ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი მერებაშვილი
Aa
Aa

“კვარა-ჩაკვე შეუდარებელი დუეტია, მაგრამ მათ დაშლას მწვრთნელი წყვეტს“

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გიორგი მერებაშვილმა, რომელიც ამჟამად სამწვრთნელო კარიერის საწყის ეტაპზეა, CrystalSport-თან ინტერვიუში ვილი სანიოლის გუნდზე ისაუბრა.

- ვლადიმირ ვაისის ფორმაციის ნაკრებსა და დღევანდელ ნაკრებს შორის განსხვავება შთამბეჭდავია. ვაისის დროს ნაკრებში იყავი და კარგად იცი იმ პერიოდის შიდა ამბები, დღეს უკვე მწვრთნელის თვალით უყურებ ფეხბურთს. რა ფაქტორებში ხედავ ყველაზე დიდ პროგრესს სანიოლის ფორმაციის ნაკრებში?

- ჩემთვის ყველაზე თვალშისაცემი არის ის, რომ ნებისმიერ მეტოქესთან მოსაგებად გადიან, შებოჭილები არ არიან, მორიდებულად არ არიან და თითოეულ თამაშში გამარჯვებისთვის იბრძვიან. მნიშვნელობა არ აქვს, ეს პორტუგალიაა, თურქეთი თუ უფრო დაბალი დონის გუნდები.

 ჩეხეთთან მატჩში გამოჩნდა, რომ მიუხედავად ამხელა წნეხია და პირველი ევროპის ჩემპიონატია და შესაძლოა კმაყოფილები უნდა ვიყოთ, ამის მიუხედავად უკმაყოფილოები ვართ და ფეხბურთელებს სურთ ყოველი თამაში მოიგონ, ბოლომდე დაიხარჯონ და ქართველი გულშემატკივრები გაგვახარონ.

- თურქეთთან მატჩში იყო მომენტები, როცა კვარა არათუ მოკლე მონაკვეთში, სივრცეში ერთ-ერთზე მეტოქის მცველს ვერ ატყუებდა. კარგად ვიცით, რომ ეს მას შეუძლია და ბევრჯერ გაუკეთებია. შენ როგორც უკვე დამწყები მწვრთნელი, ასეთ მომენტებს რითი ახსნი, რა შეიძლება იყოს განმაპირობებელი მიზეზები? მაგალითად, ახლახან ომარ თეთრაძემ თქვა, რომ კვარა ფეხბურთზე მეტად ტრანსფერზე ფიქრობს და კვარას ცუდი თამაში ამითაა განპირობებული.

- თეთრაძეს ვერ დავეთანხმები. არ მგონია, რომ კვარა ამ ეტაპზე უფრო მეტად ტრანსფერზე ფიქრობდეს ვიდრე ნაკრების წარმატებასა და ნაკრების თითოეულ წარმატებაზე.

ლოგიკურია, როცა ისვენებს და ოთახშია, ბუნებრივია ტრანსფერზე იფიქრებს, ესეც იმიტომ, რომ სად ჯობია მისი კარიერა გაგრძელდეს, რომ ისევ საქართველოს ნაკრებს გამოადგეს. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ დარწმუნებული ვარ კვარა უფრო მეტად ამ თამაშებზე ფიქრობს, რომ უფრო მეტად შედეგიანი იყოს და საქართველოს ნაკრებს გამოადგეს.

რაც შეეხება თურქეთთან მატჩს, როგორც აღვნიშნე პირველი ევროპის ჩემპიონატია, დიდი წნეხია, ყველას დიდი ემოციები გვაქვს მოზღვავებული და არც კვარა იქნება გამონაკლისი. დარწმუნებული ვარ, თვითონ ყველაზე მეტად უნდოდა, რომ უფრო კარგად ეთამაშა ვიდრე რომელიმე ჩვენგანს წარმოედგინა. შესაძლოა, ზედმეტად მონდომებულიც იყო და თამაში არ გამოგივიდეს. ასეთი რაღაცებიც ხდება. პლუს ამას, ყველამ კარგად იცის კვარას შესაძლებლობები ევროპასა და მსოფლიოში. ცდილობენ მის წინააღმდეგ მაქსიმალურად ხისტად ითამაშონ. არის მომენტები, როცა შესაძლოა კარგად ვერ ითამაშო, ეს არამარტო კვარას, არამედ ძალიან ბევრ ცნობილ ფეხბურთელს ეხება. ბევრ ლეგენდას პრინციპულ თამაშში ცუდად უთამაშია. ჩეხეთთან უფრო უკეთ ითამაშა ვიდრე თურქეთთან. დარწმუნებული ვარ, უფრო მეტად კარგად პორტუგალიასთან ითამაშებს და თავისი თამაშით დაეხმარება საქართველოს ნაკრებს.

- კვარა-ჩაკვეს დუეტმა ყველაზე კარგად შოტლანდიასთან და ესპანეთთან იმუშავა, მაგრამ ახლა ჩაკვე უფრო მარჯვნიდან არის ხოლმე და კვარასა და ჩაკვეს შორის დიდი სივრცეა. როგორ ფიქრობ, რამდენად გამართლებულია ჩაკვეს უფრო მარჯვნიდან თამაში? ეს დუეტი ვეღარ მუშაობს ერთად ისე როგორც შოტლანდიასთან და ესპანეთთან იყო.

- ეს უფრო მეტად მწვრთნელის კომპეტენციაა, რომელ თამაშში რომელი ფეხბურთელის დაყენება სად ჯობია, რომელ თამაშში, რომელ პოზიციაზე და ასე შემდეგ.

მე როგორც რიგითმა გულშემატკივარმა შემიძლია ვთქვა ის, რომ რა თქმა უნდა კვარა-ჩაკვეს დუეტი ძალიან გამორჩეული და განსხვავებულია, ძალიან კარგად უგებენ ერთმანეთს, მაგრამ შესაძლოა მწვრთნელმა ჩეხეთის თამაში გაანალიზა. გარკვეულწილად ვეთანხმები, მეც ვამბობდი მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან, რომ ფიზიკურად ძალიან გაგვიჭირდებოდა, სტანდარტულებშიც გამოჩნდა ეს ყველაფერი. მეორე ტაიმში ფიზიკურად ძალიან დაგვჩაგრეს და აქედან გამომდინარე დაცვაში „ჩავჯექით'' და სწორედ ჩაკვესნაირი ფეხბურთელი გვჭირდებოდა, ვინც ბურთს დაიჭერდა და კონტრშეტევაზე ბურთს სწრაფად გადაიტანდა და მეტოქის კართან მომენტებს შექმნიდა. ზუსტად, ქოჩორას წამოწყებული ჩაკვემ გააგრძელა, ლობჟანას ძალიან მაგარი პასი გაუკეთა, რომელმაც სამწუხაროდ ვერ გაიტანა. რომ გაეტანა, ყველა ვიტყოდით, რომ ჩაკვეს მეორე ტაიმში შემოყვანა სწორი იყო, რომ ზუსტად ასეთი მომენტები გამოგვეყენებინა.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ კვარა-ჩაკვეს წყვილი შეუდარებელია, ნებისმიერ თამაშში ამ დუეტის დაშლა ცუდია, მაგრამ არის მატჩები, რომ მაგალითად ჩაკვე თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთოს, ეს უკვე მწვრთნელის გადასაწყვეტია. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მწვრთნელიც ადამიანია და შესაძლოა შეცდეს ან პირიქით, შეცვლა გამოიცნოს.

- როგორ ფიქრობ რატომ გამოიყვანა სანიოლმა ქვილითაია და არა ბუდუ. შენ რა ახსნას უძებნი სანიოლის ამ გადაწყვეტილებას?

 - შესაძლოა, მწვრთნელმა ცვლილება გამოიცნოს ან შეცდეს. შესაძლოა, ქვილითას შეეგდო გოლი და ყველა ვიტყოდით, რომ სწორი გადაწყვეტილებაა. ვერ გავიგეთ, რატომ გამოიყვანა ქვილითა და არა ბუდუ, მაგრამ ქვილითას რომ გაეტანა, ვიტყოდით რომ ცვლილებამ გაამართლა და ყველა ბედნიერები ვიქნებოდით. ასეც ხომ შეიძლებოდა მომხდარიყო? ჩემთვის რთულია ამ თემაზე საუბარი, თუმცა როგორც რიგითი გულშემატკივარი და დამწყები მწვრთნელი ვიტყვი, რომ ჩემთვის გაუგებარია ეს გადაწყვეტილება იმიტომ რომ ბუდუს ამ შემთხვევაში შესაძლოა უფრო მეტი სარგებელი მოეტანა, მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ ქვილითაც გამოცდილი ფეხბურთელია. შესაძლოა, ქვილითას გადამწყვეტი გოლი გაეტანა. ასე რომ ესეც მწვრთნელის გადასაწყვეტია.

ვფიქრობ, ბუდუს პორტუგალიისთვის ამზადებს და მაქსიმალურად დაასვენა, რადგან თავდამსხმელს ძალიან ბევრი სამუშაო ექნება, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. პორტუგალიასთან მეორე ნომრად უნდა ვითამაშოთ და ფორვარდი გვჭირდება, რომელიც ბურთს დაიჭერს.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მოგილოცოთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვართ და ასე კარგად გამოვდივართ. ვფიქრობ, ჩვენი ნაკრების გამოსვლა დადებითად უნდა შევაფასოთ, პირველ ქულას გილოცავთ. 26-ში პორტუგალიასთან რაც არ უნდა მოხდეს, ეს ბიჭები უკვე გმირები არიან. ქომაგებისთვის და ზოგადად მთელი ქვეყნისთვის ძალიან დიდი საქმე გააკეთეს.

როცა ჩეხეთთან მატჩს დავესწარი, სახლში ემოციებით სავსე დავბრუნდი. ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ ჩვენ ნაკრები ასე გაბედულად თამაშობს და გაბედულად დგამს პირველ ნაბიჯებს ევროპის ჩემპიონატზე, სადაც გამოუცდელები ვართ და ახლა ვხვდებით თუ სად ვართ... ეს ყველაფერი ძალიან დასაფასებელია. იმედი მაქვს, უფრო და უფრო წინ ვივლით.

დავტკბეთ ამ ყველაფრით. მესმის რომ ბევრი უკმაყოფილოა, ბევრი გამარჯვებას ელოდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მესმის მათი გულისწყვეტა და მნიშვნელოვანია უფრო და უფრო მეტი გვინდოდეს და ერთ ადგილზე არ გავჩერდეთ. ეს სურვილი და მონდომება ნამდვილად უნდა იყოს, მაგრამ იმასაც ნუ დავივიწყებთ, რამდენად დიდი გზა გავიარეთ აქამდე მოსასვლელად. ნაბიჯ-ნაბიჯ ყველამ უნდა ვისიამოვნოთ ამ შედეგით და წინსვლაზე ვიფიქროთ.

 

CrystalSport-ს გიორგი ჩაკვეტაძის მენეჯერი ლაშა ჯაკობიაც ესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ ჩაკვე მუდმივად სასტარტოში უნდა თამაშობდეს: „მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებებზე ბევრს არ ვისაუბრებ, მაგრამ ჩემი პირადი აზრია, რომ როდესაც გუნდში ჩაკვეტაძე გყავს, მას გამუდმებით ძირითადში უნდა აყენებდე. მხოლოდ მე არ აღვნიშნავ ამას, გიომ თურქებთან საოცრად კარგად იმუშავა და ეს მიუხედავად იმისა, რომ მისთვის უცხო პოზიციაზე, მარჯვენა ფლანგზე უწევდა ასპარეზობა''. (ვრცლად).

ევრო 2024-ის პირველ შეხვედრაში თურქეთმა საქართველოს 3:1 მოუგო, შემდეგ ჩეხეთი-საქართველოს მატჩი 1:1 დასრულდა. ორი ტურის შემდეგ პორტუგალია 6 ქულით ლიდერია, თურქეთის აქტივში 3 ქულაა, ჩეხეთმა და საქართველომ თითო-თითო ქულა მოიპოვეს. მესამე ტურში საქართველოს ნაკრები გელზენკირხენში პორტუგალიას დაუპირისპირდება (26 ივნისი, 23:00), ჩეხეთი - თურქეთს (26 ივნისი, 23:00).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები