კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

რომბის დაბრუნება? ვინის ახალი როლი - ანჩელოტი ტაქტიკას ცვლის

მიმდინარე ზაფხულში მადრიდის „რეალისა“ და კილიან მბაპეს სატრანსფერო საგა გრძელდება. ჯერჯერობით კვლავ უცნობია, თუ სად გააგრძელებს კარიერას ფრანგი - „სამეფო კლუბში“, თუ ინგლისის პრემიერ ლიგაში?

სანამ ყველაფერი გაირკვევა, ჟურნალისტები კარლო ანჩელოტის მოსვენების საშუალებას არ აძლევენ და მბაპეს თაობაზე უამრავ კითხვას უსვამენ. ამერიკულ შეკრებაზე მყოფი ანჩელოტი ამ კითხვის წინაშე კვლავ აღმოჩნდა და ასეთი პასუხი გასცა:

„ჩვენ ფორვარდები საკმარისად გვყავს. შემადგენლობა სრულად არის დაკომპლექტებული. ახალ სეზონში წინ ყველაფერი კარგი გველის. ახალწვეულებმა ხოსელუმ და ბრაიმ დიასმა გვაჩვენეს, რომ გუნდის წინსვლაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ. რეალს აქვს ყველაფერი, რომ გოლები გაიტანოს“.

ნიშნავს ეს იმას, რომ ანჩელოტი მბაპეს გარეშე თამაშს განიხილავს და სათადარიგო გეგმისთვის ემზადება? რომელიც შესაძლოა ახალ სეზონში N1 გეგმაც კი გამოდგეს...

ანჩელოტი რომბს აბრუნებს?

მთელი მიმდინარე წინასასეზონო მატჩების განმავლობაში ანჩელოტი თავისი ძველი ფავორიტი სქემის რომბისებრი 4-4-2-ის დაბრუნებას გეგმავს, რომელსაც „მილანში“ მუშაობის დროს წარმატებით იყენებდა. „რეალმა“ ამ სისტემით უკვე 3 მატჩი ჩაატარა.

ამერიკულ ტურნეში ვინისიუსმა უფრო მეტად წინ და ცენტრისკენ თამაში დაიწყო. მეტად შედის ბურთით ცენტრალურ ზონაში და ფორვარდის როლს ირგებს. შეტევაში კი მისი მეწყვილე როდრიგო ან ხოსელუ არიან.

ანჩელოტიმ ვინისიუსის ახალ როლზე ისაუბრა:

 

„მისი უფრო მეტად ცენტრისკენ თამაში ეს არის საკითხი, რომელიც ჩვენ უნდა შევაფასოთ. პირადად ვინის უფრო ცენტრისკენ მოქმედება ძალიან მოსწონს. ის აკეთებს განცხადებას, რომ მეტი გოლის გატანა შეუძლია. მან ეს გვიჩვენა და კარგად ითამაშა ბარსელონასთან, იუნაიტედთან და მილანთან, სადაც შეეძლო უფრო ზუსტიც ყოფილიყო“.

როგორი იქნება „რეალის“ შემადგენლობა რომბისებრი 4-4-2-ით? კურტუას წინ 4 მცველი იქნება. მთავარი კი ნახევარდაცვის ხაზია, სადაც რომბისებრ განლაგებული 4 ნახევარმცველი იმოქმედებს.

საყრდენ ზონაში ან ჩამშლელი ან რეჯისტა ითამაშებს. ანუ ჩუამენი ან კროოსი. ოდნავ წინ და ოდნავ ფლანგებისკენ 2 ნახევარმცველი იმოქმედებს - სავარაუდოდ მოდრიჩი და ვალვერდე, თუმცა მათ კონკურენციას კამავინგა გაუწევს. ყველაზე წინ და ფორვარდების უკან ჯუდ ბელინგემი იდგება.

და 2 ფორვარდი - ვინისიუსი როდირგოს დუეტი. როტაციაში ხოსელუსაც ვიხილავთ და რიგ მატჩებში შესაძლოა სასტარტოშიც კი. ამ სქემაში წინ თამაში ბრაიმ დიასსა და ემრე გიულერსაც შეუძლიათ. ისევე როგორც ნახევარდაცვის ხაზში.

ამრიგად, „რეალი“ მთელი წინასასეზონო ტურნე ახალ სქემას ამუშავებს, რაც ავტომატურად მბაპეს შესაძლო ვერშეძენისთვის სამზადისს ნიშნავს. თუ, კლუბმა კილიანი გაიფორმა, დიდი ალბათობით 4-3-3-ს დაუბრუნდებიან.

რისკები და შედეგები

ამ სქემაში მთავარი მოქმედი პირი ნახევარდაცვასთან ერთად ვინისიუსი უნდა იყოს, რომელსაც უფრო სიღრმიდან თამაშისას ბურთთან ნაკლები შეხება მოუწევს, ვიდრე ამას ფლანგზე აკეთებს ხოლმე და კარიდან მეტად მოშორებით იქნება, მეტი მეურვის გარემოცვაში.

ფლანგზე თამაშისას ყველამ კარგად ვიცით რა შესაძლებლობებსაც ფლობს ბრაზილიელი და მის გაჩერებას მინიმუმ 2 მცველი სჭირდება, რაც ხშირად არასაკმარისი არის ხოლმე.

ფეხბურთში ხშირად არის ხოლმე, რომ მწვრთნელებს მათი ლიდერებისთვის პოზიციის შეცვლა და უფრო ცენტრისკენ გამოყენება სურთ, რათა თამაშზე მათი გავლენა გაზარდონ.

სავარაუდოა, რომ ვინისიუსი ორივე როლში კარგი იქნება. ამ ყველაფერს დიდ მატჩებში მისი გამოცდის ხილვის შემდეგ გავიგებთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ახლო მეგობრები არ მყავს, ფეხბურთი საკმარისია“ - მე კევინ დე ბრუინი ვარ
“ახლო მეგობრები არ მყავს, ფეხბურთი საკმარისია“ - მე კევინ დე ბრუინი ვარ