ჟოაუ ფელიქსი: ქართველები პატრიოტები არიან, არ ნებდებიან
ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში საქართველო პორტუგალიას დაუპირისპირდება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟოაუ ფელიქსმა მედიასთან ისაუბრა.
- რამდენად კარგად იცნობთ საქართველოს ნაკრებს და რა მოლოდინი გაქვთ? განიხილეთ თუ არა გასულ წელს საქართველოსა და პორტუგალიის 21-წლამდე ნაკრებების მატჩი? ეს შეხვედრა იყო განხილვის თემა?
- ვნახეთ მათი ძლიერი მხარეები. განვიხილეთ მათი თამაში. საკმაოდ კონკურენტურიანი გუნდია, ქართველი მოთამაშეები არ ნდებდებიან, პატრიოტები არიან. ბოლომდე ითამაშებენ. საქართველოს ნაკრებთან თამაში მარტივი არ იქნება.
- თქვენგან უფრო მეტს ელოდნენ. როგორ უმკლავდებით იმ რეალობას, რომ შესაძლებლობებს მაქსიმალურად ვერ ავლენთ?
- ყოველდღე უფრო და უფრო მეტად ვემზადები, რომ ყველაფერს გავუმკლავდე. ზოგჯერ ჩემი პროფესიონალიზმის მიმართ კითხვის ნიშნებია. ძალიან ცოტა რამ მაბრაზებს. ყველაზე მეტად მაბრაზებს ის სიახლეები, რომ მე მთავარ მწვრთნელს ვეწინააღმდეგები. კარიერის განმავლობაში ბევრი ადამიანია, რომელსაც ჩვენთვის კარგი უნდა, თუმცა უფრო მეტია ისეთი, ვისაც ჩვენთვის ცუდი უნდა. ეს ყველაზე მეტად მაღელვებს.
- როცა სამი თვის წინ ვისაუბრეთ, თქვენ თქვით რომ რობერტო მარტინესისგან ნდობა იგრძენით. შემდეგ როგორ აისახა თქვენს ურთიერთობაზე ის ფაქტი, რომ გასულ ორ მატჩში არ გათამაშათ?
- მთავარ მწვრთნელთან პრობლემა არ მაქვს. ჩემი კარიერის განმავლობაში სკამზე ბევრჯერ ვმჯდარვარ. მთავარ მწვრთნელს უნდოდა ჩემთან საუბარი, მაგრამ შემდეგ ნათელი გახდა, რომ ერთმანეთს ვენდობით და ვუთხარი, რომ როცა საჭირო ვიქნებოდი, მაშინ ვითამაშებდი. თუ ხვალ ვითამაშებ, იმედი მაქვს შევძლებ ნაკრებს დავეხმარო.
შეგახსენებთ, ევრო 2024-ის პირველ შეხვედრაში თურქეთმა საქართველოს 3:1 მოუგო, შემდეგ ჩეხეთი-საქართველოს მატჩი 1:1 დასრულდა. ორი ტურის შემდეგ პორტუგალია 6 ქულით ლიდერია, თურქეთის აქტივში 3 ქულაა, ჩეხეთმა და საქართველომ თითო-თითო ქულა მოიპოვეს.
მესამე ტურში საქართველოს ნაკრები გელზენკირხენში პორტუგალიას დაუპირისპირდება (26 ივნისი, 23:00), ჩეხეთი - თურქეთს (26 ივნისი, 23:00).