''ოქრის'' მორიგი უარი ჰენინგ ბერგს - ქართველი ჩემპიონში არ გადავა
კვიპროსული მედიის ცნობით ქვეყნის ჩემპიონმა ''ომონიამ'' თორნიკე ოქრიაშვილს წინადადებით მიმართა, რომლის მიხედვით მოთამაშე წლიური ხელფასის სახით 300 000 ევროს მიიღებს (პლუს საბონუსე სისტემა). შეთავაზების მიხედვით მხარეები 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებენ, რომლის დასრულების შემდეგ ორმხრივი სურვილის შემთხვევაში ხელშეკრულება ერთი წლით გახანგრძლივდება.
ოქრიაშვილის მორიგი უარი ომონიას
CrystalSport-ის ცნობით ქართველმა შემტევმა ''ომონიას'' წინადადებას უარით უპასუხა. მოთამაშე კარიერის კვიპროსის ჩემპიონატში გაგრძელებას არ გეგმავს. მას უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში თამაშის ამბიცია აქვს.
CrystalSport-ის ''ომონიას'' მთავარმა მწვრთნელმა ჰენინგ ბერგმა ქართველ შემტევს ჯერ კიდევ გასულ ზამთარში დაურეკა, როცა მოთამაშე ''ანორთოსისის'' საკუთრება იყო. ოქრიაშვილის პასუხი, როგორც გასულ ზამთარში, ასევე სეზონის დასრულების შემდეგ უარყოფითია (იხილეთ). ''მანჩესტერ იუნაიტედის'' ექს-მცველს 29 წლის ქართველ გარემარბთან მუშაობის დიდი სურვილი აქვს.
კვიპროსული Sigmalive იუწყება, რომ ოქრიაშვილმა ''ომონიასთან'' სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია და მისი ბერგის კლუბში გადასვლა დროის საკითხია, თუმცა ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ''ოქრი'' ქვეყნის მოქმედ ჩემპიონში გადასვლას არ აპირებს.
ფინანსურად მიმზიდველ წინადადებას კიდევ ერთი ფაქტორი ემატება, ''ომონია'' ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს, თუმცა ''კრასნოდარის'' ექს-შემტევისთვის ამბიციების დასაკმაყოფილებლად ეს მოცემულობა საკმარისი არაა.
რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, მოთამაშე ''კრასნოდარში'' წლიური ხელფასის სახით დაახლოებით მილიონ ევროს გამოიმუშავებდა, ''ომონია'' კი დაახლოებით სამჯერ ნაკლებას სთავაზობს, თუმცა ტრავმებიდან და აქედან გამოწვეული ჩავარდნებიდან გამომდინარე ''ომონიას'' შეთავაზება ფინანსური კუთხით მიმზიდველი და საინტერესოა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს რამდენიმე ქვეყნის ჩემპიონატში იწვევენ. მათ შორის რუსეთსა და თურქეთში. გასულ ზამთარში წინადადება MLS-დან ჰქონდა, ახლა კი სამხრეთ კორეის ჩემპიონატის ერთ-ერთი კლუბი იწვევს.
შეგახსენებთ, ოქრიაშვილის მიმართ ინტერესი ათენის ''პანათინაიკოსსაც'' აქვს, თუმცა ტრანსფერის ალბათობა მიზერულია (იხილეთ).
ოქრიაშვილის პირობა ანორთოსისის პრეზიდენტს
''ანორთოსისის'' პრეზიდენტმა ეუგენიოს ამბულასმა თორნიკე ოქრიაშვილის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით ქართველი გარემარბი კარიერის გაგრძელებას კვიპროსის ფარგლებს გარეთ გეგმავს. ამბულასმა ოქრიაშვილთან შეხვედრა კვიპროსულ მედიასთან საუბარში გაიხსენა.
''თასის მოგების შემდეგ ოქრიაშვილი ჩემთან ოფისში მოვიდა. მას ვუთხარი, რომ მისი კლუბში დარჩენა, მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება გვსურდა. მან მიპასუხა, რომ ორი კვიპროსული კლუბი იწვევდა, თუმცა კარიერის გაგრძელებას კვიპროსის ჩემპიონატში აღარ გეგმავს.
მისი თქმით შემოთავაზებები, რომლებიც მან სხვა ქვეყნის კლუბებიდან მიიღო, ფინანსური და სუფთა საფეხბურთო კუთხით უფრო მიმზიდველი და საინტერესოა. სხვა კლუბების მხრიდან მიღებული წინადადებები კვიპროსული გუნდების შესაძლებლობებს ცდება.
საუბრის ბოლოს მას ვუთხარი, რომ თუ კვიპროსზე დარჩებოდა, ამის შესახებ უპირველესად ჩვენთვის ეცნობებინა და ჩვენთვის მოეცა მოლაპარაკების გამართვის უფლება. მან პირობა მომცა, რომ თუ კუნძულზე დარჩება, ''ანორთოსისი'' პირველი გუნდი იქნება, რომელთანაც მოლაპარაკებას დაიწყებს''.
''ანორთოსისში'' გატარებული პერიოდი
2019 წლის ზაფხულიდან გასული სეზონის ბოლომდე თორნიკე ოქრიაშვილი ''ანორთოსისთვის'' თამაშობდა. კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა და ამჟამად თავისუფალი აგენტია. გასული სეზონის მიწურულს კვიპროსის თასი მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ ტრავმის გამო გარკვეული პერიოდი გაუცდა, სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა და კვიპროსის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეებში ფიგურირებდა.
2020-21 წლების სეზონში, ყველა საკლუბო ტურნირის ჩათვლით, 29 წლის მარცხენა გარემარბმა 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 9 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა.