ჩავისთვის პრიორიტეტული 2 ტრანსფერია
უკვე დიდი ხანია გამოიკვეთა, რომ „ბარსელონა“ ზაფხულში მესის დაბრუნებას შეეცდება და ამის საკმაოდ დიდი შანსიც არის.
სერხიო ბუსკეტსის გუნდიდან წასვლის ფაქტმა მესის დაბრუნების შანსები გაზარდა. ამის შესახებ ლა ლიგის პრეზიდენტმაც აღნიშნა. სავარაუდოდ წავა ხორდი ალბაც, რომელსაც ასევე მაღალი ანაზღაურება აქვს და სახელფასო ჭერისთვის ესეც კარგი ნაბიჯი იქნება.
ესპანური Mundo Deportivo წერს, რომ ჩავისთვის პრიორიტეტს 2 ტრანსფერი წარმოადგენს - მესის დაბრუნება და „სოსიედადიდან“ მარტინ სუბიმენდის შეძენა.
წყაროს ცნობით, ჩავიმ ზუსტად იცის, ვისი ხილვა სურს გუნდში მომავალ სეზონში.
ჩავი და მისი შტაბი სუბიმენდის გაფორმებას საჭიროდ მიიჩნევენ - განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სერხიო ბუსკეტსმა გუნდის დატოვება გადაწყვიტა. მწვრთნელი მარტინს ხედავს, როგორც ყველაზე მეტად ბუსკეტსის სტილის ფეხბურთელს, რომელიც ამჟამად ბაზარზეა ხელმისაწვდომი. სოფიან ამრაბატი და გუიდო როდრიგესი ჩავის სათადარიგო ვარიანტებს წარმოადგენენ, თუმცა სუბიმენდი პრიორიტეტულია.
24 წლის ნახევარმცველს „სოსიედადთან“ არსებულ კონტრაქტში გამოსასყიდად 60 მილიონი ევრო აქვს მითითებული. სამწვრთნელო შტაბს მიაჩნია, რომ მარტინი ამხელა თანხა ნამდვილად ღირს, რადგან თვლიან, რომ ის მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე იქნება.
ჩავის პოზიცია მტკიცეა და მას საყრდენ ზონაში ბუსკეტსის სტილის მოთამაშე სურს. მწვრთნელი დე იონგის ჩამშლელად გამოყენებას არ აპირებს.
სუბიმენდიმ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 31 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.