კვარა VS კოფი ჯიჯი - იურიჩი ხვიჩას შეჩერებას გალიის გარეშე გეგმავს
იტალიური La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, „ტორინოს’’ მთავარი მწვრთნელი ივან იურიჩი ხვიჩა კვარაცხელიას განეიტრალებას ე.წ. გალიის შექმნით არ აპირებს, ხორვატი სპეციალისტი მისი გუნდის მცველებს ენდობა. „ტორინოს’’ ფეხბურთელები კვარაცხელიას გასანეიტრალებლად განსაკუთრებული გეგმით არ ითამაშებენ. მოგეხსენებათ, ე.წ. გალიის შექმნისას ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ მეტოქის 2-3 ფეხბურთელი მოქმედებს, რაც საუკეთესო თვისებების გამოვლენას ძალიან ართულებს.
ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ კოფი ჯიჯი ითამაშებს, 31 წლის ფრანგი მცველი მის შეჩერებას შეეცდება და ეს ამ მატჩის ყველაზე საინტერესო დუელია. კოფი ჯიჯისთვის ქართველის წინააღმდეგ თამაში მარტივი არ იქნება, მით უმეტეს ამ მომენტში, როცა ხვიჩა კარგ ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და კარგ ფიზიკურ კონდიციაშია, მისი პროდუქტიულობის მაჩვენებელი მაღალია და „ნაპოლის’’ თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
2022-23 წლების სეზონში, როცა „ნაპოლიმ'' სკუდეტო მოიგო, ხვიჩა კვარაცხელიამ „ტორინოს'' ორივე შეხვედრაში გაუტანა, უფრო პროდუქტიული გასვლაზე იყო, როცა გოლის გატანის გარდა გუნდს საგოლე პასით დაეხმარა. ამ სეზონში, მე-19 ტურში „ტორინომ'' შინ „ნაპოლი'' 3:0 დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელმა და მისმა თანაგუნდელებმა ამ მატჩში ცუდად ითამაშეს, შედეგიც სახეზეა.
23 წლის ქართველმა გარემარბმა სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 25 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი შეასრულა. ჩემპიონთა ლიგაზე 7 მატჩი ჩაატარა, ჯგუფურ ეტაპზე ბერლინის „უნიონთან'' გასვლით შეხვედრაში თავი ბრწყინვალე საგოლე პასით გამოიჩინა.
ცნობისთვის, კვარაცხელია „ნაპოლის“ თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა (იხილეთ).
შეგახსენებთ, „ტორინოში'' საბა საზონოვი ირიცხება, თუმცა დიდი ალბათობით „ნაპოლისთან'' სასტარტოში ვერ მოხვდება, რადგან ალესანდრო ბუონჯორნო დაბრუნდა, ხოლო საბამ მთავარი კონკურენტის ტრავმით გამოწვეული უთამაშებლობა ვერ გამოიყენა, „სალერნიტანასთან'' და „რომასთან'' მნიშვნელოვანი სათამაშო დრო მიიღო, მაგრამ თავი ცუდად წარმოაჩინა.
სერია A-ს მომდევნო ტურში „ნაპოლი“ საბა საზონოვის „ტორინოს“ დაუპირისპირდება (8 მარტი, 23:45).