მესი და რონალდუ მუნდიალებზე: სრული სტატისტიკა - ისინიც ადამიანები ყოფილან!
ლეო მესიმ და კრიშტიანუ რონალდუმ 2008 წლიდან დღემდე საფეხბურთო სამყაროს დაუვიწყარი 10 წელი აჩუქეს.
მათ პაექრობაში ჩარევა ვერავინ მოახერხა. ათი წელი და თითოეულ მათგანს 5-5 ოქროს ბურთი - ეს უბრალოდ დაუჯერებელი შედეგია!
ამ ორმა მონსტრმა ყველანაირი რეკორდი დაამხო. მათ ანგარიშზე იმდენი გოლია, რომ პროცენტულად ეს ყველაფერი უბრალოდ დაუჯერებელია.
„ბარსელონასა“ და „რეალში“ ორივე მათგანი შემზარავად და შეუჩერებლად გამოიყურება, თუმცა სულ სხვა ვითარებაა სანაკრებო დონეზე, სადაც მესიც და რონალდუც უბრალო მოკვდავებს გვანან.
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ორმა ფენომენმა გამოსვლა ერთ დღეს დაასრულა. არგენტინა და პორტუგალია მუნდიალს მერვედფინალიდან დაემშვიდობნენ.
მათი სტატისტიკური მონაცემები საკლუბო დონეზე გამაოგნებელია, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც ორივე მათგანს საკმაოდ მოკრძალებული შედეგები აქვს.
მოდით დავიწყოთ თავიდან, ანუ 2006 წლიდან. გერმანიის მსოფლიო ჩემპიონატზე მესისა და რონალდუს სამუნდიალო დებიუტი შედგა.
ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს სტატისტიკა მსოფლიო ჩემპიონატებზე
მესი
„ლა პულგამ“ (რწყილი) რონალდუს მსგავსად ჯამში 4 მუნდიალზე ითამაშა. მისი მონაგარი ასეთია:
მატჩი - 19
გოლი - 6
საგოლე გადაცემა - 5
მესის ყველა გოლი და ყველა ასისტი მუნდიალებზე
კრიშტიანუ რონალდუ
მატჩი - 18
გოლი - 7
საგოლე გადაცემა - 2
რონალდუს ყველა გოლი და ყველა ასისტი მუნდიალებზე
დიდ ინტერესს იწვევს მესისა და რონალდუს სტატისტიკა მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის შემდეგ ჩატარებულ საპლეიოფო შეხვედრებში, სადაც მათი შედეგიანობა საგრძნობლად იკლებს.
მესის პლეი-ოფები
ჯამში ლეოს ნათამაშები აქვს 756 წუთი და მისი მონაგარი 0 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.
რონალდუს პლეი-ოფები
ჯამში კრიშტიანუს ნათამაშები აქვს 454 წუთი და მისი შედეგი ასეთია - 0 გოლი და 0 საგოლე გადაცემა.
ამჟამად რონალდუ 33 წლის არის, ხოლო მესი 31-ის.
მომდევნო მუნდიალს 2022 წელს ყატარი უმასპინძლებს და რთული წარმოსადგენია, რომ 37 წლის რონალდუმ და 35 წლის მესიმ კვლავ ნაკრებში ითამაშონ და მათი შესაძლებლობები ისეთივე იყოს როგორიც დღეს არის.
ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ საკლუბო და სანაკრებო ფეხბურთი სხვადასხვა განზომილებაა.
ისტორიაში თითებზე ჩამოსათვლელია ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც საკლუბო დონეზე ყველაფერი მოიგეს და პლუს ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონებიც გახდნენ.
თანამედროვე ფეხბურთში ტურნირებს გუნდები იგებენ და არა ფეხბურთელები. რეალობა ასეთია.
რონალდუსა და მესის დღეს ისეთი დონის ნაკრებები არ ჰყავთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეძლონ. ამ ფაქტს ორივე მათგანის მილიონობით გულშემატკივარი უნდა შეეგუოს.
უახლოეს დღეებში მესიც და რონალდუც თავიანთ გადაწყვეტილებას გაასაჯაროებენ და გვეცოდინება დასრულდება, თუ არა მათი სანაკრებო კარიერა.