„რონალდუ ითამაშებს, საქართველო შესანიშნავი ნაკრებია“
ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში საქართველო პორტუგალიას დაუპირისპირდება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მედიასთან ჟოაუ ფელიქსმა (იხილეთ) და მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა ისაუბრეს.
რობერტო მარტინესი: „საქართველომ ძალიან საინტერესო ითამაშა, შესანიშნავი გუნდია, თურქეთს კარგი კონკურენცია გაუწიეს. საქართელო ძალიან კარგი ნაკრებია, დაცვაში 5 მცველით თამაშობს, მაგრამ ფეხბურთელები ინდივიდუალური მახასიათებლებით გამოირჩევიან და ამისთვის მზად ვიქნებით. გვსურს მესამე მატჩიც მოვიგოთ და ჯგუფი 9 ქულით დავასრულოთ.
სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებები იქნება, მაგრამ ეს არ იქნება რევოლუციური ცვლილებები. არ მინდა სიტყვა რევოლუცია ვიხმარო.
კრიშტიანუ რონალდუ და მეკარე დიეგო კოშტა ითამაშებენ, მეკარის შეცვლა არ მიყვარს. შესაძლებელი რომ იყოს 23-ვე ფეხბურთელს ვათამაშებდი''.
შეგახსენებთ, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე რონალდუსთან დაკავშირებით კვარამ შემდეგი კომენტარი გააკეთა: ,,რონალდუს წინააღმდეგ თამაში? არ ვღელავ, პირიქით, ბედნიერი ვარ. ვოცნებობდი მის წინააღმდეგ ან მასთან ერთად თამაშზე. კარგად დაემთხვა, რომ ის ჩვენს ჯგუფში მოხვდა. იმედი მაქვს, ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დასრულდება და მისი მაისურიც ჩემკენ წამოვა''.
ევრო 2024-ის პირველ შეხვედრაში თურქეთმა საქართველოს 3:1 მოუგო, შემდეგ ჩეხეთი-საქართველოს მატჩი 1:1 დასრულდა. ორი ტურის შემდეგ პორტუგალია 6 ქულით ლიდერია, თურქეთის აქტივში 3 ქულაა, ჩეხეთმა და საქართველომ თითო-თითო ქულა მოიპოვეს.
მესამე ტურში საქართველოს ნაკრები გელზენკირხენში პორტუგალიას დაუპირისპირდება (26 ივნისი, 23:00), ჩეხეთი - თურქეთს (26 ივნისი, 23:00).