ზივზივაძე ვაისზე: ''მის აზრს პატივს ვცემ, მაგრამ ნაკრებში ყოფნას ვიმსახურებ''
Aa
Aa

ზივზივაძე ვაისზე: ''მის აზრს პატივს ვცემ, მაგრამ ნაკრებში ყოფნას ვიმსახურებ''

უნგრეთის ჩემპიონატის გასულ ტურში ''მოლ ფეჰერვარმა'' საკუთარ კედლებში გიორგი ბერიძის ''უიპეშტი'' 5:1 გაანადგურა. გამარჯვებულთა მხრიდან ბუდუ ზივზივაძემ გოლით და საგოლე პასით გამოიჩინა თავი, ხოლო სტუმართა შორის ერთადერთი გოლი ბერიძემ შეაგდო.

26 წლის ბუდუ ზივზივაძე ''მოლ ფეჰერვარის'' ფეხბურთელი გასულ ზაფხულში გახდა. უნგრეთის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის ფორვარდი ფიქრობს, რომ ეროვნულ ნაკრებში გამოძახებასა და განაცხადში ყოფნას იმსახურებს. მოთამაშე ნაკრებში გამოუძახებლობით უკმაყოფილოა და აზრს ღიად აფიქსირებს.

ბუდუ ზივზივაძე CrystalSport-ს ესაუბრა.

- ''უიპეშტთან'' გოლის შემდეგ თვალებზე ხელები აიფარე და ამ ფორმით ვაისის გადაწყვეტილების მიმართ პროტესტი გამოხატე. როგორ ფიქრობ შენი ასეთი თამამი ჟესტი სამომავლოდ ნაკრებში მოხვედრის შანსს ხომ არ გიმცირებს?

არ ვთვლი, რომ ეს თამამი ჟესტი იყო. უბრალოდ გოლი ამგვარად, თვალებზე ხელების აფარებით აღვნიშნე, სულ ეს იყო. რაც შეეხება სამომავლო შანსებს, ამას დრო გვიჩვენებს. ყველაფერს ვაკეთებ, რომ სანაკრებო შანსი მივიღო და ამ შანსს დაველოდები, სანამ ფეხბურთს ვთამაშობ.

ზივზივაძის გოლი და ჟესტი ვაისის მიმართ

- როცა ფეხბურთელები ნაკრებში ვერ ხვდებიან, ხშირად მათი პასუხი დიპლომატიურია. ამბობენ, რომ ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია და მის აზრს პატივს სცემენ, მაგრამ შენ ღიად გამოხატავ უკმაყოფილებას. რატომ ფიქრობ, რომ ეს უფრო სწორი ნაბიჯია ?

მართალია და მეც ძალიან ბევრჯერ მითქვამს, რომ მწვრთნელის გადასაწყვეტია და მის აზრს პატივს ვცემ. სწორედ ამას ვამბობდი, როცა ეროვნულ ლიგაში ან ''მეზოკოვეშდის'' რიგებში ვთამაშობდი. უკმაყოფილებას გამოვხატავ, რადგან ჩემი აზრით ვიმსახურებ განაცხადში ყოფნას, თუმცა ჩემი სიტყვები ბევრმა ცუდად გაიგო, უარყოფითი შინაარსის კომენტარები წავიკითხე. მინდა მათ ვუთხრა, რომ არ ვამბობ, რომ საქართველოს ნაკრებში თავდამსხმელის პრობლემას მოვაგვარებ, საუკეთესო ვარ ან აუცილებლად ძირითად შემადგენლობაში უნდა ვითამაშო. პრეტენზია მაქვს, რომ განაცხადში ვიყო, რაც ჩემი აზრით უმიზეზოდ არ გამაჩნია და დაუმსახურებელს არაფერს ვამბობ.

- ქომაგთა და ჟურნალისტთა გარკვეული ნაწილი იზიარებს აზრს, რომ ნაკრებში შანსს იმსახურებ და შენი გამოუძახებლობის გამო ვაისს აკრიტიკებენ. სლოვაკი სპეციალისტის მიმართ უკმაყოფილების გამოხატვით მასზე ზეწოლის გაზრდას ცდილობ? 

არანაირ ზეწოლას არ ვზრდი და ეს განზრახვა არ გამაჩნია, არც არასდროს გამაჩნდა ვინმეს მიმართ. უკმაყოფილებას გამოვხატავ, რადგან მსურს ეროვნული ნაკრების წევრი ვიყო.

 

 -  როცა ''ფერენცვაროში'' ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა, სოციალურ ქსელში ირონიულად დაწერე: ‘‘უბნის ჩემპიონატი, როგორც ბევრი ქართველი უწოდებს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვდა’’. როგორ ფიქრობ ნაკრებში შენს კონკურენტებთან შედარებით უფრო ძლიერ ჩემპიონატში თამაშობ?

ძალიან ბევრი ქართველი გულშემატკივარი ამბობს, რომ უნგრეთის ჩემპიონატი უბნის ჩემპიონატია და დაბალი დონეა, მაგრამ ალბათ არ უნახავთ რამდენად დიდი პროგრესია უნგრულ ფეხბურთში. ზედიზედ 4 წელია უნგრული კლუბები ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპებზე ხვდებიან. მიმდინარე სეზონში უნგრეთის ჩემპიონმა ''ფერენცვაროშმა'' ჩემპიონთა ლიგის ყველა საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა და ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა. არ ვთვლი, რომ ვინმეზე უფრო ძლიერ ჩემპიონატში ვთამაშობ, მაგრამ ვთვლი, რომ საკმაოდ ძლიერ ჩემპიონატში გამოვდივარ. უნგრული საფეხბურთო ლიგა დონით ჩემი კონკურენტების ჩემპიონატებს არაფრით ჩამოუვარდება.

- როგორ ფიქრობ რამდენად რეალურია, რომ მიმდინარე სეზონში უნგრეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდე?

დიდი სურვილი მაქვს. მინდა შედეგი გავაუმჯობესო და გასულ სეზონთან შედარებით უფრო მეტი გავიტანო. 4 ტურში 2 გოლი შევაგდე, თუმცა სასტარტოში მხოლოდ ერთხელ მოვხვდი. მოედანზე უფრო დიდი დრო რომ გამეტარებინა, უფრო მეტს შევაგდებდი. გუნდში დიდი კონკურენცია და მე კონკურენციისთვის მზად ვარ. ვშრომობ, რომ სასტარტოში სტაბილურად ვითამაშო. თუ სასტარტოში ხშირად მოვხვდები, ბომბარდირობა რეალური მგონია.

ფოტო: molfehervarfc.hu, gettyimages

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები