საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსი 1:0 დაამარცხა და ნანატრ, ისტორიულ შედეგამდე მხოლოდ ერთი მატჩის მოგება აშორებს.
12 ნოემბერს თბილისში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები გვესტუმრება და თუ, ისე ვითამაშებთ, როგორც ბელარუსის წინააღმდეგ, პირდაპირ გეტყვით, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა ძალიან გაგვიჭირდება.
ჩემთვის ცოტათი მოულოდნელი იყო, მაგრამ ფაქტია, რომ მაკედონიელებთან თბილისში ნათამაშები 1:1-ის დროს ვაისის გუნდი გაცილებით დამაჯერებლად გამოიყურებოდა, ვიდრე ძალიან სუსტ ბელარუსელებთან. რა თქმა უნდა, ამ ორ შეხვედრას შორის ერთი და ძალიან დიდი სხვაობა იყო - 8 ოქტომბერს გამართულ მატჩში სასწორზე გაცილებით მეტი იდო.
დღეს, ბელარუსთან გამართულ დაპირისპირებას განვიხილავ და შევეცდები პოზიტიური და ნეგატიური დეტალები ზუსტად გავაანალიზო. მოდით ყველაფერს ქრონოლოგიურად მივყვეთ:
ვაისმა შემადგენლობა გამოიცნო - ვინ გაუმართლა და ვინ ვერა
მატჩამდე ბევრი საუბარი და განხილვა იყო იმის შესახებ, თუ რა თერთმეტეულს დააყენებდა ვლადიმირ ვაისი. საბოლოოდ, სლოვაკმა სპეციალისტმა 4-2-3-1 სქემა შემოგვთავაზა, მაგრამ არა კლასიკური გაგებით - საქართველოს ნაკრებმა „ცრუ ცხრიანით“ ითამაშა.
ლორია, კაკაბაძე, კაშია და კვერკველია, რომ ძირითადში იქნებოდნენ ეს ყველამ ვიცოდით. გასარკვევი იყო ვინ დაიკავებდა მარცხენა მცველის პოზიციას.
იყო მოლოდინი, რომ ვაისი მარცხენა ფლანგზე უკვე ნაცად ვარიანტს აირჩევდა და ჯიმი ტაბიძეს გაამწესებდა, თუმცა მწვრთნელი მოულოდნელად ლაშა დვალს ენდო და მისი არჩევანი 100%-ით ზუსტი გამოდგა.
„ლაშა დვალმა მარცხენა მცველის პოზიციაზე ძალიან კარგად ითამაშა“, - თქვა ვაისმა მატჩის შემდეგ.
25 წლის ფეხბურთელი მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო იყო და უშეცდომოდ იდგა. ვფიქრობ, ვაისი მას მომავალშიც არაერთხელ გამოიყენებს.
ნახევარდაცვის ხაზში კანკავა-კვეკვესკირის დუეტის წინ ოთარ კიტეიშვილი ვიხილეთ, რომელმაც მოულოდნელად არც ისე კარგი მატჩი ჩაატარა და მწვრთნელიც იმედგაცრუებული დატოვა: „ოთარ კიტეიშვილისგან მეტს ველოდი, მას უკეთ თამაში შეეძლო“. - აღნიშნა ვაისმა შეხვედრის შემდეგ.
ამ მატჩში გამოჩნდა, რომ კიტეიშვილი მოედნის სიღრმიდან, ანუ კანკავას გვერდით თამაშისას გაცილებით ეფექტურია, ვიდრე 10 ნომრად გამწესებული.
ყველას გვახსოვს, თუ რა ჩინებულად ითამაშა მან დანიასთან მატჩში, როცა ნიკა კვეკვესკირის პოზიციაზე მოქმედებდა და მოედნის ცენტრში აბურჯანიასთან ერთად მაღალი დონის შეხვედრა ჩაატარა.
შეტევაში კვარაცხელიას, ყაზაიშვილისა და ოქრიაშვილის ფონზე კიტეიშვილი დაიკარგა. ლოგიკურად მას თამაში არ უნდა გასჭირვებოდა, მაგრამ როგორც ჩანს თავის იდეალურ კოდიციებში არ იმყოფება და ახალ სქემასაც ალღო კარგად ვერ აუღო. ამას ვაისი მალევე მიხვდა.
მეორე ტაიმში, 65-ე წუთზე მწვრთნელმა კიტეიშვილის ნაცვლად ვაკო გვილია გამოიყვანა, რაც მთლიან შეხვედრაში ვაისის მხრიდან განხორციელებული ერთადერთი სწორი ცვლილება გახლდათ.
ვაისმა აშკარდ სწორი გათვლა გააკეთა, როცა ასეთი თერთმეტეული შეარჩია. გვილია 90 წუთის სათამაშოდ მზად არ იყო.
ბელარუსელებს საკმაოდ მაღალი, ფიზიკურად ძლიერი მცველები და ზოგადად ასეთი ტიპის გუნდი ჰყავთ. მათი მთავარი იარაღი სტანდარტულები გახლდათ. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი ცენტრფორვარდებიდან სასურველ კონდიციებში არავინ იმყოფებოდა, ვაისმა აქცენტი ბურთის ფლობაზე გააკეთა და მოედანზე ერთით მეტი მოძრავი, ტექნიკური მოთამაშე დააყენა.
საერთო ჯამში საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი აქტიურად ჩაატარა. მაღალ პრესინგს თამაშობდნენ და მეტოქეს ამოსუნთქვის საშუალება არ ეძლეოდა.
თუმცა, ეს მხოლოდ შეხვედრის ერთი მხარეა. მატჩი ორი ტაიმისგან შედგება, ჩვენმა მწვრთნელმა კი მეორე ნახევარი ამჯერადაც ჩააგდო.
რას გვეუბნება სტატისტიკა? ვაისის გუნდი ერთ ტაიმს კვლავ აგდებს...
ასეთ შეხვედრებში სტატისტიკას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ მატჩმა კი საკმაოდ საინტერესო რამ დაგვანახა.
ჯერ დადებითზე ვთქვათ. ჩვენმა გუნდმა დაცვითი სამუშაო იდეალურთან მიახლოებულად შეასრულა და ამ მხრივ მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა.
ასეთი დონის შეხვედრაში მეტოქეს კარში დარტმის საშუალება არ მივეცით, საპასუხოდ კი ჩვენ 7-ჯერ დავურტით, რომელთაგან გოლის გარდა 2-3 მათგანი საკმაოდ სახიფათო იყო.
მეტოქის მთავარ პლუსს სტანდარტულები წარმოადგენდა, ეს ვაისმა სწორად გათვალა და მათ მხოლოდ 2 კუთხურის მოწოდება შეძლეს. ჩვენი ფეხბურთელები საჯარიმოს მისადგომებთან ძალიან იშიათად ჯარიმდებოდნენ და მეტოქეს სახიფათო სტანდარტის შესრულების საშუალებას არ აძლევდნენ.
ამ მხრივ ვაისმა უდაოდ ჩინებულად იმუშავა.
ახლა ნეგატივზე გადავიდეთ. შეტევები, სახიფათო შეტევები, გადაცემების რაოდენობა და ზუსტი გადაცემების პროცენტული მაჩვენებელი - შემადგენლობიდან გამომდინარე საქართველოს ნაკრებს სოლიდური, თუ არა უპირატესობა უნდა ჰქონოდა, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა.
ძირითადად თანაფარდობა იყო, მეტოქემ ოდნავ გვაჯობა კიდეც, რაც ასეთი დონის ნაკრებთან სრულიად მიუღებელი შედეგია.
საერთო სტატისტიკური მონაცემები ასე გამოიყურება:
როგორც უკვე აღვნიშნე პირველი ტაიმი ძალიან კარგად ჩავატარეთ. ამას სტატისტიკაც გვეუბნება. საქართველოს ნაკრებს პირველ ნახევარში 80 შეტევა ჰქონდა, მეტოქეს მხოლოდ 56. აქედან სახიფათო შეტევა 26 გვქონდა, მეტოქეს კი 11.
კარისკენ 3-ჯერ დავარტით და ყველა კარში წავიდა. ბელარუსელებმა კი 1 და ისიც ძალიან არაზუსტი დარტყმა შეასრულეს.
მეორე ტაიმში ვითარება რადიკალურად შეიცვალა. თუ, პირველ ტაიმში ბურთს 43%-ით ვფლობდით, მეორე ნახევარში მაჩვენებელი 61%-მდე გავზარდეთ, მაგრამ ეს უპირატესობა საერთოდ არაფერში გამოგვიყენებია.
მეტოქემ შეტევების რაოდენობა 72-44-ზე გაგვიხადა და გვაჯობა. აქედან მათ 47 სახიფათო იერიში ჰქონდათ, ჩვენ კი 34.
საბედნიეროდ დაცვამ უმაღლეს დონეზე ითამაშა და ბელარუსელებს გოლის გატანის მხოლოდ 1 შანსი ჰქონდათ, რომელიც კარს ასცდა.
„დაცვის ხაზი საკმაოდ სტაბილური იყო და მათ მაღალი დონის ფეხბურთი აჩვენეს“. - აღნიშნა ვაისმა პრესკონფერენციაზე.
მეორე ნახევარში ჩვენმა ნაკრებმა დაგვანახა, თუ როგორ არ უნდა ვითამაშოთ 12 ნოემბერს ფინალში მაკედონიასთან. ბურთს ძირითადად ქართველი ფეხბურთელები აკონტროლებდნენ, მაგრამ მეტოქე ჩვენგან წნეხს ვეღარ გრძნობდა.
მე-60 წუთს შემდეგ ნელ-ნელა, სულ უფრო და უფრო გვიჭირდა მწვავე იერიშების განხორციელება. ჩვენი შემტევები დაიღალნენ, მწვრთნელმა კი ტრადიციულად ცვლილებები დააგვიანა.
ასეთ დროს, როცა მეტოქის ნახევარზე ხეირიანად გადასვლა გიჭირს, უმჯობესია მინდორზე ტანმაღალი ცხრიანი გყავდეს და მისი მისამართით მაღალი გადაცემები განახორციელო, რათა შეტევებისას მინიმუმ ორი ვარიანტი გქონდეს.
ვაისმა ქვილითაია 89-ე წუთზე შეიყვანა. უკვე ძალიან გვიანი იყო. შენგელიასა და ლობჟანიძეს ჩემი აზრით 15-20 წუთი მაინც უნდა მისცემოდათ. ფიზიკურად ორივე მათგანი ძლიერია, სწრაფია და მეტოქის დაღლილ მცველებს წნეხის ქვეშ მოაქცევდნენ.
ვაისმა 1 თვის წინანდელ შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგაც სწორედ მსგავსი შეცდომები დაუშვა და მეორე ნახევარში დაგვიანებული, მცდარი შეცვლები განახორციელა.
ჩვენი მწვრთნელი ზედმეტად ენდობა თავის მიერ შერჩეულ თერთმეტეულს და ზედმეტად არ ენდობა ხოლმე თადარიგში დარჩენილ მოთამაშეებს.
ასეთი დონის შეხვედრებში დროულად მოქმედება და საჭირო მომენტში აუცილებელი შეცვლების გაკეთებაა საჭირო. ცალსახაა, რომ ვლადიმირ ვაისმა მასში ეს ნაკლი დღემდე ვერ აღმოფხვრა და მატჩის სცენარის შეცვლა მის მთავარ მინუსად რჩება.
როგორ გამოთიშა მეტოქემ თამაშიდან კვარაცხელია - ვაისის მორიგი შეცდომა
ხვიჩამ მატჩი ტრადიციულად აქტიურად დაიწყო და თავისი დრიბლინგით რამდენიმე სახიფათო მომენტი მალევე შექმნა, ერთ-ერთს კი პენალტი და გოლი მოჰყვა.
კვარამ მსგავსად ითამაშა მაკედონიის წინააღმდეგაც, როცა მეტოქის დაცვის მარცხენა ფრთას ძალიან ბევრი პრობლემა შეუქმნა.
როგორ მიუდგა ბელარუსის ნაკრები ხვიჩას? მეტოქე მძიმე და ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებულ კოლექტივს წარმოადგენს. 19 წლის კვარაცხელიას 4-5 მომენტში ძალიან უხეშად ჩაარტყეს და მას რამდენიმეჯერ წამოდგომაც გაუჭირდა.
ტექნიკური და ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელების წინააღმდეგ, ეს ერთგვარი ნაცადი ხერხია. უხეშობისა და ტრავმის ზღვარზე თამაშის შედეგად, ხვიჩა თამაშიდან გამოითიშა. მეორე ტაიმში ის ისეთივე აქტიური ვეღარ იყო.
პოპულარულმა გამოცემა SofaScore-მა ხვიჩა კვარაცხელიას თამაში 6.3 ბალით შეაფასა, რაც ორივე გუნდის რიგებში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გამოდგა - ამაზე დაბალი მხოლოდ ბელარუსთა მარცხენა გარემარბ პაველ ნეხაიჩიკს დაუწერეს.
მეორე ტაიმში დაახლოებით 70-ე წუთიდან კვარას ეტყობოდა, რომ გადაღლილი და გამოფიტული იყო. ის დრიბლინგებს თითქმის აღარ ახორციელებდა. ვაისს ის დროულად უნდა შეეცვალა, თუმცა ეს 89-ე წუთამდე არ გააკეთა.
გუნდი აშკარად გადაწყობას საჭიროებდა, რაც ბოლო წუთებზე ნერვიულობას აგვარიდებდა.
ხვიჩა კვარაცხელიას ჩაგდებული მეორე ტაიმი მხოლოდ მეტოქე მცველების უხეშობის დამსახურება არ ყოფილა...
მნიშვნელოვანი ფაქტი:
აღსანიშნავია, თუ როგორ იყენებს ვაისი ხვიჩას ნაკრებში და როგორ იყენებენ მას „რუბინში“ თამაშისას. ლეონიდ სლუცკი ქართველ შემტევს მარცხენა გარემარბად ამწესებს და მას დაცვითი ფუნქციებისგან სრულად ათავისუფლებს.
„რუბინში“ მეტოქის იერიშების დროს ხვიჩა თითქმის ყოველთვის შეტევაში რჩება და ელოდება, თუ როდის გადაუგდებენ მას ბურთს, რათა კონტრშეტევაზე გაიქცეს.
ნაკრებში კი ვაისი მარჯვენა ფლანგზე ათამაშებს და კვარაცხელია ამ პოზიციაზეც ჩინებულია, თუმცა სლოვაკი სპეციალისტი მას დაცვაში ზედმეტდ ბევრს ამუშავებს.
ხვიჩა კაკაბაძეს ხშირად აზღვევს და ამას საკმაოდ კარგადაც აკეთებს, თუმცა ეს ყველაფერი მის ფიზიკურ კონდიციებზე ისახება და მეორე ტაიმის შუაწელს მას დაღლა ეტყობა.
როცა მოედანზე 4 მცველი და პლუს ამას 3 ცენტრალური ნახევარმცველი გვყავს, რომელთაგან ყველა ძირითადად მეტოქის შეტევების ჩაშლაზეა დახელოვნებული, ასეთ დროს, შენი გუნდის შემტევი არსენალიდან ერთადერთ ნათელ წერტილს უნდა გაუფრთხილდე და მისი ენერგია მაქსიმალურად დაზოგო, რათა შეტევაში 100%-ით გამოიყენო.
ჩემი აზრით ვაისი ამაში ძალიან ცდება. კაკაბაძის დაზღვევა რომელიმე საყრდენ ნახევარმცველს შეუძლია, ან თუნდაც დროებით ოქრიაშვილის ფლანგზე გადაწევაც სრულიად შესაძლებელია. ოქრის ამ პოზიციაზე არაერთხელ უთამაშია.
ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა და ვთვლი, რომ ხვიჩასნაირი მარგალიტი 90 წუთის განმავლობაში უნდა გამოვიყენოთ. არასწორია, როცა მწვრთნელი მას დაცვაში მუშაობით ღლის და მეორე ტაიმში ჩვენი მთავარი იარაღი გამოფიტულია ხოლმე. ამან შესაძლოა ძალიან ცუდ შედეგამდე მიგვიყვანოს.
აშკარაა, რომ „რუბინში“ ხვიჩას გაცილებით სწორად იყენებენ, ვიდრე საქართველოს ნაკრებში.
რა დავინახეთ ამ სქემით თამაშისას - პლუსები და მინუსები
დაცვამ უმაღლეს დონეზე ითამაშა. მათ მიმართ პრეტენზიები ვერ გვექნება.
რაც შეეხება ნახევარდაცვას. დავინახეთ, რომ ამ სქემაში ფორვარდის უკან კიტეიშვილის გამწესებას გვილიას გამოყენება ჯობია. იქამდე მაინც, სანამ „კიტე“ სასურველ ფორმაში შევა და ახალ ფუნქციებს ალღოს აუღებს.
ვაკოს გოლის ალღო აქვს, კარში ხშირად ურტყამს და ორთაბრძოლებისასაც ძალიან კარგია. მეორე სართულზეც კარგად იბრძვის.
ასევე დავინახეთ, რომ თუ ნიკა კვეკვესკირი ყველა პრინციპულ მატჩს ასეთ დონეზე ჩაატარებს, ის შეუცვლელი ფიგურაა.
ჯაბა კანკავაზე რა უნდა ვთქვა, ჩვენ კაპიტანს ცალკე სტატია სჭირდება. უბრალოდ ლეგენდაა და მისი როლი განუსაზღვრელად დიდია. მორიგი უმაღლესი დონის შეხვედრა ჩაატარა და დაღლა საერთოდ არ დატყობია - 10/10.
ვაკო ყაზაიშვილისგან გაცილებით მეტს ველით. ბელარუსთან მატჩში მან თითქმის ყველა ბურთი კარგად გააჩერა, შეინარჩუნა, ცრუმოძრაობებს სწორ დროს ასრულებდა და ბურთის ამოტანისას ძალიან სტაბილური იყო. ტექნიკური წუნი მას იმდენად არ ჰქონია.
მაგრამ - ვაკო სასურველ ფორმაში აშკარად არ არის. ბოლო რამდენიმე ტურია „სან ხოსეში“ ის ცვლილებაზე თამაშობს. ძირითადში ადგილი დაკარგა. იმედი ვიქონიოთ, რომ 1 თვის შემდეგ, გაცილებით კარგ ფორმაში მყოფ ყაზაიშვილს ვიხილავთ, რადგან მისი დრიბლინგები ისე გვჭირდება როგორც არასდროს.
კვარაცხელიას შესახებ ზემოთ უკვე გესაუბრეთ. ვაისმა მისი ასე გამოყენება უნდა შეწყვიტოს.
მივედით ოქრიაშვილამდეც. თორნიკე უბრალოდ შეუდარებელი იყო. ფიზიკურად უკვე კარგა ხანია იდეალურ კონდიცებშია. მან 1 თვის წინანდელ შეხვედრებშიც სრულად ითამაშა და დღესაც ძალიან მაგრად იმუშავა. იბრძოდა, არ ჩერდებოდა, პოზიციებს იცვლიდა, ამწვავებდა - 10/10.
12 ნოემბრამდე კარგი იქნება, თუ შეტევაში თამაშს კიდევ უფრო მოუმატებს და მის ტექნიკურ არსენალს გააუმჯობესებს.
"თორნიკე ოქრიაშვილი შესანიშნავი ფეხბურთელია. დიდი მადლობა თემურ ქეცბაიას, მასთან ყოფნით ქართველი ფეხბურთელები ფორმას იბრუნებენ და მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვთ, თუმცა ვფიქრობ თორნიკე ოქრიაშვილი უფრო მაღალ დონეზე თამაშს იმსახურებს ვიდრე კვიპროსის ჩემპიონატია", - აღნიშნა ვაისმა მატჩის შემდეგ.
რას ველით მაკედონიასთან და რა უნდა გამოვასწოროთ ამ 1 თვეში
პირველ რიგში იმედი დავიტოვოთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძე უახლოეს ერთ თვეს მხოლოდ ფორმის აღდგენისთვის გამოიყენებს და ის მეტ ტრავმას აღარ მიიღებს.
ასევე, იმედი უნდა გვქონდეს, რომ ჩვენი ფორვარდები უკეთეს ფორმაში შევლენ. ქვილითაიას, კაჭარავას, ლობჯანიძეს - სამივე მათგანს სათამაშო პრაქტიკა აქვს და გოლებიც გააქვთ. ეს ტენდენცია უახლოეს თვეში უნდა შენარჩუნდეს.
იმედი დავიტოვოთ, რომ ვაისი ბუდუ ზივზივაძეს განაცხადში მაინც შეიყვანს, რომელიც გოლების გატანას არ წყევტს და თვლის, რომ ნაკრებში მოხვედრას იმსახურებს.
“უკმაყოფილებას გამოვხატავ, რადგან ჩემი აზრით ვიმსახურებ განაცხადში ყოფნას, თუმცა ჩემი სიტყვები ბევრმა ცუდად გაიგო, უარყოფითი შინაარსის კომენტარები წავიკითხე. მინდა მათ ვუთხრა, რომ არ ვამბობ, რომ საქართველოს ნაკრებში თავდამსხმელის პრობლემას მოვაგვარებ, საუკეთესო ვარ ან აუცილებლად ძირითად შემადგენლობაში უნდა ვითამაშო. პრეტენზია მაქვს, რომ განაცხადში ვიყო, რაც ჩემი აზრით უმიზეზოდ არ გამაჩნია და დაუმსახურებელს არაფერს ვამბობ“, - განაცხადა ბუდუ ზივზივაძემ CrystalSport-თან ინტერვიუში.
მომენტების რეალიზება - ეს ის გადაუჭრელი პრობლემაა, რომელიც ჩვენ ნაკრებს დღემდე აქვს და ბელარუსთან მატჩში კიდევ ერთხელ გამოჩნდა. ვფიქრობ, ასეთ ვითარებაში ზივზივაძისნაირი ფორვარდი გვჭირდება, რომელსაც რეალიზების პრობლემა ნაკლებად აქვს.
მაკედონიასაც და ბელარუსსაც თამაშიდან ვერ გავუტანეთ. ორივეჯერ თერთმეტმეტრიანი გამოვიყენეთ. ეს დიდი პრობლემაა და მწვრთნელმა ამას უნდა მიხედოს.
იმედი მინდა დავიტოვო, რომ „დინამო არენაზე“ მინდვრის საფარი 1 თვის შემდეგ კარგ მდგომარეობაში იქნება. მაკედონიასთან და ბელარუსთან შეხვედრებისას ძალიან სავალალო სურათი ვიხილეთ.
ფეხბურთელებს მინდორზე ფეხი უცდებოდათ და ამის გამო ბევრი ტექნიკური წუნი იყო. უბრალოდ სირცხვილია, რომ ასეთ ისტორიულ შანსს ვიღებთ და ელემენტარულად მინდორი მზად არ არის...
ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ - ეს ფრაზა ჩვენთვის ძალიან უცხოა და ამავდროულად სასიამოვნოც, რადგან წლების მანძილზე სულ ვისმენდით და ვხედავდით, რომ კარგად ვითამაშეთ, ბიჭებმა მოედანზე ყველაფერი დადეს, მაგრამ წავაგეთ. არ გაგვიმართლა.
პირადად მე, ამ შემთხვევაში ნამდვილად მაწყობს, რომ უსახურად ვითამაშოთ, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის საგზური გავიფორმოთ. ამას რა თქმა უნდა, ქომაგის გადმოსახედიდან ვამბობ, ისე კი მაკედონიასთან მატჩამდე მწვრთნელს ძალიან ბევრი სამუშაო აქვს, რომ ბელარუსთან შეხვედრაში დაშვებული შეცდომები არ განმეორდეს.
P.S. 12 ნოემბერს ჩვენ ნაკრებს მაყურებლის თანადგომა დაჭირდება. ეს ფინალია და ეს სრულიად განსხვავებული მატჩი იქნება. დიდი იმედი მაქვს, რომ მთავრობა მორიგ გაუაზრებელ გადაწყვეტილებას არ მიიღებს და ამ ისტორიულ შანსს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებს. ყველამ კარგად დავინახეთ, თუ რა ხდებოდა „დინამო არენას“ შესასვლელთან და რამდენმა ხალხმა მოიყარა თავი დიდ მონიტორთან. დისტანცია არავის დაუცავს და პირბადეც ცოტას თუ ჰქონდა.
მთავრობის ცალსახად გაუაზრებელმა გადაწყვეტილებამ ეს შედეგი მოიტანა - ამ ქომაგებს შეეძლოთ ნაკრებისთვის მხარი ტრიბუნებიდან დაეჭირათ. 54 ათასიან სტადიონზე 16 ათასი ადამიანი დისტანციის დაცვით (დაახლოებით 3 სკამის გამოტოვებით) სრულიად თავისუფლად დაჯდებოდა, თანაც ეს ყველაფერი ღია ცის ქვეშ მოხდებოდა დ არა სადმე დახურულ კარს მიღმა.
უდაოა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებამ ვირუსის გავრცელების საფრთხეს პირიქით ხელი შეუწყო. მატჩზე დაშვების შემთხვევაში ის არ მოხდებოდა, რაც ვიხილეთ.
პოლიტიკურ პარტიებს ათასობით მხარდამჭერთან ერთად აქციების გამართვის ნება აქვთ, ათასობით ქომაგს სტადიონთან შეკრების უფლება ეძლევა, მაგრამ ტრიბუნებზე დისტანციურად და ყველა წესის დაცვით შესვლა არ შეიძლება. ლოგიკა სად არის?!
იმედს ვიტოვებ, რომ გულშემატკივრები გაერთიანდებიან, სტადიონზე დაშვების მოთხოვნა დროული, საერთო და მასშტაბური ხასიათის გახდება. მხოლოდ სოციალური ქსელებიდან კომენტარებითა და პოსტებით არაფერი გამოვა.
ფოტომასალა - GFF