ცვლილებაზე თავისი თავი შეიყვანა - ყენია ქართული გინებისთვის გააძევეს
გერმანიის რანგით მე-5 ლიგაში მოასპარეზე „უერდინგენის’’ მოთამაშე-მწვრთნელი ლევან ყენიაა. მთავარი მწვრთნელის მოხსნის შემდეგ ლევანი მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელია. ამავდროულად, რეგისტირებული ფეხბურთელია და თამაშის უფლება აქვს.
რანგით დაბალი ლიგის გუნდებს შორის თასის ტურნირები ტარდება, ¼-ფინალში „უედრინგენმა’’ შინ „ესენთან’’ საშინაო მატჩი 1:3 დათმო და თასის გათამაშებას დაემშვიდობა.
ლევან ყენიამ 78-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:2 იყო, თამაშში ჩართვა თავად გადაწყვიტა. მატჩის დარჩენილ დროში ყენიამ ორი ყვითელი ბარათი მიიღო, 84-ე წუთზე გააფრთხილეს, 89-ე წუთზე გააძევეს. მეორე ყვითელი ბარათი არასათამაშო ეპიზოდში მიიღო, როცა ქართულად შეიგინა, თუმცა ლევანმა მატჩის შემდეგ თქვა, რომ მსაჯის მისამართით არ უთქვამს.
მატჩის შემდეგ ლევან ყენიამ განაცხადა: „მეტოქის ფეხბურთელმა ტაქტიკური ჯარიმა აიღო, გავბრაზდი და ქართულად შევიგინე. არ ვიცი, მსაჯმა იცის ქართული? მსაჯის საწინააღმდეგოდ არაფერი მითქვამს’’.
ამ უცნაურ და სახალისო ამბავზე რამდენიმე გერმანულმა გამოცემამ დაწერა, ლევანის კომენტარი გერმანულმა Spox-მა გამოაქვეყნა.
საინტერესოა, რომ ლევანს „უერდინგენში'' გადასვლამდე კარიერაში წითელი ბარათი არ მიუღია, თუმცა რაც „უერდინგენში'' გადავიდა, უკვე მეორედ გააძევეს, პირველად წითელი ბარათი 2022 წლის 5 მარტს „რიოდინგჰაუზენთან'' მატჩში მიიღო (იხილეთ).
ამ სეზონში ლევან ყენიამ „უერდინგენის'' რიგებში გერმანიის რანგით მე-5 ლიგაში 14 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, გერმანიის დაბალი ლიგის გუნდების თასის გათამაშებაში ოთხ შეხვედრაში მის ანგარიშზე 1 საგოლე გადაცემაა.