„გაშიფრულია, წინასწარ იციან, რას გააკეთებს“ | ფრანგი ჟურნალისტი ზურიკოს აკრიტიკებს
ფრანგი ჟურნალისტი, ჟულიან ბი, რომელიც „ბორდოს“ თამაშებზე მუშაობს, ზურიკო დავითაშვილის კრიტიკას განაგრძობს. ამჯერად, ბიმ „ტრუასთან“ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც ჟირონდელებმა 1:2 წააგეს და განაცხადა, რომ ყველა მცველმა წინასწარ იცის, ზურიკო რას გააკეთებს.
„სოციალურ ქსელებსა და ბორდოს ქომაგების ვებგვერდებზე შეურაცხყოფა მომაყენეს, რადგან ვთქვი, რომ ზურიკომ ანჟერთან გამართული შეხვედრა (გამარჯვების გოლი გაიტანა) ძალიან ცუდად ჩაატარა. გოლი გაიტანა, მაგრამ სხვა მხრივ, ძალიან ცუდი იყო. ტრუასთან მატჩს რაც შეეხება, გოლი არ გაუტანია და ისევ ძალიან ცუდი იყო.
დავითაშვილს აჩქარებები ახასიათებს, მაგრამ მცველებმა წინასწარ იციან, რომ მარჯვნივ ან მარცხნივ წავა. ყველაფერი, რასაც აკეთებს, გაშიფრულია და ვეღარ ვხედავთ სიურპრიზებს ფეხბურთელისგან, რომელსაც მათი შემოთავაზება ნამდვილად შეუძლია. არ ვამბობ, რომ ცუდი მოთამაშეა. უბრალოდ, ვთვლი, რომ ბოლო პერიოდში ცუდად გამოიყურება. ჩემი აზრით, დავითაშვილი ძალიან კარგი ფეხბურთელია და შეუძლია, უკეთესი გახდეს.
წარმოდგენა არ მაქვს, რა ხდება და ბოლო რამდენიმე მატჩში რა დაემართა. მისგან აბსოლუტურად არაფერი მინახავს და არც ბრძოლისუნარიანობა გამოუვლენია. თუ ბორდოში ან სხვა წარმატებულ კლუბში რამის მიღწევა უნდა, რაღაც უნდა შეცვალოს. თუ სურს, წარმატებას მიაღწიოს და ბორდოში ან სხვა კლუბში თავი დაიმკვიდროს, დონე უნდა ასწიოს და უფრო ბრძოლისუნარიანი გახდეს“.
ცნობისთვის, საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონის, ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში, ზურიკოს მონაწილეობა 22 შეხვედრაში აქვს მიღებული და მის ანგარიშზე 2 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა.