ყენიას საგოლე პასი გერმანიაში - პირველი გაძევება კარიერაში
გერმანიის რანგით მეოთხე ლიგაში ''რედინგჰაუზენი'' შინ ''იურდინგენთან'' 0:1 დამარცხდა. გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში ლევან ყენია მოხვდა, რომელმაც მე-40 წუთზე საგოლე პასი შეასრულა. გოლიდან 4 წუთის შემდეგ ლევან ყენია მოედნიდან გააძევეს.
გერმანულ კლუბში ლევან ყენია მთავარი მწვრთნელის ასისტენტია. პარალელურად, გუნდის მოთამაშეა. მიმდინარე წელს 31 წლის ნახევარმცველმა 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მის აქტივში 1 საგოლე პასია.
დასავლეთ რეგიონალურ ლიგაში ''იურდინგენი'' ''ჰომბურგთან'' ერთად 16-16 ქულით ბოლო, მე-20 ადგილზეა.
ყენია კარიერის განმავლობაში იცავდა თბილისის ''ლოკომოტივის'', ''შალკეს,'' ლვოვის ''კარპატის,'' დიუსელდორფის ''ფორტუნას'', პრაღის ''სლავიას'', ლუქსემბურგის ''დუდელანჟისა'' და ''საბურთალოს'' ღირსებას.
2009-10 წლების სეზონში ყენიამ ''შალკეს'' მაისურით ბუნდესლიგაში 10 მატჩი ჩაატარა და გერმანიის ვიცე-ჩემპიონისთვის განკუთვნილი მედალი მიიღო. უდიდესი ტალანტის მქონე ფეხბურთელმა მძიმე ტრავმების გამო შესაძლებლობები ვერ გამოავლინა. მის კარიერული პროგრესიც და რეგრესიც ფელიქს მაგათთან მუშაობას უკავშირდება, ბუნდესლიგაში თამაშის შანსი სწორედ გერმანელმა სპეციალისტმა მისცა, თუმცა ტრავმის შემდეგ ასევე მაგათი იყო ის, ვინც დააჩქარა ყენიას მოედანზე დაბრუნება, ნაადრევად მიღებულმა მძიმე დატვირთვებმა კი ქართველი ტალანტის კარიერას უდიდესი დაღი დაასვა.
ლევან ყენიამ საქართველოს ეროვნულ გუნდში 29 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. უკანასკნელად ეროვნულ გუნდში 2016 წელს ვლადიმირ ვაისმა მიიწვია, 2016 წლის 27 მაისს ყენიამ სლოვაკეთის წინააღმდეგ ითამაშა და გოლი გაიტანა. ამ მატჩის შემდეგ ყენიას ეროვნულ ნაკრებში არ უთამაშია.