გაბრიელ სიგუა, ფაბიო ჩელესტინი
Aa
Aa

ახსნას ვერ უძებნიან - სიგუას მორიგი ტრავმა ბაზელში

შვეიცარიის სუპერლიგის გასულ ტურში „ბაზელმა’’ შინ „ლოზანას’’ 2:0 მოუგო (იხილეთ). გამარჯვებულთა სასტარტოში გაბრიელ სიგუამ ითამაშა, პირველ ტაიმში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მეორე ტაიმში შეცვალეს, CrystalSport-ის ცნობით, მიზეზი კუნთის დაჭიმულობაა.

18 წლის ქართველი ტალანტი „ბაზელში’’ სადებიუტო სეზონს ატარებს, თუმცა ტრავმების გამო 10-ზე მეტი მატჩი გამოტოვა. შესაძლოა, გაბრიელმა „ბაზელის'' შემდეგი მატჩი გამოტოვოს.

ტრავმები „ბაზელში'' პრობლემაა. აპრილის დასაწყისში „ბაზელის’’ მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო ჩელესტინიმ სიგუაზე ისაუბრა და აღნიშნა რომ მისი ტრავმიანობით გაკვირვებული იყო.

ჩელესტინი: „გაბრიელ სიგუა 18 წლისაა და ამ სეზონში მყესი უკვე სამჯერ თუ ოთხჯერ გაიწყვიტა. ჩემი 17-წლიანი კარიერის განმავლობაში ასეთი დაზიანება სულ ერთხელ მქონდა. გვაქვს უამრავი საშუალება იმისთვის, რომ ვაკონტროლოთ ფეხბურთელების დატვირთვები და სწორედ ამიტომ მიჭირს ავხსნა, როგორ შეიძლება ასეთი რამ ხშირად ხდებოდეს’’.

შეგახსენებთ, გასულ ზაფხულში გაბრიელ სიგუა თბილისის „დინამოდან'' „ბაზელში'' გადავიდა, შვეიცარიულ კლუბში 17 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა. გაბრიელმა სამივე გოლი შვეიცარიის ჩემპიონატში შეაგდო, საგოლე პასი კი - თასის შეხვედრაში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები