შემდეგ იერიშების განვითარება. შეიძლება ითქვას, ინგლისელს ამ სეზონში უფრო მეტად მოუწევს შრომა და მისი როლიც მეტად გაიზრდება, რადგან კროოსის წასვლა და მოდრიჩის მუდამ თადარიგში ყოფნა ბევრ პრობლემას გამოიწვევს.

ამრიგად, ნახევარდაცვაში ვალვერდესა და ბელინგემის ახალ როლებს ველით. ფედე კი უკვე გუნდის 4 კაპიტნიდან ერთ-ერთია. 2024/25-ის სეზონში „სამეფო კლუბის“ კაპიტნები კარვახალი, მოდრიჩი, ვასკესი და ვალვერდე იქნებიან.

ანჩელოტის თადარიგში მოდრიჩი, კამავინგა და სებალოსი ეყოლება. ასევე ენდრიკი და არდა გიულერი, რომელსაც ერთბაშად რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში.

მიუხედავად ამ ცვლილებებისა, „რეალს“ თავისი ძველი და გამოცდილი, შედეგის მომტანი 4-4-2-ის გამოყენებაც შეეძლება, თუ ამის საჭიროება გახდება. მათი შემადგენლობა კვლავ ღრმა და საინტერესოა. ფლორენტინო პერესმა წლების განმავლობაში ისეთი ტრანსფერები განახორციელა, რომლის შედეგადაც გუნდში უნივერსალმა მოთამაშეებმა მოიყარეს თავი, რაც მწვრთნელს ტაქტიკურად მეტ არჩევანს აძლევს.

ახალი სეზონიდან გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, გაზრდილი როლით სწორედ მთავარი უნივერსალი ფედე ვალვერდე იქნება, რომელიც 2023/24 წლების სეზონში ასეთი სტატისტიკით იყო.

კიდევ უფრო საინტერესოა ვალვერდეს გადაადგილებები მოედანზე და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი მინდვრის კონკრეტულ არეალში.

ფედე ძირითადად აი ამ პოზიციებზე თამაშობს და შარშანაც ამ არეალში მოქმედებდა. მთელი სეზონის განმავლობაში საშუალოდ მატჩებში დაფიქსირებული შეფასებები საინტერესოა. ურუგვაელს ყველაზე მაღალი შეფასება ნახევარდაცვაში უფრო მარჯვენა მხარეს და შეტევაში მოქმედების დროს ჰქონდა (7.26), თუმცა ცუდი არც ცენტრში სიღრმიდან მოქმედების დროს იყო (7.16, 7.23) და კარგ შეფასებასთან ერთად ყველაზე მეტი 2 გოლი და 6 ასისტიც ჰქონდა. მარჯვენა გარემარბად აწევის დროს მისი შეფასება იკლებს და 6.65 ხდება.

აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა, ანჩელოტიმ იცის რასაც აკეთებს და ვალვერდეს ახალი როლისთვის ამზადებს.

54 მატჩი გასულ სეზონში და ლა ლიგის 38 ტურიდან გამოტოვებული მხოლოდ 1, ისიც ბოლო, როცა ყველაფერი გადაწყვეტილი იყო - ფედემ ითამაშა აბსოლუტურად ყველაფერი, რაც აჩვენებს იმ ნდობას, რომელიც ანჩელოტის ურუგვაელის მიმართ აქვს.

რეალის სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა ასეთი უნდა იყოს

მოსალოდნელი პრობლემები

პირველ რიგში პრობლემებს „რეალის“ დაცვის ხაზში თუ ვივარაუდებთ, რადგან გუნდში ნომინალური ცენტრალური მცველი ამჟამად მხოლოდ 3 არის - რუდიგერი, მილიტაო და ხესუს ვალეხო. დავიდ ალაბა 2025 წლამდე მოედანს ვერ დაუბრუნდება. სეზონის პირველი წრის ჩატარება მადრიდელებს სამი მცველით მოუწევთ.

ტრავმების ან დისკვალიფიკაციის შემთხვევაში, დაცვის ცენტრში აურელინ ჩუამენის გამოჩენასაც უნდა ველოდოთ, რომელმაც გასულ სეზონში ეს როლი რამდენიმე შეხვედრაში არც ისე ცუდად მოირგო.

რა თქმა უნდა, რისკები არის ნახევარდაცვის ხაზში რადგან კროოსის დონის ფიგურის წასვლა ყოველთვის მტკივნეულია. ლუკა მოდრიჩი 38 წლის არის და სექტემბერში 39-ის ხდება. ხორვატის სათამაშო დონე სეზონიდან სეზონამდე იკლებს და ეს ასაკიდან გამომდინარე ლოგიკურია. „რეალს“ გადაწყობა და ფეხბურთელებისთვის ახალი როლების მიცემა უწევს, რაც წინასწარ ვერაფრის გარანტიას იძლევა. რაც აშკარა და მოსალოდნელია არის ის, რომ „ლოს ბლანკოსი“ ახლა მეტად შეუტევს და აქცენტი ვინისიუსი-მბაპე-როდრიგოს ტრიოზე გაკეთდება.

ვინისიუსი შიმშილს ახალ სეზონშიც გრძნობს

ბრაზილიელმა ცოტა ხნის წინ, ახალი სეზონის გეგმებზე Marca-სთან ისაუბრა.

„მინდა მოვიგო მეტი თასი, ვიდრე გასულ სეზონში, გავიტანო მეტი გოლი, გავაკეთო მეტი საგოლე პასი და გავაგრძელო განვითარება, რადგან ჯერ მხოლოდ 24 წლის ვარ.

უკვე ექვსი წელია, რაც აქ ვარ, მაგრამ არასდროს მომბეზრდება იმის ყურება, თუ როგორ გაატარებს ლუკა მოდრიჩი კიდევ ერთ სეზონს ჩვენთან ერთად. ყოველთვის კარგია და სასიამოვნოა, როცა მისი მსგავსი და სხვა ფეხბურთელებისგან ბევრ რამეს სწავლობ. რა თქმა უნდა, მბაპესთან ერთად თამაშსაც მოუთმენლად ველი“.

- ამბობს ვინი.

რას ფიქრობთ თქვენ ახალ „რეალზე“? რა მოლოდინები გაქვთ მათგან 2024/25 წლების სეზონში? დაწერეთ კომენტარები და დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია.

გაზიარება: